ამ ეგზოპლანეტაზე 1 წელი 16 თვეს გრძელდება — NASA-ს ტელესკოპის ახალი აღმოჩენა
ჩვენი მზის სისტემის მიღმა მრავალი პლანეტაა, რომელთა უმრავლესობაც საკუთარ ვარსკვლავთან ახლოს მოძრაობს, თუმცა არსებობს ისეთი ციური სხეულებიც, რომლებიც მნათობისგან საკმაოდ მოშორებით გადაადგილდება. ამის ერთ-ერთი მაგალითია აირის გიგანტი TOI-4600c.
ტელესკოპ TESS-ის მიერ დაფიქსირებული, სატურნის ზომის ეს ობიექტი ჩვენგან დაახლოებით 815 სინათლის წლითაა დაშორებული. ის მშობელი ვარსკვლავისგან იმდენად დიდ დისტანციაზეა, რომ მისი 1 წელი 482.82 დღეს, ანუ 16 თვეს გრძელდება. ობსერვატორიის მონაცემებში ეს ყველაზე ხანგრძლივი ორბიტული პერიოდია.
ამის გარდა, TOI-4600c-ს განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურაც გამოარჩევს, რომელიც -78 გრადუს ცელსიუსს შეადგენს. ეს კი მას TESS-ის მიერ გამოვლენილ ერთ-ერთ ყველაზე ცივ ციურ სხეულად აქცევს.
აღსანიშნავია, რომ ამგვარი ეგზოპლანეტების დაფიქსირება და მათი არსებობის დადასტურება საკმაოდ რთულია. TOI-4600c-ზე ხანგრძლივი ორბიტული პერიოდის მქონე მცირერიცხოვან ციურ სხეულებს შორისაა Kepler 412b, რომელიც მნათობის გარშემო მოძრაობას 2 წელს ანდომებს, GU Psc b-ს კი ამისთვის წარმოუდგენელი დრო, 80 000 წელი სჭირდება.
უნდა ითქვას ისიც, რომ სისტემა TOI-4600-ში NASA-ს ტელესკოპმა მეორე მსგავსი ეგზოპლანეტაც აღმოაჩინა, სახელად TOI-4600b. ის ნეპტუნზე დიდი და სატურნზე პატარაა, 82.69-დღიანი ორბიტული პერიოდითა და 76.6°C-იანი ტემპერატურით. ეს ობიექტი მის მეზობელზე ბევრად თბილია მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი ერთ სისტემაშია განლაგებული.
"სისტემაში ორი გიგანტი პლანეტის არსებობა იშვიათობაა. ნანახი გვაქვს ცხელი იუპიტერები, რომლებიც ვარსკვლავთან ახლოსაა, მაგრამ, როგორც წესი, მათ კომპანიონებს ვერ ვპოულობთ, მითუმეტეს გიგანტებს. ეს სისტემა უნიკალური კონფიგურაციისაა", — აცხადებენ ავტორები.
ეგზოპლანეტების დასაფიქსირებლად TESS ვარსკვლავთა სიკაშკაშის ცვლილებას ცის ერთ რეგიონში 30 დღის განმავლობაში აკვირდება. ეს ნიშნავს, რომ 40 დღეზე ხანგრძლივი ორბიტული პერიოდის მქონე ობიექტებს ის ხშირად ვერ აფიქსირებს.
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა რამდენიმე ასეთი დაკვირვების ფარგლებში მოპოვებული მონაცემები გააერთიანეს და ზემოხსენებული ციური სხეულები სწორედ ამ გზით გამოავლინეს.
მათი ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები