2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში მეწყერი ჩამოწვა, რასაც მასშტაბური სტიქია და მსხვერპლი მოჰყვა.

იხილეთ: ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან — განახლებადი

იმისათვის, რომ მსგავსი ექსტრემალური სიტუაციებისთვის მზად ვიყოთ, არაერთი სტრუქტურის ერთობლივი მუშაობაა საჭირო. მეორე მხრივ, ზოგჯერ ინდივიდუალური ძალისხმევა და ინფორმირებულობაც კმარა თუნდაც ერთი სიცოცხლის გადასარჩენად.

განმარტებებით რომ დავიწყოთ:

მეწყერი მოვლენაა, როდესაც ქვების, მიწისა და ქანების მყარი მასა ფერდობზე იწყებს ჩამოწოლას.

ღვარცოფი სწრაფად მოძრავი მეწყერია, რომელიც თხევადი მასისაგან შედგება და ძირითადად არხებში გადაადგილდება.

რა იწვევს მეწყერსა და ღვარცოფს

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიხედვით, მეწყერს ქანობის ბუნებრივი სტაბილურობის რღვევა იწვევს. შესაძლოა, იგი უხვ ატმოსფერულ ნალექებთან ერთად განვითარდეს; ზოგჯერ მოსდევს გვალვას, მიწისძვრას ან ვულკანის ამოფრქვევასაც.

მეორე მხრივ, ღვარცოფი მიწაში წყლის სწრაფ დაგროვებას მოსდევს. შედეგად წყლით გაჯერებული მიწა, ქანების მონატეხები და ქვები ადგილიდან წყდება.

ღვარცოფი, როგორც წესი, ციცაბო დაქანებებზე იწყება. მისი გააქტიურება ბუნებრივ კატასტროფასაც შეუძლია, თუნდაც მეწყერს.

ლანდშაფტის ბუნებრივი სტაბილურობის რღვევა არაერთმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. ამის მიხედვით, მეწყრისა და ღვარცოფის განვითარების რისკი ზოგიერთი ტიპის არეალში მეტია. ასეთებია:

  • ტერიტორიები, სადაც ტყის ხანძრების ან ადამიანის საქმიანობის შედეგად მცენარეულობა განადგურებულია;
  • ადგილები, სადაც მეწყერი აქამდეც ჩამოწოლილა;
  • დაქანებული ფერდობები და ადგილები, რომლებიც ქანობების ან კანიონების ძირში მდებარეობს;
  • ფერდობები, რომლებსაც შენობებისა და გზების მშენებლობის გამო სახე უცვალეს;
  • მდინარის გასწვრივ არსებული არხები;
  • ადგილები, საითკენაც ხმელეთზე დაგროვილი წყალი მიემართება.

მსგავსი რისკფაქტორების განსაზღვრა და პროცესების წინასწარი შეფასება შესაძლებელია.

საქართველო და მთლიანად სამხრეთკავკასია მეწყრებისა თუ წყალდიდობებისაკენ მიდრეკილი ტერიტორიებია. რაჭა მეწყერსაშიშ ზონადაა აღიარებული.

მაღალმთიან რეგიონში აქტუალურია ტყის საფარის დაკარგვის პრობლემაც.

მიუხედავად რისკფაქტორების შეფასებისა, ნაკლებადაა შესაძლებელი იმის განსაზღვრა, თუ როდის განვითარდება მოვლენა. შესაბამისად, ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, გარემოსდაცვაზე ზრუნვა და ზოგადი რეკომენდაციების შესრულებაა.

ირაკლი მეგრელიძის, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, განცხადებით, რაჭის სტიქიის შემთხვევაში საფრთხე უკვე ნაკლებადაა, რადგან დიდი მასა უკვე ჩამოსულია, თუმცა საქართველოს მდებარეობისა და კლიმატის ცვლილების გამო სამომავლოდ დაცულები მაინც არ ვართ.

"ამ ეტაპზე, ხეობაში მსგავსი პროცესების განმეორების საფრთხე და რისკი არის მინიმალური, რადგან დიდი მოცულობა უკვე ჩამოსულია; თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე არ არსებობს, რადგან გვაქვს ბევრი მყინვარი: თბილისის მყინვარი, ბუბას მყინვარი, იგივე ჭანჭახის ხეობა; ბევრგან შეიძლება განვითარდეს მსგავსი ტიპის მოვლენა და ამისგან დაზღვეული არ ვართ არა მარტო რაჭის რეგიონში, ეს შესაძლოა იყოს სვანეთი, ყაზბეგი, რადგან, როგორც აღვნიშნე, კლიმატის ცვლილებას და გლობალურ დათბობას მოსდევს მსგავსი ტიპის პროცესები", — განაცხადა მეგრელიძემ.

