რა ხდება ახლა — განახლებადი

ეს განახლებადი მასალა დახურულია. მოვლენების განვითარებას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ჩვენს ფეისბუქგვერდსა და ვებგვერდზე.


22:29 მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, გუშინ 2 დაკარგული ადამიანი კონტაქტზე გავიდა. ჟურნალისტების კითხვაზე, არსებობს თუ არა გადარჩენილების პოვნის შანსი, ლერი ბარნაბიშვილმა ასე უპასუხა:

"შანსი ყოველთვის არსებობს. შესაძლებელი არის, როგორც მოხდა გუშინ, რომ ადამიანებს ვეძებდით ჩვენ და არ გამოდიოდნენ კონტაქტზე, გუშინ გამოვიდა 2 ადამიანი და მაგის იმედი გვაქვს ყოველთვის. მაგ ინფორმაციას ვერ გეტყვით [სად იყვნენ]. 2 ადამიანი, ვისთანაც კონტაქტს ვერ ვამყარებდით, დამყარდა გუშინ კონტაქტი".


22:22 აზარაშვილის თქმით, დაკარგულებს შორის "7 თუ 8 ბავშვია".


22:20 ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რატომ არის ცხედრების მხოლოდ ნაწილი იდენტიფიცირებული.

"ზოგიერთი ცხედრის სხვადასხვა ნაწილები იქნა აღმოჩენილი და იქ სხვადასხვა ეტაპებია გასავლელი. ერთ-ერთი მაგალითად დნმ-ის ანალიზია. დასახიჩრებული ცხედრებიც გვაქვს", — თქვა აზარაშვილმა.


20:50 სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.


20:37 მაშველი ძაღლები სტიქიის ზონაში

ფოტო: შსს

ფოტო: შსს

ფოტო: შსს


20:26 რადიო თავისუფლების ფოტორეპორტაჟი სტიქიის ზონიდან


20:18 რუსეთის წარმომადგენლობის ცნობით, შოვში ერთ-ერთი დაღუპული რუსეთის მოქალაქეა

მათი განცხადებით, ქსენია ტრიჩევა გარდაცვლილი იპოვეს — მისი ცხედარი ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა მორგში ამოიცნო.


19:45 ავსტრიის სამძიმარი:

"ავსტრიის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. ავსტრიის საელჩო ადევნებს თვალს მიმდინარე სამაშველო და საევაკუაციო სამუშაოებს და გამოთქვამს დიდ იმედს, რომ ყველა ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ რჩება სტიქიის ზონაში ან ითვლება დაკარგულად, სწრაფად და უვნებლად დაბრუნდება სახლში".


19:10 თურქეთის სამძიმარი:

"დიდი მწუხარებით შევიტყვეთ შოვში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაკარგული პირების შესახებ.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულ პირებს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას. გითანაგრძნობთ, საქართველო!"


18:57 საგანგებოს უფროსის კომენტარი მედიასთან:

"დღეს ნანახია 5 ცხედარი, რომელიც გადასვენებულია პროზექტურაში. საერთო ჯამში სტიქიის ზონაში 16 ცხედარია მოძიებული. მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება. ცხედრები ნანახია ერთი და იგივე, ე.წ. კოტეჯების ლოკაციაზე. რაც შეეხება, სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობას დღეს დილიდან აქტიური სამუშაოების შედეგად მოეწყო მდინარეზე გადასასვლელი რკინის კონსტრუქციის ხიდი, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ სტიქიის ზონაში შევიყვანოთ ყველა საჭირო ტექნიკა. მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად გავაგრძელებთ სამუშაოებს, არის ღამის განათებები და საძიებო სამუშაოები გაგრძელდება 24 საათიან სამუშაო რეჟიმში. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი, პროცესი გრძელდება და დღის ბოლომდე ვფიქრობ, რომ გარკვეული სიახლეები გვექნება ამ მიმართულებით", — განაცხადა მღებრიშვილმა.

გაიგეთ მეტი აქ.


18:54 სტიქიის ზონაში კიდევ ერთი, მე-16 ცხედარი იპოვეს.


18:26 სტიქიიდან მესამე დღეს შოვში დროებითი გადასასვლელი ხიდი მოეწყო.

"უკვე მოეწყო დროებითი ხიდი და სრულდება სამანქანო გზის მოწყობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამძებრო-სამაშველო ოპერაციის წარმოებას", — წერს გზების დეპარტამენტი.

ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი


17:54 უკრაინული მედიის, ევროპეისკა პრავდას ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს უკრაინის მოქალაქის, ალინას პოლიკოვსკას დაღუპვა.
მათივე განცხადებით, უკრაინის საელჩო ახლობლებთან კავშირზეა და თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლებასთან ცხედრის გადასვენების საკითხზე.

ალინა პოლიკოვსკას დაღუპვაზე დღეს დაწერა ზაზა მესხის ყოფილმა ცოლმაც.


