"ოქროს კვერცხი"? — წყნარი ოკეანის ფსკერზე მეცნიერებმა უჩვეულო ოქროსფერი ობიექტი შენიშნეს
The Miami Herald-ის უწყებით, ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) მეცნიერებმა წყნარი ოკეანის ფსკერზე, ალასკის სანაპიროებთან ახლოს, უჩვეულო ობიექტი შენიშნეს. იგი ოქროსფერია და ფორმით კვერცხს წააგავს.
მკვლევრებმა სფეროს მაგვარი ობიექტი უძველესი წყალქვეშა ვულკანის დათვალიერებისას აღმოაჩინეს, როცა ადგილს პირდაპირ ეთერში ათვალიერებდნენ. ამ დროს ისინი დისტანციურად მართვად აპარატს იყენებდნენ, რათა Seascape Alaska მისიის ფარგლებში ალასკის ქვეშ არსებული ოკეანის საგები აესახათ.
ობიექტი, კერძოდ, წყალქვეშა სტრუქტურის გვერდით შენიშნეს, წყნარ ოკეანეში დაახლოებით სამი კილომეტრის სიღრმეზე.
გარდა თავად სფეროსა, მეცნიერების გაკვირვება მასში არსებულმა ხვრელმაც გამოიწვია, თითქოს შიგნით რაღაცამ გათხარაო.
"რაღაც შესვლას ცდილობდა... ან გამოსვლას", — თქვა ერთ-ერთმა მკვლევარმა.
მეცნიერებმა რობოტული ხელები მეშვეობით დნმ-ის ნიმუშების შეგროვება გადაწყვიტეს, რათა "კვერცხის" წარმომავლობის დასადგენად ანალიზი ჩაეტარებინათ.
"უბრალოდ იმედი მაქვს, როცა შევუჩხიკინებთ, რამე არ გადაწყვეტს გამოძრომას", — თქვა ერთ-ერთმა მეცნიერმა, როდესაც რობოტული ხელი შეამზადეს — "საშინელებათა ფილმის დასაწყისს ჰგავს".
იმედი გამართლდა და "კვერცხიდან" არაფერი გამომძვრალა. როდესაც რობოტული ხელი ობიექტს შეეხო, სფერო უჩვეულოდ ფაქიზი აღმოჩნდა — უფრო აბრეშუმის მსგავსი, ვიდრე ჟელატინის. სფერო მილში მოათავსეს და მალე ლაბორატორიულ პირობებში დაწვრილებით შეისწავლიან.
უწყების თანახმად, მკვლევრებს სფეროს რაობასთან დაკავშირებით რამდენიმე ვარაუდი ჰქონდათ: კვერცხის ნარჩენი გარსი, ზღვის მკვდარი ღრუბლის ნარჩენები... მიუხედავად ამისა, ობიექტის წარმომავლობა ჯერჯერობით მაინც დაუდგენელია.
"როცა ჩვენი კოლექტიური ცოდნა მას ვერ ცნობს, იგი რაღაც უცნაურია", — თქვა გუნდის ერთ-ერთმა წევრმა — "რა ტიპის ცხოველი შექმნიდა ასეთ კვერცხის გარსს?"
ასეა თუ ისე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ობიექტს მეცნიერები ლაბორატორიულ პირობებში შეისწავლიან. ვარაუდების გამოთქმისა და საკუთარი ფანტაზიის გამოცდის გარდა, ისღა დაგვრჩენია, სამომავლო კვლევის შედეგებს დავუცადოთ.
კომენტარები