ჩინელი მეცნიერების თქმით, CRISPR-ზე უფრო დახვეწილი ტექნოლოგია შექმნეს
ჩინელი მკვლევრები აცხადებენ, რომ გენების რედაქტირების ახალი ტექნიკა შეიმუშავეს. მათი თქმით, CyDENT უფრო დახვეწილია ვიდრე Clustered Regularly Interspaced Short Palindromic Repeats (CRISPR) ტექნოლოგია.
შემდეგი პოდკასტი: CRISPR — გენური ინჟინერიის რევოლუციური იარაღი
ინფორმაციას ამის შესახებ South China Morning Post (SCMP) აქვეყნებს.
CRISPR გენის რედაქტირების მნიშვნელოვანი ტექნოლოგიაა, რომელიც დნმ-ის ზუსტი ცვლილებების საშუალებას იძლევა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ ტექნიკის განვითარებამ გენური ინჟინერია და ბიოტექნოლოგია მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. ესაა რევოლუციური ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც მეცნიერებს ნებისმიერი ტიპის გენეტიკური მასალის უსწრაფესად დასაკორექტირებლად შეუძლიათ.
თუმცა, ტექნიკა არ არის სრულყოფილი და თავის თავში გარკვეულ რისკებს მაინც ატარებს.
შემდეგი პოდკასტი: დნმ — ბუნებრივი და სინთეზური მონაცემთა ბაზა
Cas9 ცილამ შეიძლება უნებლიეთ დნმ-ის მსგავსი ნაწილები გაჭრას. ეს მაშინ, როდესაც მიზანი იდენტური ნაწილის გაჭრაა. სწორედ ეს არის ასეთი ტექნიკის მთავარი პრობლემა. ამან შეიძლება გენომში გაუთვალისწინებელი მუტაციები გამოიწვიოს, რასაც მავნე შედეგები მოჰყვება, მათ შორის ახალი დაავადებების გაჩენა.
ზოგიერთ შემთხვევაში, ორგანიზმის ან ქსოვილის ყველა უჯრედი შესაბამის გენის რედაქტირებას ვერ გადის. ეს იწვევს მოზაიზმს, მდგომარეობას, როდესაც ადამიანს აქვს ორი ან მეტი გენეტიკურად განსხვავებული უჯრედების ნაკრები. იმის გამო, რომ ზოგიერთი უჯრედი შეიცავს სასურველ გენეტიკურ ცვლილებებს, ზოგი კი არა, რთულდება თერაპიული პროცედურებიც.
ეს CRISPR-ის კომპონენტების მიწოდებასაც ართულებს. რთულდება სამიზნე უჯრედებამდე მიღწევა და მიწოდების სხვადასხვა ტექნიკა ხდება საჭირო.
დაბოლოს, არსებობს შანსი, რომ როდესაც CRISPR-ს გენური თერაპიისთვის ვიყენებთ, იმუნური სისტემა Cas9 ცილას სწორად ვერ მიიღებს და ამით მკურნალობის ეფექტი შეიზღუდება.
და აი ახლა, ჩინელი მეცნიერების თქმით, მსგავსი პრობლემების გადაჭრა CyDENT-ითაა შესაძლებელი. ეს იმიტომ, რომ ახალ ხელსაწყოს გენის სპეციფიკური რედაქტირება ყოველგვარი "ამოჭრის" გარეშე შეუძლია.
შექმნილია ცილაზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებით
კევინ ჟაომ, კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა განაცხადა, რომ CyDENT "ცილაზე დაფუძნებული მიდგომით" შეიქმნა. ეს ნიშნავს, რომ რედაქტირება ხდება შიგნიდან და გადამტან რნმ-ს არ საჭიროებს.
ჟაომ ასევე განმარტა, რომ CRISPR-ზე დაფუძნებული სისტემები რნმ-ის გამოყენებით ფუნქციონირებს. ეს შეიძლება არ იყოს პრობლემა უჯრედის ბირთვში დნმ-ის რედაქტირებისას, მაგრამ საქმე რთულდება მცენარის ქლოროპლასტის ან ადამიანის მიტოქონდრიის დნმ-ის მოდიფიკაციისას.
ჟაომ განაცხადა, რომ მეტი კვლევებია საჭირო, თუმცა ინსტრუმენტმა თავისი პოტენციალი უკვე აჩვენა.
მკვლევრებს სურთ გაიგონ, რისი მიღწევა შეუძლიათ მცენარეთა ქლოროპლასტებში. თუ იმედები გამართლდება, მაშინ ამ მიდგომას აქვს პოტენციალი, მოახდინოს რევოლუცია მედიცინაში, სოფლის მეურნეობასა და ბიოტექნოლოგიაში.
კომენტარები