ავსტრალიის თავზე ატმოსფეროში შემოჭრილი ობიექტი რუსული რაკეტის ფრაგმენტი აღმოჩნდა
ავსტრალიის სამხრეთ ნაწილში 7 აგვისტოს ღამის ცაზე კაშკაშა ობიექტი გამოჩნდა, რომელიც ატმოსფეროში შემოიჭრა და იმ არეალში მცხოვრები ადამიანების ყურადღება მიიპყრო. სინათლესთან ერთად მას დედამიწის აირად გარსში შემოსვლისას ძლიერი ხმაც ახლდა თან, რომელიც გრგვინვის მსგავსი იყო.
ამ მოვლენის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა:
ასტროფიზიკოს ჯონათან მაკდაუელის მეშვეობით მალევე გაირკვა, რომ ეს ობიექტი Soyuz-ის ტიპის რუსული რაკეტის მესამე საფეხური იყო. მისი განცხადებით, აპარატმა ორბიტაზე 7 აგვისტოს Glonass-ის სანავიგაციო ხელოვნური თანამგზავრი გაიტანა.
აღნიშნული ინფორმაცია ავსტრალიის კოსმოსურმა სააგენტომაც დაადასტურა:
"დავადგინეთ, რომ მელბურნის ღამის ცაზე გამოჩენილი მოციმციმე სინათლე, სავარაუდოდ, რუსული Soyuz-2 რაკეტა იყო, რომელიც დედამიწის ატმოსფეროში შემოიჭრა", — ვკითხულობთ სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.
რაკეტა რუსეთში მდებარე პლესეცკის კოსმოდრომიდან თბილისის დროით 17:20 საათზე გაუშვეს. ის სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით გაემართა და მას შემდეგ, რაც ორბიტაზე ტვირთი აიტანა, მისი მესამე საფეხური უკან, ისევ პლანეტაზე ჩამოვარდა. ფრაგმენტი ღია ოკეანის თავზე დაიწვა.
მელბურნის მონაშის უნივერსიტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის სკოლის პროფესორის, მაიკლ ბრაუნის თქმით, Soyuz-ის ტიპის რაკეტის ეს ნაწილი ატმოსფეროში შემოსვლისას წამში რამდენიმე კილომეტრს ფარავდა.
"შემოჭრილი კოსმოსური ნარჩენი ზოგჯერ მეტეორები ჰქონიათ, რომლებიც ასევე გასაოცარ სანახაობას ქნის, მაგრამ, როგორც წესი, უფრო ხანმოკლეს, რადგან ატმოსფეროს ბევრად სწრაფად ეჯახება.
შესაძლებელია, რაკეტის პატარა ფრაგმენტებს ხმელეთამდე ჩამოეღწია ან ოკეანეში ჩაცვენილიყო, მაგრამ მსგავსი ნარჩენები გარემოს იშვიათად აზიანებს", — ამბობს ბრაუნი.
კომენტარები