მზის ატმოსფერო ასეთი არასდროს გინახავთ — Solar Orbiter-მა მნათობი ახლებურად გადაიღო
ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მიერ მზის შესასწავლად გაშვებულმა ზონდმა Solar Orbiter კამერის მცირე ცვლილების მეშვეობით ჩვენი მნათობის ატმოსფერო უნიკალურად დაგვანახა.
ეს ხელსაწყო უკიდურესად ულტრაიისფერი გადამღები (EUI) გახლავთ, რომელიც, როგორც სახელი გვეუბნება, ამ სპექტრის ყველაზე ენერგიულ დიაპაზონს აფიქსირებს. მეცნიერებმა მისი სრულიად ახალი შესაძლებლობა გამოავლინეს. კერძოდ, ხსენებულ რეჟიმში ის კორონოგრაფის მსგავსად მუშაობს, რომელიც ვარსკვლავის კაშკაშა დისკოს ფარავს, რათა მის გარშემო არსებული, ბევრად მკრთალი ატმოსფერო აღბეჭდოს.
ზონდზე METIS-ად წოდებული კორონოგრაფი ისედაც მოიპოვება, მაგრამ ის ხილულ და დაბალენერგიულ ულტრაიისფერ სინათლეზეა კონცენტრირებული. მისგან განსხვავებით, EUI მზის ზედაპირისა და ატმოსფეროს მიჯნაზე მიმდინარე ყველაზე საინტერესო პროცესებს აკვირდება.
"იქ იცვლება როგორც ფიზიკა, ასევე მაგნიტური სტრუქტურები და აქამდე ის სათანადოდ არ დაგვითვალიერებია. იქ ისეთი საიდუმლოები უნდა იყოს, რომელთა მიგნებაც ახლა შეგვიძლია", — აცხადებს მზის ფიზიკოსი, დევიდ ბერგმანი.
გაშვებამდე Solar Orbiter-ის კამერას მარტივი მოდიფიკაცია ჩაუტარდა: მას პაწაწინა შვერილი დაუმაგრეს საკეტზე, რომლის ნახევრად გახსნისასაც ის მზის დისკოს ფარავს. შედეგად, მკრთალი ატმოსფერო მკაფიოდ ჩანს. სწორედ ამის მეშვეობით გადაიღეს კადრები და ისინი NASA-ს მისიის STEREO მონაცემებთან შეაჯერეს.
ჩვენი ვარსკვლავის ატმოსფერო მისი დაბნელებისას დედამიწიდან ბუნებრივადაცაა ხილული. ამის მიუხედავად, EUI საშუალებას გვაძლევს, მზის ზედაპირთან ახლომდებარე რეგიონები შევისწავლოთ, რომლებიც არც დაბნელებისას ჩანს და არც ტრადიციული კორონოგრაფებით გადაღებისას.
EUI-ის მიერ აღბეჭდილი კადრები ძალიან მაღალი გარჩევადობისაა. მართალია, ხმელეთზე განლაგებულ ზოგიერთ ტელესკოპს უკეთესი გარჩევადობის სურათების გადაღება შეუძლია, მაგრამ მაღალენერგიულ ულტრაიისფერ სინათლეს ვერ აფიქსირებს. ეს იმიტომ, რომ ამ სხივებს ჩვენი პლანეტის ატმოსფერო მანამ შთანთქავს, სანამ ობსერვატორიების ლინზებამდე მიაღწევს.
მათგან განსხვავებით, Solar Orbiter კოსმოსში გადაადგილდება და მზის ბევრად კარგი ხედი აქვს. ზონდი რამდენიმე წელში, ისტორიაში პირველად, ვარსკვლავის პოლუსებს ახლოდან შეისწავლის, რამაც შესაძლოა, მისი მაგნიტური ველის შესახებ მეტის გაგების შესაძლებლობა მოგვცეს.
კომენტარები