როგორ მოვიქცეთ სტიქიის ზონაში

პირველ რიგში, თუ ფლობთ ინფორმაციას დაკარგული ადამიანების შესახებ, დარეკეთ ცხელი ხაზის ნომერზე 598 913 089 ან 112-ში.

თუკი სტიქიის ზონაში მეწყრულ მასას შეეხეთ ან თუნდაც პატარა ჭრილობა მაინც მიიღეთ, უნდა მიმართოთ დაავადებათა კონტროლის ტეტანუსის აცრის მობილურ პუნქტს. დეტალებისთვის დაუკავშირდით საქართველოს წითელი ჯვრის ცხელ ხაზს: 032 2 501 105.

რაჭის სტიქიის ზონაში მოხვედრილთათვის საქართველოს წითელი ჯვრის ასოციაცია ავრცელებს განცხადებას Facebook-ზე. პოსტში რამდენიმე საკონტაქტო ნომერსაც იხილავთ:

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ მასშტაბის სტიქიის პროგნოზირება შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ინდივიდუალურ დონეზე მინიმალური ზომების მიღებაც კი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს, როცა ამ ტიპის ბუნებრივ კატასტროფასთან გვაქვს საქმე.

CDC-ს ზოგადი რეკომენდაციები შემდეგნაირია:

პრევენცია

შეამოწმეთ, რამდენადაა ადგილი მეწყრის/ღვარცოფის რისკის ქვეშ — ტყის ხანძრები, ხეების მასობრივი ჭრა და აქამდე მომხდარი ბუნებრივი კატასტროფა რამდენიმე ასეთი რისკფაქტორია.

  • დააკვირდით წყლის დონეს — შესაძლოა, უცაბედი კლება ან მატება მეწყერზე/ღვარცოფზე მიანიშნებდეს; მცირეოდენ ტალახიან დინებას ზოგჯერ უფრო დიდი ნაკადი მოსდევს;
  • ყურადღებით დააკვირდით გარემოს — საფრთხეზე შეიძლება მეტყველებდეს: გადახრილი ხეები, სატელეფონო ბოძები და ღობეები; ასევე გორაკებზე ხვრელების ან შიშველი ადგილების გაჩენა;
  • ყური მიუგდეთ ნებისმიერ ხმაურს — ასე მეწყრის ან ღვარცოფის მოახლოებას გაიგებთ; ყურადღებით იყავით მანქანის მართვის დროსაც, რადგან ამ დროს გზის ჩახერგვის საშიშროება არსებობს.

როგორ მოვიქცეთ მეწყრის/ღვარცოფის დროს

  • შეძლებისდაგვარად მოშორდით ნაკადს — თუკი მეწყრის/ღვარცოფის მოახლოება გარდაუვალია, სწრაფად გადადით ნაკადის საპირისპირო მიმართულებით — უკეთესი გამოსავალი არ არსებობს;
  • იპოვეთ შემაღლებული ადგილი — იგი ნაკადის საპირისპირო მიმართულებით უნდა იყოს;
  • რაიმეს შეეფარეთ — თუკი ქვები და სხვა მასა ახლოვდება, უახლოესი თავშესაფრისკენ გაიქეცით და რაიმეს ამოეფარეთ (მაგიდას ან რომელიმე სხვა მყარ ავეჯს, თუ შესაძლებელია).

მეწყრის ან ღვარცოფის შემდეგ

  • შეძლებისდაგვარად მოშორდით სტიქიის ადგილს — შესაძლოა, მეწყრის/ღვარცოფის შემდეგ დატბორვამ ან განმეორებითმა ნაკადებმა იჩინოს თავი;
  • შეამოწმეთ, გარშემო ვინმე ხომ არაა დაზიანებული/გაჭედილი — შეძლებისდაგვარად ეცადეთ მათი შველა ისე, რომ მეწყრის/ღვარცოფის ნაკადში არ მოგიწიოთ შესვლა;
  • ეცადეთ დარჩეთ ხაზზე, რათა რადიოდან, ტელევიზიიდან თუ სოციალური ქსელებიდან საჭირო ინფორმაცია შეიტყოთ;
  • ზარალის შესახებ შესაბამის უწყებებს აცნობეთ.

ჩამოთვლილ პუნქტთა უმრავლესობა გამოუსადეგარია მათთვის, ვისაც ამ მასშტაბის სტიქიისას არც კი მიეცა მოქმედების შანსი. მეორე მხრივ, ზოგადი პრინციპების გათვალისწინება ის მნიშვნელოვანი მინიმუმია, რომლის გაკეთებაც სხვა დროს შესაძლო ტრაგედიების თავიდან ასარიდებლად შეგვიძლია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.