ინდოეთი მზის შემსწავლელ პირველ ზონდს 2 სექტემბერს გაუშვებს
ინდოეთი ამ კვირაში თავის პირველ მზის შემსწავლელ კოსმოსურ ზონდს გაუშვებს, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის. ამ ობსერვატორიაზე ქვეყანა 15 წლის განმავლობაში მუშაობდა.
ასევე იხილეთ: ინდოეთი მზის შემსწავლელი პირველი კოსმოსური ზონდის გასაშვებად ემზადება
მზის ობსერვატორიის, Aditya-L1-ის, გაშვება შაბათს, 2 სექტემბერს, იგეგმება, თბილისის დროით 10:20-ზე. ამის შესახებ ინდოეთის კოსმოსის კვლევის ორგანიზაციამ (ISRO) გვამცნო ორშაბათს.
კოსმოსურ ხომალდს კუნძულ შრიჰარიკოტაზე არსებული კოსმოდრომიდან გაუშვებენ, სატიშ დავანის კოსმოსური ცენტრიდან. მას კოსმოსში რაკეტა Polar Satellite Launch Vehicle გაიტანს.
Aditya-L1 ჯერ შემოწმებას გაივლის, რათა მისიის გუნდი დარწმუნდეს, რომ ყველა სისტემა გამართულად მუშაობს. თუკი ეს წარმატებით ჩაივლის, ხომალდი ტრაექტორიას შეიცვლის და დედამიწას ნელ-ნელა დაშორდება.
როგორც კი პლანეტის გრავიტაციას დააღწევს თავს, Aditya-L1 ჩვენგან 1.5 მილიონი კილომეტრით დაშორებული ლაგრანჟის წერტილისკენ, Lagrange Point 1-ისკენ, გაემართება. ამ რეგიონიდან ის მზეს შეუფერხებლად დააკვირდება.
ცნობისთვის, მისიის სახელში L1 ნაწილი სწორედ დანიშნულების ადგილს ეკუთვნის. მეორე მხრივ, Aditya სანსკრიტზე მზეს ნიშნავს.
L1-ამდე მიღწევის შემდეგ ზონდი თავის 7 სამეცნიერო ინსტრუმენტს გამოიყენებს და მზეს სხვადასხვა ასპექტში შეისწავლის. მაგალითისთვის, შესაძლოა, Aditya-L1-ის მონაცემები მკვლევრებს მზეზე ამოფრქვევათა დინამიკის ანდა კორონალური მასის ამოფრქვევების (CME-ების) შესწავლაში დაეხმაროს.
შესაძლოა, მისიის წყალობით ისიც გაირკვეს, თუ რატომაა მზის გარე ატმოსფერო, იგივე გვირგვინი, მის ზედაპირზე გაცილებით ცხელი — დაახლოებით 1 მილიონი გრადუს ცელსიუსი 5 500 გრადუს ცელსიუსთან შედარებით.
საგულისხმოა, რომ ინდოეთმა ახლახან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მისია გაუშვა — ქვეყნის Chandrayaan-3 მისიის ფარგლებში მავალი მთვარის სამხრეთ პოლუსზე წარმატებით დაეშვა. ამით ინდოეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ხომალდი მთვარის კლდოვან რეგიონში დაუშვა.
იხილეთ: ინდოეთმა მთვარეზე მავალი წარმატებით დასვა
დასაჯდომი მოდული Vikram-ის სახელითაა ცნობილი და მასზე პატარა მავალი Pragyan არის მიმაგრებული. თითოეული მათგანი იქაურობას დაახლოებით 14 დედამიწური დღის განმავლობაში გამოიკვლევს და ექსპერიმენტებს ჩაატარებს.
კომენტარები