ნახეთ: ანტარქტიდის მახლობლად ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელსაც 20 "ხელი" აქვს
მკვლევრებმა ანტარქტიდის მახლობლად, ზედაპირიდან, დაახლოებით, 65-1170 მეტრის სიღრმეებზე, აღმოაჩინეს ახალი სახეობა, რომელსაც უცნაური შესახედაობა და 20 "ხელი" აქვს.
არსებას საცეცებზე აქვს ციცქნა კლანჭები, რომლებითაც ზღვის ფსკერზე ემაგრება. მისი საცეცები გაშლილია და გადაადგილებაში მთავარ როლს ასრულებს.
ახლად აღმოჩენილი სახეობის ოფიციალური სახელია Promachocrinus fragarius. ის მიეკუთვნება Crinoidea-ს კლასს, რომელიც მოიცავს ზღვის ვარსკვლავებს, ზღვის ზღარბებს, ზღვის ბრტყელ ზღარბებსა და ჰოლოთურიებს და წარმოადგენს ზღვის ლილიას სახეობას — აქედან გამომდინარე, მკვლევრებმა შეურჩიეს ნაკლებად ფორმალური სახელიც: "ანტარქტიდის ზღვის ლილია". ოფიციალური სახელწოდების მეორე ნაწილი, Fragarius, მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან "fragum", რაც მარწყვს ნიშნავს.
მკვლევრების თქმით, თავდაპირველად ანტარქტიდის ზღვის ლილიას ჯგუფი მოიცავდა მხოლოდ ერთ სახეობას, კერძოდ: Promachocrinus kerguelensis-ს. მაგრამ მკვლევართა ჯგუფმა ავსტრალიიდან და აშშ-დან გამოავლინა ოთხი ახალი სახეობა, რომლებიც შეიძლება მოხვდეს ანტარქტიდის ზღვის ლილიას ჯგუფში.
ეს სახეობები, თავიანთი 20 "ხელითა" და ქვემოთ მიმართული საცეცებით, სხვა ზღვის ლილიებისგან გამორჩეულია. ამ აღმოჩენით მკვლევრებს შეუძლიათ, ანტარქტიდის ზღვის ლილიას კატეგორიაში რვა სახეობა დაამატონ — ოთხი ახალი და ოთხიც ადრე აღმოჩენილი, რომლებიც თავდაპირველად იმავე სახეობად ითვლებოდა.
"ასე რომ, Promachocrinus-ის სახელწოდების ქვეშ ახლა გვყავს 8 სახეობა — ექვსი 20 'ხელით', ხოლო ორი 10 'ხელით'", — განმარტეს მკვლევრებმა.
მეცნიერებმა ისიც დასძინეს, რომ ახალი სახეობების აღმოჩენა იშვიათობას არ წარმოადგენს, თუმცა ნამდვილი სირთულე მათთვის სახელის დარქმევაში მდგომარეობს.
კომენტარები