ნახეთ: ინდოეთის მავალმა მთვარის ორბიტამდე მიაღწია და საოცარი კადრები გადაიღო
ინდოეთის კოსმოსური კვლევების ორგანიზაციის (ISRO) მიერ მთვარისკენ 14 ივლისს გაშვებული ხომალდი 5 აგვისტოს დედამიწის თანამგზავრის ორბიტაზე შევიდა და იქიდან შთამბეჭდავი კადრებიც გადაიღო.
დასაშვები მოდულისგან და მავალისგან შემდგარმა Chandrayaan-3-მა თავდაპირველად დედამიწის ელიფსურ ორბიტამდე მიაღწია, შემდეგ კი ეტაპობრივად შედარებით მაღლა გადაინაცვლა. 31 ივლისს აპარატმა ძრავები აამუშავა და მთვარისკენ აიღო გეზი. ახლა ის უკვე ჩვენს მეზობელ ციურ სხეულს უვლის გარს, ხოლო 23 აგვისტოს მის ზედაპირზე დაშვებას შეეცდება.
მანამდე ხომალდი ძრავებს კიდევ რამდენჯერმე გაააქტიურებს, რათა წრიულ ორბიტაზე განლაგდეს, რომელიც მთვარის ზედაპირიდან დაახლოებით 100 კილომეტრით იქნება დაშორებული. ეს დაშვების მცდელობამდე 1 კვირით ადრე მოხდება.
მისიის ამ ეტაპზე ორბიტიდან აღბეჭდილი გასაოცარი კადრები მივიღეთ, რომლებზეც ჩვენი პლანეტის ერთადერთი თანამგზავრის კრატერიანი ლანდშაფტი მოჩანს. ინდოეთის კოსმოსურმა სააგენტომ ეს სურათები 45-წამიან ვიდეოში გააერთიანა, რომელშიც თავად აპარატის მზის პანელებსაც ვხედავთ.
ქვეყანას მისია Chandrayaan-3 დაახლოებით 73 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა. მისი მიზანია, მთვარის სამხრეთ პოლუსზე უსაფრთხოდ დაეშვას. თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, ინდოეთი მსგავსი მნიშვნელოვანი მიღწევით აშშ-ის, საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის გვერდით დაიკავებს ადგილს.
დასაჯდომი მოდული Vikram-ის სახელითაა ცნობილი და მასზე პატარა მავალი Pragyan არის მიმაგრებული. თითოეული მათგანი დაახლოებით 14 დედამიწური დღის განმავლობაში, როცა მთვარეზე დღეა, იქაურობას გამოიკვლევს და ექსპერიმენტებს ჩაატარებს.
აღსანიშნავია, რომ მისია გამოწვევებითაა სავსე, რადგან მთვარის სამხრეთ პოლარულ რეგიონში გადაადგილება მარტივი არაა, რომ არაფერი ვთქვათ ძალიან დაბალ ტემპერატურაზე. ასევე, ლიმიტირებულია მზის სხივებიც, რომლებიც ენერგიის მისაღებადაა საჭირო.
კომენტარები