ამ ეგზოპლანეტაზე შესაძლოა, ოკეანე იყოს — ვების ტელესკოპის ახალი მიგნება
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა დედამიწიდან 120 სინათლის წლის მოშორებით მდებარე ეგზოპლანეტაზე K2-18 b მეთანისა და ნახშირორჟანგის კვალი დააფიქსირა. ეს შესაძლოა, ნიშნავდეს, რომ მისი ზედაპირი ოკეანითაა დაფარული და წყალბადით მდიდარი ატმოსფერო აქვს.
K2-18 b ჩვენს მშობლიურ ციურ სხეულზე 8.6-ჯერ მასიურია. ის K2-18-ის სახელით ცნობილი ვარსკვლავის გარშემო სასიცოცხლო ზონაში გადაადგილდება, სადაც წყლის თხევადი სახით არსებობისთვის სათანადო პირობებია. ამგვარი ობიექტები ჩვენს მზის სისტემაში არაა, ანუ მათ შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. ამის მიუხედავად, უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, არაა გამორიცხული, საქმე ე.წ. ჰიკეანე პლანეტასთან გვქონდეს, რაც მას დედამიწის მიღმა სიცოცხლის ძიების კანდიდატად აქცევს.
მეთანისა და ნახშირორჟანგის მაღალი შემცველობის გარდა, მეცნიერებმა K2-18 b-ის ატმოსფეროში ამიაკის სიმწირეც გამოავლინეს, რაც ოკეანისა და წყალბადის ატმოსფეროს შესახებ ზემოხსენებულ ჰიპოთეზას კიდევ უფრო მეტად ამყარებს. ასევე, მიაკვლიეს დიმეთილსულფიდს, რომელიც დედამიწაზე მხოლოდ ბიოლოგიური პროცესების შედეგად წარმოიქმნება, კერძოდ წყალში მობინადრე ფიტოპლანქტონების მიერ. უნდა ითქვას, რომ ასეთი მოლეკულების კვალი მკაფიო არაა, ამიტომ ინფორმაციის დასაზუსტებლად ატმოსფეროზე ხელახლა დაკვირვება იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ K2-18 b-ის მახასიათებლები მართლაც იმედის მომცემია, მაგრამ იქ შესაძლოა, სიცოცხლე სულაც არ წარმოქმნილიყო. მისი რადიუსი დედამიწისას 2.6-ჯერ აღემატება, რაც ციურ სხეულზე მაღალი წნევის მქონე ყინულის მანტიის არსებობას სავარაუდოს ხდის. დასაშვებია ისიც, რომ ეგზოპლანეტის ოკეანე ძალიან ცხელი იყოს.
"K2-18 b-ის მსგავსი ეგზოპლანეტების ატმოსფეროების მახასიათებლების შესწავლა, ანუ აირებისა და ფიზიკური პირობების იდენტიფიცირება, ასტრონომიაში ძალიან აქტიური სფეროა. ამის მიუხედავად, ეს პლანეტები, პირდაპირი მნიშვნელობით, დაჩრდილულია მშობელი ვარსკვლავების სიკაშკაშის მიერ, რაც მათი ატმოსფეროების გამოკვლევას გამოწვევად აქცევს", — ამბობენ მეცნიერები.
სპეციალისტებმა ობიექტის აირად გარსში მოლეკულების დასაფიქსირებლად სწორედ იქ გამავალი ვარსკვლავური სინათლე გააანალიზეს. როდესაც ეგზოპლანეტა ჩვენი პერსპექტივიდან მნათობის დისკოს წინ მოძრაობს, მის სიკაშკაშესაც ცვლის და სხივების ნაწილი ატმოსფეროში გადის, სანამ ტელესკოპებამდე მიაღწევს. ასეთი მომენტები მათ შესახებ მონაცემების მოსაპოვებლად ხელსაყრელია, რადგან სხვადასხვა ელემენტისა თუ ნაერთის სპექტრული კვალის გამოვლენის საშუალებას იძლევა.
ვებმა ეს სულ რაღაც 2 ტრანზიტისას, ანუ მნათობთან ეგზოპლანეტის 2-ჯერ ჩავლისას მოახერხა, რაც მისი განსაკუთრებული მგრძნობელობის დამსახურებაა. ასტრონომები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიით კიდევ მრავალ ამგვარ ციურ სხეულს გამოვიკვლევთ.
ისინი ვების შუა ინფრაწითელი სპექტროგრაფით დამატებითი ინფორმაციის შეგროვებას გეგმავენ და იმედოვნებენ, რომ K2-18 b-ზე მეტს შეიტყობენ.
"ჩვენი მთავარი მიზანი თავსებად ეგზოპლანეტაზე სიცოცხლის იდენტიფიცირებაა, რაც სამყაროში საკუთარი ადგილის შესახებ წარმოდგენას შეგვიცვლის. უკანასკნელი შედეგები ამ მხრივ ჰიკეანე პლანეტების უფრო სიღრმისეულად გამოსაკვლევად გადადგმული იმედის მომცემი ნაბიჯია", — აცხადებენ ავტორები.
მათი ნაშრომი მალე გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდება.
კომენტარები