ფენტანილისა და ჰეროინის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა მომავალი წლიდან დაიწყება
ოპიოიდურ კრიზისთან საბრძოლველად, მეცნიერები 2024 წელს ჰეროინისა და ფენტანილის ვაქცინების ადამიანებზე გამოცდას დაიწყებენ.
ვაქცინა ჰეროინისა და ფენტანილის ზედოზირებისგან დასაცავად შეიმუშავეს. ის სხეულს სპეციფიკური ანტისხეულების გამომუშავებაში ეხმარება, რომელიც ნივთიერების ტვინში შეღწევას არ დაუშვებს.
ჯერჯერობით, ვაქცინა მხოლოდ ვირთხებსა და ღორებზე გამოსცადეს, მაგრამ შედეგები დამაიმედებელია.
"ვაქცინების ადამიანებზე გამოცდას 2024 წლის დასაწყისისთვის დავიწყებთ. ამით ვაქცინის, როგორც უსაფრთხოებაში, ისე ეფექტიანობაში დავრწმუნდებით. ასევე საინტერესოა, რამდენ ხანს შენარჩუნდება ოპიოიდების საწინააღმდეგო ანტისხეულები", — თქვა ჯეი ევანსმა, კვლევის ავტორმა და მონტანას უნივერსიტეტის მედიცინის ცენტრის დირექტორმა.
მკვლევრების თქმით, ისინი დაიწყებენ ყველაზე დაბალი დოზით — დოზით, რომელიც შეიძლება არ იყოს ეფექტური. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ I ფაზის კლინიკური კვლევები ორიენტირებულია უსაფრთხოებაზე. როდესაც პირველი დოზის გამოცდა დასრულდება, მონაცემთა უსაფრთხოების მონიტორინგის საბჭო განიხილავს მონაცემებს და ტესტირების მომდევნო ეტაპზე გადასვლას დაამტკიცებს.
კონკრეტული ვაქცინები TLR7/8 რეცეპტორებს გამოიყენებენ, რომლებიც, როგორც წესი, ვირუსული ინფექციების იმუნურ პასუხში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ვაქცინა ასევე იყენებს INI-4001 რეცეპტორებს, რომელიც ვაქცინების ეფექტიანობას ზრდის.
IFLScience-თან საუბრისას ევანსმა განმარტა, რომ ვაქცინას ჭარბი დოზის მიმართ იმუნიტეტის უზრუნველყოფა რამდენიმე წლის განმავლობაში შეუძლია.
"ადამიანებში გამომუშავებული იმუნიტეტის ხანგრძლივობა რთული საკითხია და მისი განსაზღვრა I/II ფაზის კლინიკური კვლევების ფარგლებში ხდება. მიუხედავად ამისა, გვაქვს წინასწარი მოლოდინი და მიგვაჩნია, რომ ვაქცინის მიერ გამომუშავებული იმუნიტეტი ადამიანებში 2-4 წელი გასტანს", — განუცხადა ჯეი ევანსმა IFLScience-ს.
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დოზის გადაჭარბებისგან დაფიქსირებული ფატალური შედეგები მუდმივად იზრდება. აშშ-სა და კანადაში 2021 წელს ზედოზირებისგან სიკვდილის 106 000 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 80 411 ჰეროინსა და ფენტანილზე მოდიოდა.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევის შედეგები ჟურნალ NPJ Vaccines-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები