ინდოეთი მზის შემსწავლელი პირველი კოსმოსური ზონდის გასაშვებად ემზადება
ინდოეთის კოსმოსის კვლევის ორგანიზაცია (ISRO) მზის შემსწავლელი პირველი მისიისთვის ემზადება, რომლის გაშვებაც სექტემბერშია ჩანიშნული. ზონდი Aditya-L1, რომლის სახელიც სანსკრიტზე სწორედ მზეს ნიშნავს, უკვე კუნძულ შრიჰარიკოტაზე არსებულ კოსმოდრომზეა.
ქვეყნის კოსმოსურმა სააგენტომ ეს ინფორმაცია და ობსერვატორიის სურათები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
ჩვენი ვარსკვლავის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. მაგალითად, რატომაა მისი ატმოსფეროს ზედა შრე, გვირგვინი, ზედაპირზე ბევრად ცხელი, რა მექანიზმი უწყობს ხელს კორონალური მასის (პლაზმის) ამოფრქვევებს ან როგორ ჩქარდება ეს ნაკადები მნათობის დისკოსთან ახლოს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ Aditya-L1 ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება.
ზონდის გაშვების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს სექტემბრის პირველ კვირაშია მოსალოდნელი. მას კოსმოსში რაკეტა Polar Satellite Launch Vehicle გაიტანს, თავად ობსერვატორია კი პირველ ეტაპზე დედამიწის გარშემო წრიულ ორბიტაზე იმოძრავებს.
როგორც კი დარწმუნდებიან, რომ მისი ხელსაწყოები მწყობრშია, ის ტრაექტორიას შეიცვლის და ჩვენგან 1.5 მილიონი კილომეტრით დაშორებული ლაგრანჟის წერტილისკენ დაიძვრება. ამ რეგიონიდან ის მზეს შეუფერხებლად დააკვირდება.
Aditya-L1 7 სამეცნიერო ინსტრუმენტითაა აღჭურვილი, რომელთაგანაც 4 მზეზე პირდაპირ დასაკვირვებლადაა განკუთვნილი. მათ შორისაა 2 რენტგენული სპექტრომეტრი, რომლებითაც მზის ამოფრქვევების მახასიათებლებს შეისწავლიან. კორონოგრაფი მნათობს უწყვეტად გადაიღებს, რათა ამოფრქვევების ფორმირების პროცესი დააფიქსიროს, მეოთხე ხელსაწყო კი რადიაციას გაზომავს.
დანარჩენი 3 ინსტრუმენტიდან 2-ის დანიშნულება მზის ქარის გამოკვლევაა, ხოლო მესამე მაგნიტომეტრია, რომელიც ლაგრანჟის წერტილში მაგნიტურ ველს გაზომავს.
ამ ობსერვატორიაზე სპეციალისტები 15 წელი მუშაობდნენ. მისი შექმნა 3.8 მილიარდი რუპია დაჯდა, რაც 45 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტურია. ეს ინდოეთისთვის ამ წელს მეორე მნიშვნელოვანი მისიაა. გასულ თვეში მან მთვარისკენ ხომალდი Chandrayaan-3 გაუშვა, რომელიც დედამიწის თანამგზავრზე დაშვებას 23-24 აგვისტოს შეეცდება.
კომენტარები