Twitter-ზე 2011-2014 წლებში ატვირთული ფოტოები წაიშალა, ახლა კი ბლოკირების ფუნქციაც ქრება
მომხმარებლების თქმით, ილონ მასკის ვანდალიზმი გრძელდება.
Twitter, რომელსაც ახლა უკვე X ჰქვია, მომხმარებელთა უკმაყოფილების ადრესატი კიდევ ერთხელ გახდა. მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელი ილონ მასკმა შეიძინა და მასზე რადიკალური ცვლილებები დაიწყო, ეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
ამჯერად, პლატფორმაზე ავტომატურად წაიშალა ფოტოები, რომლებიც 2011-2014 წლებშია ატვირთული. ეს ყველაფერი არ არის — X-ში ჩაშენებული ბმულების შესამოკლებელი ფუნქციაც აღარ მუშაობს და მალე, როგორც ჩანს, მომხმარებლებს არასასურველი გამომწერების დაბლოკვაც აღარ შეეძლებათ.
ამ მომენტისთვის, უცნობია, რამ გამოიწვია მასობრივი ცვლილებები, განსაკუთრებით კი ფოტოების წაშლა, თუმცა ცხადია, მომხმარებლები საკუთარი ფოტომოგონებებისა და მონაცემების დაკარგვას განიცდიან.
ტომ კოატსი ტვიტერს 2007 წელს შეუერთდა. ეს ერთ-ერთი ერთგული მომხმარებელია, რომლის გავლითაც ფოტოების წაშლის ამბავი გახდა ცნობილი. ის ტვიტში წერს, რომ ილონ მასკის ვანდალიზმი გრძელდება და ტვიტერმა 2014 წლამდე ატვირთული მედია ფაილები წაშალა.
როგორც ჩანს, პრობლემა ტვიტერის ბმულის შემოკლების ფუნქციას ეხება. ეს დომენი სავარაუდოდ არ მუშაობს გამართულად, რაც ფოტოებისა და ბმულების გაქრობას იწვევს.
აღსანიშნავია, რომ ტვიტერმა პლატფორმაზე ფოტოების ატვირთვა 2011 წლიდან გახადა შესაძლებელი, მანამდე კი მომხმარებლებს სხვა სერვისების გამოყენება უწევდათ პლატფორმაზე ვიზუალური მასალის გასაზიარებლად. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი იყო TwitPic, რომელმაც 2014 წელს შეწყვიტა ფუნქციონირება და მისი დახმარებით ტვიტერზე გაზიარებული გამოსახულებები უკვე დაიკარგა. ახლა კი, 2011-2014 წლებში, ტვიტერზევე ატვირთული ფოტოებია საფრთხის წინაშე. ისინი არსად ჩანს.
ბლოკირების შესაძლებლობის გარეშე?
სხვა მხრივ, ილონ მასკმა პარასკევს უკვე დაადასტურა, რომ ტვიტერს ბლოკირების ფუნქცია აღარ ექნება. შეგახსენებთ, რომ ბლოკის დადებით მომხმარებლები ირჩევენ, ვისთან ინტერაქციის შესაძლებლობის სურვილი აღარ აქვთ და ვინ არ უნდა ნახოს მათი ტვიტები თუ კომენტარები. ამის ნაცვლად, მომხმარებლებს Mute ფუნქციის გამოყენება შეეძლებათ, რომელიც მათი თვალთახედვიდან სპეციფიკურ ექაუნთებს დამალავს, თუმცა არ შეატყობინებს მათ ამის შესახებ. მასკის თქმით, ამიერიდან დაბლოკვის ფუნქცია მხოლოდ პირადი შეტყობინებებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
მასკი ირწმუნება, რომ ის სიტყვის თავისუფლების მხარდამჭერია, თუმცა მისი კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ის არ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ პლატფორმაზე განთავსებულ შიგთავსზე. ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს ტვიტერზე გაზრდილ სიძულვილის ენასა და ანტისემიტიზმს, მას შემდეგ რაც სოციალური ქსელი ილონ მასკმა შეიძინა.
შეგახსენებთ, რომ მილიარდერმა ტვიტერი 2022 წლის ოქტომბერში, 44 მილიარდ დოლარად იყიდა. მისი პირველი ნაბიჯი ათასობით თანამშრომლის გათავისუფლება იყო. მან ასევე შეცვალა საიტზე მოდერაციის პოლიტიკა, რაც აქამდე ბანდასმული მომხმარებლების დაბრუნებისკენ იყო მიმართული. მათ შორის იყო, მაგალითად, კენიე ვესტი, რომელიც ტვიტერზე ანტისემიტურ ნარატივებს ავრცელებდა. მასკის საკამათო პერსონად ქცევის პარალელურად, Twitter-მა ასევე მიიღო უცნაური გადაწყვეტილება აღედგინა ანგარიში, რომელიც სავარაუდოდ აზიარებდა ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველ მასალას. ტვიტერის მასკის მფლობელობაში გადასვლას მომხმარებელთა ნაწილის პროტესტი მოყვა, რომელიც მათ ტვიტერის დატოვებით გამოხატეს, პლატფორმაზე დარჩენილთა შორის კი მისინფორმაციისა და სიძულვილის ენის შემთხვევები იზრდება.
კომენტარები