17:38 სხვადასხვა საინფორმაციო ვებგვერდზე ვირუსულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს რამდენიმე დაკარგული მოქალაქე კონტაქტზე გამოვიდა. ამას ოფიციალური უწყებები არ ადასტურებენ.

ბოლო 2 დღის განმავლობაში არაერთი დაუდასტურებელი და ყალბი ამბავი გავრცელდა დაკარგული მოქალაქეების პოვნის შესახებ.


16:30 დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. 21 ადამიანის ძებნა გრძელდება.


16:13 მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. 22 ადამიანის ძებნა გრძელდება.


16:09 ფოტო სტიქიის ზონიდან.


15:59 ევროკომისარის სამძიმარი:

"ვუსამძიმრებ ოჯახებს და ახლობლებს, რომლებმაც შოვში ტრაგიკული სტიქიისას დროს საყვარელი ადამიანები დაკარგეს. იმედია, სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციები წარმატებული იქნება. ჩვენი ფიქრები და ლოცვები ქართველ ხალხთანაა", — წერს ოლივერ ვარჰეი.


15:57 გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრები სტიქიის ზონაში

ფოტო: გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი

ფოტო: გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი


15:51 ზაზა მესხის ყოფილი ცოლი ფეისბუქზე წერს, რომ დაღუპულებს შორის ალინა პოლიკოვსკა ამოიცნეს. ის ქმართან, ზაზა მესხთან და 3 ბავშვთან ერთად დაკარგულთა შორის იყო. გარდაცვალებას ადასტურებენ, ალინას ახლობლებიც.

ამ ეტაპზე ოფიციალური უწყებები კომენტარს არ აკეთებენ.

ზაზა მესხი და ალინა პოლიკოვსკა

ზაზა მესხი და ალინა პოლიკოვსკა

ფოტო: კადრი სოციალური ქსელიდან


15:39 მშობლები სტიქიის ზონაში შვილებს ეძებენ

ფოტო: მთის ამბები


15:31 სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა.


14:42 მარიტა გუტაშვილის ოჯახის 9 წევრს ამ დრომდე ეძებენ. სტიქიას მისი ძაღლი გადაურჩა.


14:22 დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი აქვეყნებს Landsat-ის მიერ, 27 ივლისსა და 4 აგვისტოს გადაღებულ სატელიტურ სურათებს. მათი განმარტებით, ეს სურათები გადაღებულია ისეთ დროს, როდესაც ღრუბელია და გარჩევადობა დაბალი. მიუხედავად ამისა, სავარაუდოა რომ ამ შუალედში, შოვიდან 7 კილომეტრში დაახლოებით, მდინარე ბუბაზე კალაპოტი მკვეთრად გაგანიერებულია, ანუ მეწყრულ-ღვარცოფული პროცესი დაწყებულია, რამაც შესაძლოა გამოიწვია მდინარის გადაკეტვა (ადგილობრივებმა თქვეს, ქვემოთ მდინარე აღარ მოდიოდაო).


14:17 ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს სტიქიის წინა პერიოდში არსებულ პრობლემებზე და ინფორმაციაზე, რომელზეც პასუხისმგებელი პირები ყურადღებას არ ამახვილებდნენ.

"მე მაქვს ჩემი ინფორმაცია, ბუნებრივია, ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემგან არ იქნება სწორი ამაზე საუბარი. არიან შესაბამისი სტრუქტურები, უწყებები, რომლებსაც შეუძლიათ კომპეტენტური პასუხის გაცემა. მე რაც არ უნდა ინფორმირებული ვიყო ამ ყველაფერზე, ჩემგან არ იქნება სწორი კომენტარების კეთება. დაველოდოთ, ყველაფრით დავინტერესდებით, რა თქმა უნდა", — განაცხადა კობახიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არავინ იჩქაროს დასკვნების გამოტანა.


14:14 სტიქიის ზონაში დაზარალებულებისთვის სხვადასხვა კომპანიამ და პარტიამ თანხის და სხვა საჭირო ნივთების შეგროვების იდეა გამოთქვა. ამასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძე ამბობს:

"ყველაფერი გაკეთდა მაქსიმალურად, ყველანაირი რესურსი იყო უზრუნველყოფილი იმ პირობების გათვალისწინებით, რაც არის ხეობაში. ამ პირობების გათვალისწინებით, სრული რესურსი იყო მობილიზებული, შესაბამისად, დაბრკოლება სამაშველო სამუშაოებს ამ თვალსაზრისით არ ჰქონია.

რაც შეეხება სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფას, წყალი, საკვები, ტანსაცმელი და ა.შ., ყველაფერი არის უზრუნველყოფილი და მე რა ინფორმაციაც მაქვს შესაბამისი უწყებებიდან, დამატებითი რესურსის საჭიროება დღეს არ დგას".


13:58 მთის ამბები სტიქიის ზონიდან ერთადერთ ნაწილობრივ გადარჩენილი კოტეჯის კადრს ავრცელებს

ფოტო: მთის ამბები


13:40 სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა.


13:20 მთის ამბების ახალი კადრები სტიქიის ზონიდან

ფოტო: მთის ამბები

ფოტო: მთის ამბები


13:00 დაღუპულთა ცხედრების ნაწილის ამოცნობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თქმით, ამოცნობილია 6 ცხედარი.


12:16 შსს-ს განცახდებით, დაკარგული მოქალაქეების ოჯახის წევრები სტიქიის ეპიცენტრში ჩაიყვანეს.

ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო


12:15 სამხედრო მოსამსახურეები სამძებრო სამუშაოებში ჩაერთნენ.


12:01 გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს სტიქიის გამომწვევ მიზეზებსა და იმ ბუკლეტზე, რომელიც სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა.

უწყება ამ მასშტაბის სტიქიის მიზეზად რამდენიმე პროცესის თანხვედრას ასახელებს. რაც შეეხება დასკვნას, მათი განმარტებით, ბიულეტენში საუბარია მდ. დღვიორაზე, რომელიც არის მდ. ჭანჭახის მარცხენა შენაკადი, სადაც ხშირია ღვარცოფული ნაკადების გავლა და ეს ლოკაცია 1,5 კილომეტრით ქვემოთ მდებარეობს სტიქიის ზონიდან.

სრულად ნახეთ აქ.


11:44 სტიქიის ზონაში, მესამე დღეა მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება.

"სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი", — აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.


11:43 საგანგებო მოუწოდებს მოქალაქეებს, სტიქიის ზონაში თვითნებურად არ გამოიყენონ დრონები, რადგან საფრთხის შემცველია ვერტმფრენებისთვის.


11:19 თიბისიმ რაჭაში სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდი შექმნა, რომელშიც ნახევარ მილიონ ლარს შეიტანს.


11:15 დიდი ბრიტანეთის სამძიმარი:

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ რაჭაში დაღუპულთა გამო. თანავუგრძნობთ მათ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგეს და ვის ახლობლებსაც ეძებენ".


11:01 ქარტია სტიქიის ზონაში სახელისუფლებო გუნდის წევრების მიერ მთის ამბების ჟურნალისტზე სიტყვიერ თავდასხმას ეხმიანება და მოუწოდებს ხელისუფლებას, არ შეუშალოს ხელი მედიის წარმომადგენლებს მუშაობაში.

სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.


11:00 ვაგრძელებთ განახლებად რეჟიმში ინფორმაციის მოწოდებას.


00:28 დილამდე ვაჩერებთ განახლებად რეჟიმში გაშუქებას და მოვლენების განვითარებასთან ერთად დაგიბრუნდებით.


00:12 Black Sea Arena-მ 5-6 აგვისტოს დაგეგმილი კონცერტები გააუქმა

"ვუსამძიმრებთ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ოჯახის წევრი დაკარგა და ვლოცულობთ მათთვის, ვინც ამ მძიმე წუთებში ახლობლებს ეძებს", — წერია განცხადებაში.


23:09 ანდრეი ერმაკის სამძიმარი:

"გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ქართულ საზოგადოებას, ქართველ ხალხს თავს დატრიალებულ სტიქიასთან დაკავშირებით. მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილის ნათესავებთან და მეგობრებთან და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ სოფელ შოვში მეწყერის შედეგად ყველა დაშავებულს".


23:01 თავდაცვის მინისტრის განმარტებით დაღუპული 11 ცხედრიდან ყველა არ არის იდენტიფიცირებული


22:58 ჯუანშერ ბურჭულაძის კომენტარი:

"ხვალ სპეციალურ ხიდს მოაწყობს საგზაო დეპარტამენტი, რომელზეც იმოძრავებს მძიმე ტექნიკა. ხვალ ჩამოვა დამატებითი ტექნიკა, გამოვიყენებთ თავდაცვის ძალების ტექნიკასაც და გავშლით საფეხმავლო ხიდს, რომ არ შეუშალოს ხიდს ფეხის მოსიარულეებმა და მძიმე ტექნიკამ".


22:50 გაეროს სამძიმარი:

"გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხსა და მთავრობას, განსაკუთრებით მათ, ვინც ამ კატასტროფის შედეგად ოჯახის წევრები დაკარგა. ჩვენი ფიქრები მათთანაა, ვინც ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება, ისევე როგორც მათთან, ვინც დაშავებულია და კატასტროფას გადაურჩა. [...]

შოვში განვითარებული მეწყერი გამოწვეულია ინტენსიური ნალექითა და მდინარის ბუნებრივი კაშხლებით. ეს მკვეთრი შეხსენებაა კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედების შესახებ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის".


22:42 მთის ამბების ინფორმაციით, შოვში სტიქიის გაშუქებისას სამთავრობო გუნდის წევრები დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთი მათგანი კამათისას ჟურნალისტს წყალში გადაგდებით დაემუქრა.

"საღამოს, "მთის ამბებს" შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთი კოვზიაშვილმაც უსაყვედურა ერთ-ერთი ფოტოს გამო, რის შემდეგაც, მის ირგვლივ მყოფმა ადგილობრივი ხელისუფლებისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ჩვენს ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. განსაკუთრებით ამბროლაურის საკრებულოს წევრი და კომისიის თავმჯდომარე ელიზბარ კობახიძე, მეტსახელად "ბუთა" აქტიურობდა", — წერს გამოცემა.


22:33 სახელმწიფო დეპარტამენტის სამძიმარი:

"ვუსამძიმრებთ ამ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს".

22:26 უკრაინის პრეზიდენტმა სამძიმარი 2 ენაზე გამოაქვეყნა


22:20 ზელენსკის სამძიმარი:

"ღრმად თანავუგრძნობთ საქართველოს საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ რაჭის მაღალმთიან რეგიონში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ყველა დაშავებულს".


22:11 ლელა წურწუმიას კონცერტი გაუქმდა

"ჩემო მეგობრებო, რა თქმა უნდა დღევანდელი საღამო არ ჩატარდება. ვუთანაგრძნობთ ტრაგედიიის დროს დაღუპული ოჯახების წევრებს…"

22:07 ვითარება სტიქიის ზონაში: IPN-ის ფოტოები


21:58 რა მოხდა რაჭაში? — ექსპერტთა ამჟამინდელი შეფასებები

მასალის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.


21:10 რა არის მეწყერი და ღვარცოფი, როგორ ჩნდება და რა უნდა ვიღონოთ ექსტრემალურ პირობებში

განმარტებებით რომ დავიწყოთ:

მეწყერი მოვლენაა, როდესაც ქვების, მიწისა და ქანების მყარი მასა ფერდობზე იწყებს ჩამოწოლას.

ღვარცოფი სწრაფად მოძრავი მეწყერია, რომელიც თხევადი მასისაგან შედგება და ძირითადად არხებში გადაადგილდება.

გაიგეთ მეტი აქ.


20:48 თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შოვის მიმართულებით გაემგზავრა აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი, სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით.


20:45 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა მედიასთან დღის შემაჯემებელი კომენტარი გააკეთა.


20:25 წითელი ჯვრის ინფორმაციით, ყველა მოხალისემ და დაზარალებულმა, ჭრილობის ან მეწყრულ მასასთან შემხებლობის შემთხვევაში უნდა მიმართოს დაავადებათა კონტროლის ცენტრს.


19:50 გეოლოგიური ბიულეტენი საქართველოში 2021 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2022 წლისთვის — ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელზეც იმ მოსალოდნელ საფრთხეზეა საუბარი, რომლის წინაშეც შოვი ორი წლის შემდეგ აღმოჩნდა.

დოკუმენტის თანახმად, რაჭაში, სტიქიის ადგილას, მდინარე ჭანჭახის მარცხენა შენაკადის მდინარე დღვიორას ხეობაში ღვარცოფის საშიშროების რისკი მაღალია.

გაიგეთ მეტი აქ.


19:15 თავრობა ავრცელებს ვიდეოს იმის საჩვენებლად, როგორ დაათვალიერა პრემიერმინისტრმა მთავრობის წევრებთან ერთად სტიქიის ზონა.


18:53 სომხეთის სამძიმარი:


18:45 მღებრიშვილის თქმით, იმ პირთა ოჯახის წევრებს, ვისთან დაკონტაქტებაც ამ დრომდე ვერ ხერხდება, სტიქიის ზონაში შესვლა შესთავაზეს.

"იმ ადამიანების ოჯახის წევრებს შევხვდით, ვისთანაც დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხდება, მოვახსენეთ მიმდინარე პროცესები, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს, რა მდგომარეობაა სტიქიის ეპიცენტრში და რა თქმა უნდა, მათ გამოთქვეს სურვილი, რომ უშუალოდ ნახონ სტიქიის ეპიცენტრი და ჩვენ მზად ვართ, რომ შევიყვანოთ ვერტმფრენის საშუალებით და თვითონ ნახონ თუ რა მძიმე სიტუაციაა".


18:20 გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი მეგრელიძის განცხადებით, პროცესების წინასწარი შეფასება შესაძლებელია, მაგრამ პროგნოზირება როდის და რა დროს მოხდება ეს, ფაქტობრივად გამორიცხულია.

"ამ ეტაპზე, ხეობაში მსგავსი პროცესების განმეორების საფრთხე და რისკი არის მინიმალური, რადგან დიდი მოცულობა უკვე ჩამოსულია; თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე არ არსებობს, რადგან გვაქვს ბევრი მყინვარი: თბილისის მყინვარი, ბუბას მყინვარი, იგივე ჭანჭახის ხეობა; ბევრგან შეიძლება განვითარდეს მსგავსი ტიპის მოვლენა და ამისგან დაზღვეული არ ვართ არა მარტო რაჭის რეგიონში, ეს შესაძლოა იყოს სვანეთი, ყაზბეგი, რადგან, როგორც აღვნიშნე, კლიმატის ცვლილებას და გლობალურ დათბობას მოსდევს მსგავსი ტიპის პროცესები", — განაცხადა მან.


18:06 თბილისის მერი და სპეკულაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისმა ოჯახის წევრებმა სახელმწიფოს კუთვნილი ვერტმფრენით დატოვეს ტერიტორია.


17:48 ქართული ოცნების თავმჯდომარეც გამოჩნდა და განცხადება გაავრცელა.

"უმძიმესმა ტრაგედიამ შეძრა საქართველო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს და ჩვენ ქვეყანას.

მადლობას ვუხდი პოლიციელებს, მაშველებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად. მადლობა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართულ ყველა უწყებას. სამაშველო სამუშაოები გრძელდება და იმედია, რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა გახდება შესაძლებელი", — წერს ის.


16:58 უკრაინის სამძიმარი:

"უკრაინის საელჩო საქართველოში უსამძიმრებს მოძმე ქართველს ხალხს და გულწრფელ მწუხარებას გამოთქვამს რაჭის მთიან რეგიონში, კურორტ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ადამიანების ტრაგიკულად დაღუპვის გამო. სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს. მწუხარებით თავს ვიხრით მათ წინაშე".


16:30 აზერბაიჯანის სამძიმარი:

"ვუსამძიმრებთ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს ახლობლები შოვში, რაჭაში, მასიური მეწყერის შედეგად. ვიმედოვნებთ, რომ ათეულობით ადამიანს, რომლებიც ჯერ კიდევ დაკარგულები არიან, ჯანმრთელებს იპოვიან. ჩვენ ვდგავართ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით", — აცხადებს მეზობელი ქვეყანა და დახმარებას გვთავაზობს.


16:26 კადრები სტიქიის ზონიდან

ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ფოტო: შსს

ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი


16:03 ჯანდაცვის მინსტრის თქმით, მაშველები 25 ადამიანს ეძებენ.


15:58 რაჭაში კიდევ 4 ცხედარი იპოვეს, დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ვერ დაადასტურებს, რომ დაღუპულთა შორის ბავშვები არიან.


15:07 პრეზიდენტი გამოეხმაურა პრემიერმინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ მეზობელ ქვეყნებს დახმარება არ თხოვეს, რადგან საჭიროება ვერ დაინახეს.

"მოვისმინე პრემიერმისგან, რომ ჯერ არ ვთვლით, რომ რაიმე დახმარება იყოს საჭირო სხვა ქვეყნების, სხვა პარნტიორებისგან. თუ ეს საჭროება გამოჩნდა, თუ ჩემი როლი სხვადასხვა ლიდერის ქვეყნებთან დაკავშირებაში საჭირო გახდა, მზად ვარ რომ მონაწილეობა მივიღო. ჩვენ ამ ძალიან დიდი რაგედიის წინაშე ვართ ერთად და ვიქნებით ერთად".


15:05 ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მაშველებს და პარტნიორ ქვეყნებს, რომლებმაც სოლიდარობა გამოგვიცხადეს.

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მაშველებს, მათი როლი არ დასრულებულა და ეს არის ძალიან რთული ამ პირობებში მათი მუშაობა და ვიცით, რამდენად შეუძლიათ მათ ამ ძალიან რთულ პირობებში ყვეალფერი გააკეთონ, რათა ადამიანების სიცვოცხლე გადაარჩინონ.

ასევე, მინდა მადლობა მოვახსენი ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანს, რომელმაც დღეს უვკე გამოაცხადა სოლიდარობა. ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი".


15:04 სამოქალაქო საზოგადოებაში არსებული პროტესტის ფონზე, რაც სტიქიის შედეგებზე დაგვიანებულ რეაგირებას და მთავრობის როლს უკავშირდება, ზურაბიშვილმა მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადა. პრეზიდენტმა პროცესებში ჩართვის მზაობაც გამოთქვა.

"მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩემი ადმინისტრაცია და მე პირადად ვუცხადებთ სოლიდარობას ადგილობრივ ხელმძღვანელობას, ხელისუფლებას, ყველა უწყებას, რომელიც იქ არის ჩართული, მთავრობას. დღეს არის დრო ერთიანობის და ერთად ამ ტრაგედიის გადალახვის.

მინდა ისიც ვთქვა, რომ ჩემი ადმინისტრაცია და მე პირადად ყველაფერში ჩავერთვებით, სადაც ჩვენი აქტიურობა საჭირო იქნება. ჩვენც თვითონაც ვნახავთ მომავალ დღეებში, რა კუთხით შეიძლება ჩვენი როლი და ჩვენი წვლილი შეივატნოთ ამ ტრაგედიის გადალახვაში".


