ზეახალი ვარსკვლავის გასაოცარი სურათი აქამდე უცნობ სტრუქტურებს ავლენს
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ახალი შთამბეჭდავი სურათის წყალობით ზეახალი ვარსკვლავი SN 1987A უპრეცედენტო დეტალებში დაგვანახა.
მნათობის აფეთქება სულ რაღაც 36 წლის წინ ვიხილეთ, კერძოდ კი 1987 წლის თებერვალში. ის ჩვენგან 168 000 სინათლის წლითაა დაშორებული და მაგელანის დიდ ღრუბელშია განლაგებული, რომელიც ირმის ნახტომის გალაქტიკის გარშემო მოძრაობს. სწორედ იქ განიცადა SN 1987A-ს ბირთვმა კოლაფსი და ღამის ცაზე კაშკაშა წერტილი წარმოქმნა.
აქამდე ის ყველა შესაძლო ტალღურ სიგრძეში შევისწავლეთ, დაწყებული რადიოტალღებიდან, გამა გამოსხივებით დასრულებული. ახლა კი მსოფლიოში უმძლავრესმა ობსერვატორიამ ახლო ინფრაწითელი სპექტრის მონაცემებიც მოიპოვა და ზეახლად ანთებული ვარსკვლავის აქამდე უცნობი სტრუქტურები გამოავლინა.
SN 1987A-ში გამოფრქვეულ მატერიას ქვიშის საათის ფორმა აქვს, მაგრამ ჩვენი პერსპექტივიდან ოვალური ჩანს. მის ცენტრში მუქი შეფერილობის მტვრის გროვაა, რომელიც იმდენად სქელია, რომ იქ გამავალ სინათლეს ვების ტელესკოპიც კი ვერ აფიქსირებს.
ვარაუდობენ, რომ მასში აფეთქებული ვარსკვლავის ნარჩენი იმალება, რომელსაც პულსარს უწოდებენ. მნათობს კაშკაშა რგოლი აკრავს გარს, რომელიც, მეცნიერთა აზრით, ეკვატორის გასწვრივაა განლაგებული და "ქვიშის საათის" შუა ნაწილს ქმნის. ამ რგოლში ნათელი წერტილებია, რომლებიც აფეთქების შემდგომი შოკური ტალღების შედეგადაა წარმოქმნილი, როცა ვარსკვლავური მატერია გარშემო არსებულ მატერიას შეეჯახა.
რგოლში ვებმა ისეთი რამ აღბეჭდა, რაც აქამდე არ შეგვინიშნავს: ნამგლისებრი სტრუქტურები. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ისინი აფეთქებისას გაფრქვეული აირის გარეთა შრეებია. მათი ნათება კიდური სიკაშკაშის სახელით ცნობილი ოპტიკური ფენომენით უნდა იყოს გამოწვეული, რომელიც გავრცელებად მატერიაზე სამ განზომილებაში დაკვირვებისას იჩენს თავს.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომავალში მტვრის სქელი ფენის მიღმა დამალულ ნეიტრონულ ვარსკვლავსაც დავაფიქსირებთ.
კომენტარები