2040 წლისთვის ხორცის 60% ცხოველების დახოცვის გარეშე იწარმოება
ექსპერტების თქმით, 2 ახალი ალტერნატივა ხორცის ტრადიციულ ინდუსტრიას შეუტევს.
2019 წლის მოხსენების თანახმად, 2040 წლისთვის მოხმარებული ხორცის, დაახლოებით, 60% მიღებული იქნება არა ცხოველების ხოცვით, არამედ — მცენარეული შემცვლელებისა და კულტივირებული ხორცისგან.
საკონსულტაციო ფირმა A.T. Kearney-ს მიერ შედგენილ ანგარიშზე დაყრდნობით, რომელიც ექსპერტებთან ჩატარებული ინტერვიუებით შეიქმნა, დადგინდა, რომ "ხორცის კლასიკური ვეგანური და ვეგეტარიანული შემცვლელები, ისევე როგორც მწერებზე დაფუძნებული ალტერნატივები", ალბათ, 1 000 მილიარდი დოლარის ხორცის ინდუსტრიას ვერ შეაფერხებს.
თუმცა, საბედნიეროდ, არსებობს ორი ვარიანტი, რომლებსაც ხორცის ინდუსტრიის გარდაქმნა შეუძლია, ესენია: ხორცის ახალი, ვეგანური შემცვლელი, როგორიცაა Impossible Burger, და კულტივირებული ხორცი, რომელიც იზრდება ლაბორატორიაში და არ საჭიროებს ცხოველების ხოცვას. ხორცის ამ არატრადიციულ ალტერნატივებს აქვს საბაზრო პოტენციალი, რადგან მათი გემო ჩვეულებრივი ხორცის მსგავსია. უფრო მეტიც, ისინი უკეთ აისახება გარემოზე, ვიდრე ხორცის ტრადიციული ინდუსტრია, რომლის მიწოდების ჯაჭვი — დაწყებული საკვების წარმოებით, გაგრძელებული მეთანის გამონაბოლქვით და დამთავრებული ხორცის გადამუშავებით — მოითხოვს უზარმაზარ ენერგიას და, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სამომავლოდ უფრო ეფექტიანი გახდება.
ასე რომ, გარემოზე შეშფოთებული ხორცისმჭამლებისთვის კულტივირებული ხორცი, შეიძლება, მიმზიდველ ალტერნატივას წარმოადგენდეს. მომხმარებელთა უმეტესობა, როგორც ჩანს, მზადაა, ამ ახალ ვარიანტს შანსი მისცეს.
ბოლოდროინდელი გამოკითხვების მიხედვით, დასავლეთის ქვეყნებში რესპონდენტთა უმეტესობა მზად არის, დააგემოვნოს კულტივირებული ხორცი, ხოლო მათი ნახევარი ამ ტიპის ხორცის რეგულარულად შეძენის სურვილსაც გამოთქვამს. მსგავსმა კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ინდოეთსა და ჩინეთში ხალხი განსაკუთრებით დაინტერესებულია კულტივირებული ხორცით.
ექსპერტები 2019 წელს ამბობდნენ, რომ კულტივირებული ხორცი ბაზარზე 2021 წლისთვის გამოჩნდებოდა. ეს ასეც მოხდა. ამ კუთხით დღეს არაერთი სტარტაპი მუშაობს, მათ შორისაა Impossible Foods, Solar Foods. 2021 წელს კი კალიფორნიაში ლაბორატორიული ხორცის ქარხანა გაიხსნა.
ხორცის ალტერნატივას აქვს დიდი პოტენციალი, რადგან ის, ერთი მხრივ, მოითხოვს შედარებით მცირე სახნავ მიწასა და წყალს, ხოლო, მეორე მხრივ, წარმოების პროცესი უფრო ეფექტიანი გახდება ინდუსტრიის მასშტაბების ზრდით.
ხორცის ალტერნატივები გვაძლევს იმედს მოსალოდნელი პრობლემისთვის — როგორ ვაპირებთ გამოკვებოთ მსოფლიოს მზარდი მოსახლეობა, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, 2050 წელს 10 მილიარდამდე გაიზრდება? როგორიც არ უნდა იყოს პასუხი, ცხადია, რომ ხორცის ტრადიციული ინდუსტრიის არაეფექტიანობა არის მთავარი დაბრკოლება, იმის გათვალისწინებით, რომ გლობალური სოფლის მეურნეობის წარმოების ნახევარზე მეტი გამოიყენება პირუტყვის — და არა ადამიანების — გამოსაკვებად.
კომენტარები