15:02 პრეზიდენტმა ერთად დგომის და სოლიდარობის მნიშნველობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა სამაშველო პროცესში მონაწილე პირებს:

"ჩვენ ვიცით ტრაგედიის წინაშე გაერთიანება და დღეს სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ყველა ჩვენი შესაძლებლობით დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რათა გადალახონ ეს უსაძლისი პერიოდი მათი ცხოვრების.

მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ მაშველს, მოქალაქეს, რომლებმაც ადგილზე, რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს, რათა გადარჩენილიყვნენ ის ადმაიანები, ვინც გადარჩნენ".


15:01 პრეზიდენტის სამძიმარი:

"მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და მინდა იმ ოჯახებთან ერთად ვილოცო, ვინც ჯერ კიდევ ელოდება, რომ დაკარგული ადამიანები, აღმოჩნდნენ ცოცხლები. ეს ტრაგედია არის ქვეყნისთვის, სრულიად საქართველოსთვის დიდი ტრაგედია, რომელსაც იზიარებს ყველა ჩვენი მოქალაქე", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

პრეზიდენტი ამ დრომდე არ გამოჩენილა. გუშინ მხოლოდ პირად გვერდზე გააზიარა ფოტო სტიქიის ზონიდან, მისი ბრიფინგი კი რამდენიმე საათის წინ ჩაინიშნა.


14:50 აშშ-ის საელჩოს სამძიმარი

"ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს და ვლოცულობთ დაკარგულთა დროულად პოვნისთვის.

ამ მძიმე წუთებში მაშველების თავდადება და ტრაგედიის პირისპირ ქართველი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერის სურვილით აღსასვე ერთიანობა შთამაგონებელია", — ვკითხულობთ განცხადებაში.


14:40 კახა კალაძის სამძიმარი:

"რაჭაში მომხდარმა სტიქიამ შეძრა საქართველო. შეუძლებელია სიტყვებით ასახო ის შემზარავი რეალობა, რაც სტიქიამ დაგვატეხა თავს. მთელი გულით ვუსამძიმრებ შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს! ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს! მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარე სამუშაოებში, ჩვენს გმირ მაშველებთან ერთად, მონაწილეობს. ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო ლოცულობს დაკარგულთა გადასარჩენად".


14:35 სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო. ის მადლობას უხდის სამაშველო ოპერაციაში ჩართულ თითოეულ ადამიანს და ხაზს უსვამს, რომ მსგავს კრიზისულ ვითარებასთან გასამკლავებლად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ნაკლებობა კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვასთან.

სახალხო დამცველი საკუთარი მანდატის ფარგლებში შეისწავლის მომხდარსა და მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.


14:25 კითხვაზე, რატომ არ თხოვეს დახმარება მეზობელ ქვეყნებს, ღარიბაშვილმა თქვა, რომ ამის საჭიროება არ იყო.


14:20 ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს სამაშველო ვერტმფრენებზეც და იმაზე, რა ისწავლეს წინა ტრაგედიებიდან. პასუხად პრემიერმა ჟურნალისტები გალანძღა და შეურაცხმყოფელად მოიხსენია.

"არ მინდოდა ამ საკითხებზე საუბარი დღეს, მაგრამ დღეს ვისმენთ. მე, რა თქმა უნდა, არ გავაკეთებ კომენტარს იმ ხელმოცარულ პოლიტიკოსებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, მაგრამ თქვენ პირადად, თქვენი ტელევიზია (TV პირველი) და სხვა ტელევიზიები, მთელი დღის განმავლობაში, როცა გვყავს გარდაცვლილი მოქალაქეები, ტრაგედიაა, როცა ოჯახის წევრები ვერ პოულობენ საკუთარ ოჯახის წევრებს, ამორალურ ქმედებას ეწევით. ინფორმაციას ატყუებთ მოსახლეობას, თურმე მთავრობამ გადაწყვიტა ვერტმფრენების შეძენა, გავიდა ერთი წელი და არ შევიძინეთ. ასეთ არასერიოზულ ტყუილებზე, მე გთხოვთ, რომ ასეთ დროს მაინც შეიკავოთ თავი", — განაცხადა მან.

ამ დროს ჟურნალისტები იმეორებდნენ, რომ შეეძლოთ მისი ციტატის მაგალითად მოყვანა, თუმცა ღარიბაშვილი ყურადღებას არ ამახვილებდა. შემდეგ კი ასე გააგრძელა:

"თქვენ ან პრობლემა გაქვთ სერიოზული ან გაგების ინფორმაციის. უფრო მეტი პრობლემა გაქვთ მემგონი, თქვენ 24 საათი ერთადერთ დავალებას ასრულებთ, ჩვენი ხალხის შეცდომაში შეყვანის, ხალხის დაზაფვრის".


14:18 "ასეთი კატაკლიზმები, ტრაგედიები, სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში და ყოველგვარი საუბარი იმაზე, რომ ამის არიდება შეიძლებოდა, მგონი, ძალიან არასერიოზულია. ერთი რამ მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ასეთ მძიმე წუთებში, ყველანი გავერთიანდეთ, სოლიდარობა გამოვხატოთ და ვილოცოთ ამ ოჯახებისთვის", — განაცხადა პრემიერმინისტრმა.


14:16 ღარიბაშვილის თქმით, სამძებრო სამუშაოები დღეს და შაბათ-კვირას გაგრძელდება და გლოვის დღედ ორშაბათი გამოცხადდება.


14:15 "უზარმაზარი ტალახის მასა არის ჩამოტანილი და სამწუხაროდ, პრაქტიკულად მთლიანად არის დაფარული კოტეჯების ნაწილი. ძალიან მძიმე მდგომარეობაა", — განაცხადა პრემიერმინისტრმა.


14:13 მაშველებთან ერთად პროცესში თავდაცვის ძალები თავიანთი სპეცსაშუალებებით ჩაერთვებიან.

"ძალიან მძიმე ვითარებაა, სამწუხაროდ, 30-ზე მეტ ადამიანს ეძებენ. თუმცა, ვნახოთ, დაველოდოთ შედეგებს, მიდის აქტიური სამუშაოები", — თქვა ღარიბაშვილმა.


14:12 პრემიერმინიტრმა მე-7 ცხედრის პოვნა დაადასტურა. სავარაუდოდ, საუბარია იმ ქალზე, რომლის დაღუპვის შესახებაც მთის ამბები წერდა.


14:12 "ახლა რაც შეეხება საქმეს, მე მივიღე ინფორმაცია ოპერატიული შტაბისგან, რომელიც მუშაობს გუშინდელი დღიდან. დაუყოვნებლივ იქნა გამოგზავნილი 400-ზე მეტი მაშველი. მათ დაიწყეს მუშაობა. 210 ჩვენი მოქალაქე იქნა გამოყვანილი სტიქიის ზონიდან უვნებლად. მანამდე ღამე ჩვენს პოლიციას, სამაშველო სამსახურს ჰქონდა მაქსიმალური მობილიზაცია ადგილზე. არცერთი მოქალაქე, რომელიც სტიქიის ზონაში იყო, არ იყო დატოვებული უყურადღებოდ. კიდევ ერთხელ მინდა, გმირ მაშველებს მადლობა გადავუხადო", — განაცხადა ღარიბაშვილმა.


14:11 პრემიერმინისტრი მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს.

"პირველ რიგში, მე მინდა ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო, მივუსამძიმრო ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს, რომლებიც საუბედუროდ ამ დიდი ტრაგედიის შედეგად გარდაიცვალნენ. კიდევ ერთხელ ვიზიარებ მათ მწუხარებას, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია და მთელი ერი, რა თქმა უნდა, არის გაერთიანებული ამ დიდი ტრაგედიის გარეშემო".


14:03 ბათუმელების ინფორმაციით, შოვის ტრაგედიის გამო შუამთობა გადაიდო და ბათუმი ფესტივალი ამ კვირაში დაგეგმილ ყველა კონცერტს აუქმებს.


14:00 ევროკავიშირის წარმომადგენლობა სამძიმრის წერილს ავრცელებს

13:45 ნეტგაზეთი სტიქიის ზონაში გადაღებულ დრონის კადრებს ავრცელებს.


13:36 მეორე დღეს გამოჩენილი ირაკლი ღარიბაშვილი მედიას არც საგანგებო შტაბში შესვლამდე და არც გამოსვლის შემდეგ ესაუბრა. პრემიერმინისტრმა ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.


13:29 გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, შოვის ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა გეოლოგიური და ჰიდროელექტროლოგიური მოვლენების სინერგიას, რაც ერთსა და იგივე დროს, ერთსა და იმავე ლოკაციას თანხვედრას გულისხმობს.

გეოლოგი დარწმუნებით ამბობს, სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა, მიმდინარეობს კვლევები და მსგავსი მასშტაბის სტიქია, ამ ეტაპზე, მოსალოდნელი არ არის.

გაიგეთ მეტი აქ.


13:24 ადმინისტრაციის განცხადებით, 15:00 საათზე პრეზიდენტის ბრიფინგი გაიმართება.

ამ დრომდე არც პრეზიდენტის გამოჩენილა. მან პირად გვერდზე სტიქიის ზონაში გადაღებული ფოტო გააზიარა.


13:17 მთის ამბების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ქალის ცხედარი მდინარე ჭანჭახის კალაპოტში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა იპოვეს. მაშველებმა ის სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ამოიყვანეს.

შსს-ში On.ge-ის განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე ჯამში 6 ცხედრის პოვნის დადასტურება შეუძლიათ.


13:12 ასეთ კადრებს ავრცელებს მთავრობის ადმინისტრაცია იმის საჩვენებლად, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის ზონაში ჩავიდა. მანამდე, ბოლო 20 საათის განმავლობაში მთავრობის ფეისბუქგვერდზე არანაირი სიახლე არ გამოქვეყნებულა.


