აღმოაჩინეს ნეირონების უნიკალური ჯგუფი, რომელიც "სხეულის გაშეშებასთან" არის დაკავშირებული
როგორ აკონტროლებს ნერვული სისტემა ჩვენს მოტორიკას
როდესაც მონადირე ძაღლი ირმის სუნს აფიქსირებს, ზოგჯერ ის მთლიანად შეშდება. ეს ფენომენი ადამიანებშიც გვხვდება, როდესაც ადამიანი ყურადღებას კონკრეტულ საკითხზე ამახვილებს.
და აი ახლა, ბოლო აღმოჩენა გვეხმარება გავიგოთ ის, თუ რა ხდება ტვინში, როდესაც ცოცხალი ორგანიზმი უეცრად მოძრაობას წყვეტს.
"ტვინში ნერვული უჯრედების ჯგუფს მივაგენით. უჯრედების სტიმულირება მოძრაობის შეჩერებას იწვევს. მეტიც, ეს მხოლოდ მოტორიკას არ ეხება. ასეთ დროს თაგვები სუნთქვასაც ანელებენ, გულიც კი უფრო ნელა უცემთ. ეს დაპაუზებას ჰგავს, ააქტიურებთ უჯრედებს და სხეული უბრალოდ შეშდება", — თქვა პროფესორმა ოლე კიენმა, რომელიც კვლევის თანაავტორია.
მკვლევრებმა ეს ეფექტი შეისწავლეს. როგორც კი უჯრედების გააქტიურება წყდებოდა, თაგვები მოძრაობს აგრძელებდნენ. მეცნიერების თქმით, პროცესი ცოცხალი ორგანიზმების დაპაუზებას ჰგავდა.
კვლევაში აღნიშნულია, რომ მოძრაობის შეწყვეტის მსგავსი ფორმა უნიკალურია და სხვა შემთხვევებში არ ფიქსირდება.
მკვლევრების მიერ სტიმულირებული ნერვული უჯრედები გვხვდება ტვინის შუა ნაწილში, უბანში, რომელსაც პედუნკულოპონტინის ბირთვი (PPN) ეწოდება. მიუხედავად იმისა, რომ კვლევა თაგვებზე ჩატარდა, მეცნიერები იგივე შედეგებს ადამიანების შემთხვევაშიც ელიან.
შიშთან არ არის დაკავშირებული
ჩვენ ვიცით ფენომენი, როდესაც შიშის დროს ადამიანი "იყინება", მაგრამ კონკრეტული უჯრედები შიშთან არ არის დაკავშირებული.
"შეიძლება ორივე შემთხვევაში გაშეშდეთ, მაგრამ მათი გამომწვევი მიზეზები იდენტური არ არის. კონკრეტულ შემთხვევაში ეს დაკავშირებულია კონცენტრაციასთან", — თქვა კვლევის თანაავტორმა, რობერტო ლეირასმა.
რაც ყველაზე საინტერესოა, ახალი კვლევა, შესაძლოა პარკინსონის დაავადების ზოგიერთი მექანიზმის გაგებაში დაგვეხმაროს.
"ვვარაუდობთ, რომ პარკინსონის დაავადების დროს სწორედ კონკრეტული უჯრედები აქტიურდება. შესაბამისად, ეს მოტორიკას ხელს უშლის. საბოლოოდ, კვლევა პარკინსონის დაავადების მექანიზმების გარკვევაში შეიძლება დაგვეხმაროს", — ამბობენ მკვლევრები.
მეცნიერები ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელებას გეგმავენ.
კომენტარები