კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა შეისწავლეს, რა სიჩქარით შეუძლია ადამიანის ტვინს ინფორმაციის გაანალიზება. შედეგების მიხედვით, ჩვენი გონება მოსალოდნელზე ნელა მუშაობს.

ნაშრომმა აჩვენა, რომ ადამიანის ტვინი ინფორმაციას სულ რაღაც 10 ბიტი წამში სიჩქარით ამუშავებს. ეს მაშინ, როცა კომპიუტერები ყოველ წამში ტრილიონობით მოქმედებას ასრულებს. მეცნიერების აზრით, ამ ტიპის ანალიზისგან განსხვავებით, ჩვენი ფიქრი იმიტომაა ნელი, რომ აზრებს სათითაოდ ვამუშავებთ და არა პარალელურად.

პერიფერიული ნერვული სისტემა სხვაგვარად ფუნქციონირებს. სენსორულ ინფორმაციას იგი ერთდროულად აგროვებს, თანაც წამში გიგაბიტებს, ეს კი ჩვენს 10-ბიტიან შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აღემატება.

ასევე იხილეთ: რამდენი ბაიტია ადამიანის ტვინი? — კვლევები ჩვენს "ოპერატიულ მეხსიერებაზე"

კვლევა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ნეირობიოლოგებმა ჩაატარეს, ძიეიუ ჭენგმა და მარკუს მეისტერმა. მათთვის გაუგებარია, რატომაა ასეთი აცდენა მიღებულ ინფორმაციასა და მისი დამუშავების სიჩქარეს შორის.

"ყოველ წამს მხოლოდ 10 ბიტ ინფორმაციას ვიღებთ იმ ტრილიონიდან, რომლებსაც ჩვენი გრძნობათა ორგანოები მოიპოვებს, და ამ 10-ს ვიყენებთ, რათა გარე სამყარო აღვიქვათ და გადაწყვეტილებები მივიღოთ", — ამბობს მეისტერი — "ეს პარადოქსს ქმნის: რას აკეთებს ტვინი მთელი ამ ინფორმაციის გასაფილტრად?"

ნაშრომში ჭენგი და მეისტერი ამტკიცებენ, რომ ჩვენი ტვინი წამში ათობით ბიტზე მეტს იშვიათად აანალიზებს. მათი თქმით, სულ რაღაც წამში 12 ბიტზე ნაკლები სიჩქარეა საჭირო, რომ რუბიკის კუბი თვალახვეულებმა ავაწყოთ; სტრატეგიული თამაშის, StarCraft-ის, პროფესიონალურად სათამაშოდ ეს მაჩვენებელი დაახლოებით წამში 10 ბიტი იქნება; ამ სტატიის წასაკითხად, შესაძლოა, 50 ბიტი წამში სიჩქარეც დაგჭირდეთ, თუნდაც დროებით.

მკვლევრები ამბობენ, რომ თვალდახუჭულ მდგომარეობაში რუბიკის კუბის ასაწყობად წამში 12 ბიტზე ნაკლები სიჩქარეა საჭირო.

ფოტო: Nur Kayat's Images/Canva

როგორც ავტორები განმარტავენ, ბევრი კვლევით არაა შესწავლილი, თუ რატომაა შეუსაბამობა გარე სტიმულის დამუშავებასა და "შიდა ტვინის" გამოთვლებს შორის.

ადამიანის ტვინი ძალიან მძლავრია, როცა საქმე წმინდად ანალიტიკურ ძალაზე მიდგება. შიგნით არსებული დაახლოებით 80 მილიარდი ნეირონია, რომლებიც ტრილიონობით კავშირს წარმოქმნის; ესენი ისეა დაჯგუფებული, რომ ცხოვრების გასაგრძელებლად შეგრძნების, წარმოდგენისა და დაგეგმვის უნარები მოგვცეს.

ასევე იხილეთ: ტვინის რამდენ პროცენტს ვიყენებთ ადამიანები?

ამის საპირისპიროდ, დროზოფილებს დაახლოებით ასიათასი ნეირონი აქვთ. ეს სრულებით საკმარისია იმისთვის, რომ საკვები მოიძიონ, იფრინონ და სხვა დროზოფილებთან იურთიერთონ. მაშ, რატომ არ შეიძლება, ადამიანის ტვინიც დროზოფილების გუნდივით მუშაობდეს, სადაც თითოეული ნაწილი წამში რამდენიმე ბიტს ამუშავებს, საერთო ჯამში კი ძალიან დიდი სიჩქარით მოქმედებს?

ცალსახა პასუხები არ არსებობს, თუმცა ჭენგი და მეისტერი ფიქრობენ, რომ, შესაძლოა, ეს საჭიროებით ანდა საჭიროების ნაკლებობით აიხსნას.

"ჩვენმა წინაპრებმა ისეთი გარემო აირჩიეს, სადაც სამყარო საკმარისად ნელია, რომ გადარჩენა მოხერხდეს", — წერენ მკვლევრები — "რეალურად, წამში 10 ბიტი მხოლოდ ყველაზე ცუდ სიტუაციებშია საჭირო, უმეტესად კი ჩვენი გარემო ბევრად ნელა იცვლება".

მეცნიერთა განმარტებით, სხვა სახეობებში გადამუშავების სიჩქარეზე შედარებით ნაკლები კვლევაა ჩატარებული. მეორე მხრივ, მათი მიგნება იმ მოსაზრებას ამყარებს, რომ ჩვენი გარემო მხოლოდ ისეთი სიჩქარით იცვლება, რომ გადაწყვეტილებების მიღებისთვის წამში 10 ბიტი სიჩქარე იყოს საჭირო.

იმის გაგება, თუ როგორ განვითარდა ჩვენი ტვინი, საჭირო ცოდნას მოგვცემს, რათა ხელოვნური ინტელექტი გავაუმჯობესოთ და იმგვარად შევცვალოთ, რომ ჩვენი აზროვნების უნიკალურ ყაიდას მოვარგოთ. ასე მინიმუმ იმის გაგებას შევძლებთ, თუ რა უპირატესობა აქვს ნელ აზროვნებასა და ერთ საკითხზე ფოკუსირებას.

მკვლევართა ნაშრომი გამოცემა Neuron-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.