13:10 სტიქიაზე მეორე დღეს განცხადება გაავრცელა საპატრიარქომაც.


12:54 მთავრობის ინფორმაციით, პრემიერმინისტრი სტიქიის ზონაში ჩავიდა. უკვე მეორე დღეა და ამ დრომდე ირაკლი ღარიბაშვილი მედიასთან არ ჩანდა.


12:20 მთის ამბების პირდაპირ ეთერში ჩანს, რომ ადგილობრივები სამაშველო ოპერაციაში ჩართვას ითხოვენ, პოლიცია მათ სტიქიის ზონაში არ უშვებს.

"სოფელ გლოლის მოსახლეობა სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობით უკმაყოფილოა და სამაშველო ოპერაციაში ჩართვას ითხოვს. შოვში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიცია ადგილობრივებს ხეობაში შესვლის უფლებას არ აძლევს, თუმცა ახალგაზრდები დაკარგულების ძებნას მაინც იწყებენ. ნაპოვნია რამდენიმე მანქანა და ცხედარი", — წერს გამოცემა.


11:45 ავტოსადგური მგზავრები სტიქიის ზონიდან მოქალაქეებს უფასოდ გამოყვანას სთვაზობს. ასევე თბილისიდან დახმარების მსურველ ადამიანებს ჩაიყვანენ შოვის ტერიტორიაზე. ნომერი: 599 12 09 29


11:20 მოქალაქეები ოჯახის წევრებს ეძებენ. ქალი აცხადებს, რომ ვერ ეკონტაქტება შვილსა და 3 შვილიშვილს, რომლებიც შოვში დასასვენებლად იყვნენ ჩასული.


11:15 ქარსელაძე ამბობს, რომ 35 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება. მაშველებთან ერთად მოქალაქეები საკუთარი ძალებით ცდილობენ დაკარგული ადამიანების პოვნას.


11:00 საგანგებოს უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ყველა ეპიცენტრში იყვნენ შესული, გარდა რამდენიმე ლოკაციისა და მდინარის კალაპოტის ორივე მხრიდან გრძელდება ძებნა.

მისივე თქმით, კოტეჯების ტერიტორიაზე ფაქტობრივად აღარაფერია და იქ მისვლა უჭირთ. არსებული ინფორმაციით, აქ ათეულობით ადამიანი იმყოფება.


რა ხდებოდა დღეს დილით

შსს-ში განაცხადეს, რომ დილის 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებები კვლავ 2 ვერტმფრენით განაახლეს — მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც. მათივე ცნობით, სამაშველო სამუშოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, რომლებიც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით მუშაობენ სტიქიის ზონაში.

უწყებაში თქვეს, რომ სტიქიის ზონიდან ამ დრომდე უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 140 ადამიანი. ცოტა ხნის წინ რაჭა-ლეჩხუმის რწმუნებულმა მედიასთან განაცხადა, რომ ჯამში მათი რიცხვი 210-ია.

ოფიციალურად დადასტურდა, რომ კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ჯამურად სტიქიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


რა ხდებოდა გუშინ

თავდაპირველად, ინფორმაცია და კადრები სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარე ტერიტორიიდან გავრცელდა, სადაც ტალახის მასამ ტერიტორია დაბლოკა. ადგილზე თანამშრომლები და დამსვენებლები, მათ შორის, ბავშვები იყვნენ და მაშველებს ელოდებოდნენ. მოქალაქეებს დაშავებულები თავისი ძალებით გამოჰყავდათ.

მედიებში ამბის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება და ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა. ასევე, ამბობდნენ, რომ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მიდიოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფები.

ვერტმფრენი ამ შეტყობინებებიდან დაახლოებით 3 საათში გამოჩნდა. ამის შესახებ შსს-მ განცხადება გამოაქვეყნა. მიუხედავად ამისა, გამოცემა მთის ამბებს ადგილზე მყოფი მოქალაქეები 20 წუთი შემდეგ სწერდნენ, რომ მათთან დასახმარებლად ჯერ კიდევ არავინ იყო მისული.

რამდენიმე საათში ტერიტორიაზე 2 ცხედარი იპოვეს. სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

ამოქმედდა ცხელი ხაზის ნომერი: 598 913 089

სამაშველო ოპერაცია ვერტმფრენებით დაბნელებისთანავე შეწყდა, მაშველები კი ისევ აგრძელებდნენ სამძებრო სამუშაოებს. მოქალაქეები დახმარებას ითხოვდნენ. კაცი ამბობდა, რომ სტიქიის ზონაში ცოლს და სამ შვილს ვერ უკავშირდება და არავინ აწვდის ინფორმაციას.

გუშინდელი ოფიციალური ცნობების თანახმად, კონტაქტზე არ გამოდიოდა 50 ადამიანი, რის შემდეგაც ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ თქვა, რომ 6 მათგანთან დაკავშირება მოხერხდა და ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.