მეცნიერებმა კაცებში ლიბიდოს კონტროლის პოტენციურ გზას მიაგნეს
გამოავლინეს ტვინის ის რეგიონი, რომელიც სექსუალურ მოთხოვნილებებზეა პასუხისმგებელი
სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ტვინის ის ნაწილი გამოავლინეს, რომელიც თაგვებში სექსუალურ სურვილებს აკონტროლებს. სავარაუდოა, რომ იგივე ფაქტორები მუშაობს კაცების შემთხვევაშიც.
"მამრობითი სქესის ძუძუმწოვრების ტვინში იმ რეგიონს მივაგენით, რომელიც სექსუალობასა და შესაბამის სიამოვნებაზეა პასუხისმგებელი. თუ ეს რეგიონი ადამიანებშიც არსებობს — და ახლა ჩვენ ვიცით, სად უნდა ვეძებოთ — ეს უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა იქნება. შესაბამისი მოლეკულების შემუშავებით ამ სისტემის კონტროლს შევძლებთ", — თქვა კვლევის ავტორმა, ნირაო შაჰმა.
შედეგად, შეიძლება შეიქმნას ისეთი მედიკამენტი, რომელსაც ადამიანის სექსუალურ ქცევაზე კონტროლის დამყარება შეეძლება. მაგალითად, ეს შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც გადაჭარბებული სექსუალური ლტოლვის შესამცირებლად, ისე ლიბიდოს გასაძლიერებლად.
"ასეთი მედიკამენტი დღევანდელი ფოსფოდიესტერაზას ინჰიბიტორებისგან სრულიად განსხვავებული იქნება. იმის მაგივრად, რომ ზოგადად სისხლის მიმოქცევის გაუმოჯბესება მოხდეს, მედიკამენტი პირდაპირ ტვინის სპეციფიკურ არეალს დაუმიზნებს, რომელიც სექსუალურ აღგზნებაზეა პასუხისმგებელი", — ამბობენ მკვლევრები.
კვლევის დროს მეცნიერებმა ნეირონული სქემები შეადგინეს, რომლებიც თაგვების ტვინს ქმნიან. მათ ოთხი კვირის მამრი თაგვები შეარჩიეს და მათი ტვინები კომპლექსურად შეისწავლეს.
მეცნიერებმა გამოიკვლიეს BNST ნეირონების სპეციფიკური ჯგუფი, რომელიც გამოყოფს ნელი მოქმედების ცილებს სახელწოდებით სუბსტანცია-P. აღმოჩნდა, რომ ეს ნეირონები სხვა ნეირონების მცირე ჯგუფთან ურთიერთქმედებენ, რომლებსაც სუბსტანცია P-ის რეცეპტორები აქვთ.
როდესაც მკვლევრებმა თაგვებში BNST ნეირონები გაააქტიურეს, ამან თაგვები სექსუალურად აღაგზნო. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ თაგვები სექსუალურად აღგზნებულები არიან მაშინ, როდესაც სუბსტანცია-P BNST ნეირონებს უკავშირდება.
მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ თაგვის სქესობრივი ლტოლვა შეიძლება მოულოდნელად გაიზარდოს სუბსტანცია-P-ის შეყვანით.
სექსუალური ქცევის მანიპულირება
ეაკულაციის შემდეგ, მამრი ძუძუმწოვარი დასვენებას საჭიროებს. სექსუალური ლტოლვის აღსადგენად მას გარკვეული დრო სჭირდება.
თუმცა, მკვლევრების თქმით, მსგავსი მანიპულაციებით ისინი ლიბიდოს არა მხოლოდ ზრდიან ან ამცირებენ, არამედ რეფრაქტორულ პერიოდზეც მოქმედებენ.
მაგალითად, კვლევაში გამოყენებულ თაგვებს რეფრაქტორული პერიოდი ხუთი დღის განმავლობაში უგრძელდებოდათ. თუმცა, როდესაც მეცნიერებმა თაგვების სპეციფიკური ნიერონები გაააქტიურეს მათ შეწყვილებისთვისა და ძალების აღსადგენად დრო აღარ დასჭირდათ.
"სექსუალური აქტივობის აღსადგენად თაგვებს ერთი წამი დასჭირდათ. ეს რეფრაქტორული პერიოდის 400 000-ჯერ შემცირებას ნიშნავს. მიღებული შედეგები გასაოცარია და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იგივე სისტემა უნდა გვქონდეს ჩვენ, ადამიანებსაც. კვლევებს აუცილებად გავაგრძელებთ და წარმატების შემთხვევაში სექსუალური დისფუნქცია შეიძლება საბოლოოდ წარსულს ჩაბარდეს", — თქვა შაჰმა.
კვლევა Cell-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები