როგორ ვამყარებთ შორეულ ხომალდებთან კავშირს? — ყველაფერი NASA-ს საკომუნიკაციო ქსელზე
დღესდღეობით კაცობრიობის მიერ სხვა ციურ სხეულებსა თუ მათ ორბიტებზე გაშვებული მავალებისა და კოსმოსური ზონდების რაოდენობა საკმაოდ დიდია. ზოგიერთი ასეთი აპარატის მისია დიდი ხნის წინ დასრულდა, ზოგისა კი ახლა იწყება.
მსგავსი ხომალდები ჩვენი კოსმოსური სამეზობლოს გამოსაკვლევად უმნიშვნელოვანესია. სწორედ ასე იქცა მარსი და მთვარე რობოტებით დასახლებულ ობიექტებად, სხვა პლანეტებსა და მათ თანამგზავრებს კი ზონდების მეშვეობით ვაკვირდებით. ისინი რომ არა, ამ ციური სხეულების გასაოცარი სურათები და სხვა სახის ღირებული მონაცემები არ გვექნებოდა.
საინტერესოა, მაინც როგორ აღწევს ზონდებისა თუ მარსმავლების მიერ წითელ პლანეტაზე გადაღებული ფოტოები ჩვენამდე? ან როგორ ვამყარებთ კავშირს კაცობრიობის ყველაზე შორეულ მისიასთან — მზის სისტემის მიღმა, ვარსკვლავთაშორის სივრცეში მყოფ ხომალდ Voyager 2-თან? პასუხი შორეულ კოსმოსთან დამაკავშირებელ ქსელშია — მსოფლიოში ყველაზე დიდ და მძლავრ სატელეკომუნიკაციო სისტემაში.
უკვე დიდი ხანია, კაცობრიობა კოსმოსის შესწავლას მხოლოდ დედამიწიდან არ ცდილობს, არამედ სამყაროს შესახებ მეტის გასაგებად ხომალდებს ჩვენი პლანეტისგან მოშორებითაც გზავნის. მსგავს აპარატებთან კომუნიკაციის საკითხში უკვე მრავალი წელია, პირველ ადგილს NASA-ს კუთვნილი, შორეულ კოსმოსთან დამაკავშირებელი ქსელი (DSN) იკავებს.
მისი წინამორბედი ჯერ კიდევ 1958 წლის იანვარში შეიქმნა და ამერიკის შეერთებული შტატების არმიის დაქვემდებარებაში იყო. ის ნიგერიაში, სინგაპურსა და კალიფორნიაში მდებარე რადიოსადგურებისგან შედგებოდა, რომლებიც ქვეყნის მიერ დედამიწის ორბიტაზე გაშვებული პირველი ხელოვნური თანამგზავრისგან, Explorer 1-ისგან მონაცემთა მისაღებად გამოიყენეს.
მალევე ასპარეზზე NASA გამოვიდა და მსგავსი პროგრამები გადაიბარა. სწორედ იქ მომუშავე მეცნიერებს ეკუთვნით შორეულ კოსმოსთან დამაკავშირებელი უნივერსალური ქსელის იდეა, რომელიც ყოველი პროექტისთვის ცალკეული სადგურების აშენების საჭიროებას მოხსნიდა.
ქსელი 1963 წლიდან ფუნქციონირებს და რეაქტიული ძრავების ლაბორატორიიდან (JPL) იმართება. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესპანეთსა და ავსტრალიაში მდებარე ანტენებს აერთიანებს. მისი შემადგენელი თითოეული კომპლექსი ერთმანეთისგან თანაბარი მანძილითაა დაშორებული, რათა დედამიწის ბრუნვის პარალელურად კოსმოსური ხომალდებისგან მომავალი სიგნალები არ დაიკარგოს. ამგვარი განლაგების წყალობით მეცნიერები პლანეტათაშორისი მისიების მიმდინარეობას მუდმივად აკვირდებიან და ზონდებთან კავშირს არ წყვეტენ.
ყოველ კომპლექსში ერთი უზარმაზარი, 70-მეტრიანი ანტენაა განთავსებული, რომელიც ყველაზე მგრძნობიარეა. 2.7 მილიონი კილოგრამი წონის მქონე ამ რეფლექტორს ათეულობით მილიარდი კილომეტრის მოშორებით მოძრავ აპარატთან ინფორმაციის მიმოცვლა შეუძლია და სუსტ სიგნალებსაც იჭერს. არანაკლებ მძლავრია 34-მეტრიანი თეფშებიც, რომლებიც ორი ტიპისაა — მაღალეფექტიანი და ტალღსატარი. ისინი შედარებით მეტი რაოდენობით გვხვდება.
ამ ანტენებს კოსმოსის კვლევაში დიდი წვლილი მიუძღვის. წარმოიდგინეთ სისტემა, რომელიც ჩვენი პლანეტისგან შორ დისტანციაზე მყოფ ზონდებთან ორმხრივ კომუნიკაციაში, ასევე, ასტეროიდების, პლანეტებისა თუ მათი ბუნებრივი თანამგზავრების შესწავლაში გვეხმარება. თუმცა, NASA-ს ქსელის ფუნქციები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.
მისი მეშვეობით სხვადასხვა კოსმოსური ხომალდის მიერ გადაღებულ შთამბეჭდავ ფოტომასალასა და უმნიშვნელოვანეს მეცნიერულ მონაცემებს ვიღებთ. ასევე, მათ ბრძანებებს ვუგზავნით და მუდმივად თვალყურს ვადევნებთ. რადიოსიგნალების დახმარებით მოვიპოვებთ ტელემეტრიულ ინფორმაციას, ვიკვლევთ სატურნის რგოლებს, ვავლენთ ციური სხეულების შიდა სტრუქტურას, ვცდით ფარდობითობის თეორიას და ა.შ.
მაგრამ ყველაფერი აქ არ მთავრდება. NASA ამჟამად შორეულ კოსმოსთან დამაკავშირებელი ქსელის გაუმჯობესებაზე მუშაობს. სააგენტო ესპანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე კომპლექსებში 2 ახალი, 70-მეტრიანი ანტენის დამატებას გეგმავს.
მსგავსი განახლება ქსელის შესაძლებლობებს გაზრდის, რის შედეგადაც საშუალება გვექნება, სიგნალები ჩვენი მზის სისტემის მიღმა, ვარსკვლავთაშორის სივრცეშიც გავაგზავნოთ და მივიღოთ. ეს კი სამყაროს საიდუმლოებათა ამოხსნისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
კომენტარები