რა ვიცით ზედა კიდურების ევოლუციაზე — კვლევა
მკვლევარებმა მხრისა და იდაყვის სახსრების ევოლუცია შეისწავლეს. მათი დასკვნები The Royal Society Open Science-ში გამოქვეყნდა.
მკვლევრები მიიჩნევენ, რომ მაიმუნებსა და ადრეულ ადამიანებს თავისუფლად მოძრავი სახსრები ხეებიდან დაშვების გამო განუვითარდათ.
აქ გრავიტაციას მნიშვნელოვანი როლი ექნებოდა. ის ფაქტიურად ზეწოლას ახდენდა ხეებზე მცხოვრებ არსებებზე და მათი კიდურები სულ უფრო მოქნილი ხდებოდა.
კვლევამ აჩვენა, თუ როგორ გაგრძელდა კიდურების ევოლუცია, როდესაც ჩვენმა წინაპრებმა ხეებიდან ჩამოსვლა დაიწყეს.
ახალ გარემოში, კიდურების ეს ადაპტაცია აუცილებელი გახდა ისეთი ამოცანების შესასრულებლად, როგორიცაა საკვების შეგროვება, ნადირობა და თავდაცვის ხელსაწყოების გამოყენება.
მკვლევრებმა ის ვიდეოები გააანალიზეს, სადაც შიმპანზეებისა და მანგაბეების ბუნებრივ ჰაბიტატებში ქცევაა ასახული. კვლევამ აჩვენა, რომ შიმპანზეებსა და მანგაბეებს ცოცვის მსგავსი ტექნიკა აქვთ. ისინი ხეებზე ძრომიალისას კიდურებს დიდად არ შლიან და სხეულთან ახლოს იტოვებენ.
თუმცა, მნიშვნელოვანი განსხვავება დააფიქსირეს, როდესაც შიმპანზე ხიდან ქვემოთ ეშვებოდა. ამ მომენტში შიმპანზეები კიდურებს თავს ზემოთ სწევდნენ, დაახლოებით ისე, როგორც ამას ადამიანი შვრება კიბეზე ასვლისას. ისინი ამას წონასწორობის შესანარჩუნებლად იყენებდნენ.
ლუკ ფანინმა, კვლევის ავტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ პირველებმა შეისწავლეს მაიმუნებისა და ადრეული ადამიანებiს ხეებიდან ქვემოთ დაშვების ევოლუცია.
ფანინმა ადრეული მაიმუნებისა და ადამიანებისთვის ხიდან დაშვების გამოწვევები განმარტა და თქვა, რომ ამ ქცევის დროს დაცემის რისკი მათ ევოლუციაზე მნიშვნელვან გავლენას მოახდენდა.
აქამდე მეცნიერები ძირითადად მაიმუნების ხეებზე აძრომას სწავლობდნენ და ყურადღებას ხეებიდან ქვემოთ დაშვებაზე ნაკლებად ამახვილებდნენ.
ეს ევოლუციური პერიოდი დაახლოებით 20 მილიონი წლით თარიღდება, როდესაც გაშლილ ტყეებში პირველი მაიმუნები გამოჩდნენ. პირველმა მაიმუნებმა ხეებზე ძრომიალი და შესაბამისად მისგან დაშვება საკვების მოპოვების მიზნით დაიწყეს.
სწორედ ამ პროცესს უნდა გამოეწვია ზედა კიდურების ევოლუცია.
ადრეული ადამიანის გადარჩენის სტრატეგიები
მაიმუნებისგან მემკვიდრეობით მიღებული მოქნილი მხრები და იდაყვები ადრეულ ადამიანებს, როგორიც იყო ავსტრალოპითეკი, ბევრ შესაძლებლობას აძლევდა. ავსტრალოპითეკები ღამე დასაძინებლად ხეზე ადიოდნენ და დღისით ძირს უვნებლად ეშვებოდნენ.
ჰომო ერექტუსის გაჩენასთან ერთად, რომელმაც ცეცხლის მოშინაურება შეძლო, ადამიანის ანატომიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა.
მხრებისა და იდაყვების მოქნილობამ ჩვენს წინაპრებს შუბის სროლის შთამბეჭდავი უნარი შესძინა, განსხვავებით მაიმუნებისგან, რომლებსაც მსგავსი დამიზნებით სროლა არ შეუძლიათ.
"ჩვენი კიდურები ადრეული მაიმუნების ანატომიაა, უბრალოდ რამდენიმე შესწორებით. ახლა ჩვენ გვაქვს ისეთი რამ, რასაც შუბის ან ქვების დამიზნებით სროლა შეუძლია. ამით ჩვენ თავს ვიცავდით მტაცებლებისგან და ხშირად თავად ვხდებოდით მტაცებლები", — თქვა კვლევის თანაავტორმა, ჯერემი დესილვამ.
"ხიდან ძირს დაშვების პროცესმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა. როდესაც NFL-ის ნახევარმცველი ბურთს ისვრის, ეს მოძრაობა ჩვენი ევოლუციური წინაპრების დამსახურებაა", — აღნიშნულია კვლევაში.
კომენტარები