ახალი კვლევა დედამიწის ფილების ტექტონიკის ცვლილებაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის
მზის სისტემაში დედამიწა გამორჩეულია, რაც არა მხოლოდ ოკეანეებისა და ბიომრავალფეროვნების, არამედ ფილების ტექტონიკის დამსახურებაცაა. ეს ფენომენი სხვა მეზობელ ციურ სხეულებზე არ გვხვდება, მაგრამ ჩვენი პლანეტის გეოლოგიური სტრუქტურისა და კლიმატის ფორმირებასა თუ, პოტენციურად, სიცოცხლის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.
ეს ტერმინი დედამიწის ქერქში ტექტონიკური ფილების მოძრაობას აღნიშნავს, რაც კონვექციას, ანუ ბირთვიდან ზედაპირამდე სითბოს გადატანასაც გულისხმობს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ მსგავსი რამ მთლიან ქერქში ხდება და როცა ფილები ერთმანეთს ეჯახება, ზოგიერთი მათგანი პლანეტის ბირთვის თავზე არსებულ "ფილათა სასაფლაოზე" იძირება.
კოპენჰაგენის უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტთა კვლევის თანახმად, ზემოხსენებული პროცესი შესაძლოა, ჩვენი მშობლიური ციური სხეულის გეოლოგიური ისტორიის განმავლობაში უფრო ახალი იყოს, ვიდრე აქამდე გვეგონა.
"ჩვენი შედეგები მიუთითებს, რომ წარსულში სუბდუქციური ქანების შერწყმა და მიმოქცევა მხოლოდ ზედა მანტიაში მიმდინარეობდა, სადაც ძლიერი კონვექციაა. ეს ძალიან განსხვავდება ფილების ამჟამინდელი ტექტონიკისგან, სადაც სუბდუქციური ფილები ქვედა მანტიაში იძირება", — ამბობენ ავტორები, რომელთა თქმითაც ქვედა და ზედა მანტიის ამგვარი იზოლირების მიზეზი 660 კილომეტრამდე სიღრმეში კონკრეტული მინერალების ფაზური გარდაქმნაა.
ამის დასადგენად მეცნიერებმა ქანებში ელემენტ ტიტანის იზოტოპური შემადგენლობის დეტალურად განსასაზღვრად ახალი მეთოდი გამოიყენეს. ეს შემადგენლობა ქერქის ფორმირებისას იცვლება, შესაბამისად, გეოლოგიურ პროცესებზე ღირებულ ინფორმაციას გვაწვდის.
მათ 3.8 მილიარდი წლის წინანდელი პერიოდიდან მოყოლებული წარმოქმნილი ქანების შემადგენლობა შეისწავლეს. თუ მათი ჰიპოთეზა მართალია, ესე იგი დედამიწის ქვედა მანტია პირველად მატერიას ჯერ კიდევ შეიცავს, რომელიც პლანეტის გაჩენიდან დღემდე არ შეცვლილა.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები