თიბისის ინიციატივები საქართველოში მდგრადი განვითარებისათვის
16-18 მაისს, სამარყანდში, ყაზახეთში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ინვესტირება მდგრადობაში — სწორედ ეს იყო იმ ღონისძიების მთავარი თემა, რომლის ფარგლებშიც მდგრადობის მიმართულებით გამორჩეული ბიზნესები დაჯილდოვდნენ, EBRD-ის მდგრადობის ვერცხლის ჯილდო თიბისიმ მიიღო.
როგორ უჭერს მხარს მდგრად განვითარებას თიბისი, როგორ ზემოქმედებს კომპანიის მდგრადი მიდგომები ადგილობრივ მოსახლეობაზე და რა სამომავლო გეგმები აქვს ბანკს — ამ თემებზე თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ, რისკების მართვის დირექტორმა, ნინო მასურაშვილმა Trade Finance Global-თან ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა.
1. რა მიღწევები აქვს თიბისის მდგრადი განვითარების მიმართულებით?
თიბისი საქართველოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკაზე, ბიზნეს სექტორზე, დასაქმებასა და სოციალურ პროგრესზე დიდი გავლენა აქვს. ეს კომპანიაში გაცნობიერებული აქვთ და მდგრად განვითარებას ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებენ.
ნინო მასურაშვილმა Trade Finance Global-სთან საუბარში მდგრადი განვითარების მიმართულებით განხორციელებული ბოლო წლების განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აქტივობები გაგვაცნო. აღსანიშნავია, რომ:
- 2022 წელს თიბისის მდგრადი სასესხო პორტფელის მოცულობამ 782 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის შედეგზე 15,6%-ით მეტია.
- თიბისიმ კლიმატთან დაკავშირებული სპეციალური სამუშაო ჯგუფის (TCFD) მოთხოვნების შესაბამისად შექმნა კლიმატთან დაკავშირებული სამუშაო ჩარჩო და მეორე TCFD ანგარიში გამოაქვეყნა.
- შეიქმნა ტრენინგები გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საკითხებზე. ტრენინგების თემები მოიცავს კლიმატურ ცვლილებებს, მრავალფეროვნებას და თანასწორობას, სტერეოტიპებს და დისკრიმინაციას, ჯანსაღ სამუშაო გარემოს და ფარავს თიბისის ყველა თანამშრომელს.
- განისაზღვრა მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის პოლიტიკა, მისი მიზნები და სამოქმედო გეგმა.
- ESG სტრატეგია დაინერგა თიბისი ჯგუფის სხვა რვა შვილობილ კომპანიაში.
გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები მთელი მსოფლიოსთვის საერთო გამოწვევაა. თიბისი მართავს მის პირდაპირ და არაპირდაპირ გარემოსდაცვით და სოციალურ ზეგავლენას გარემოსდაცვითი მართვის სისტემის (EMS) უწყვეტი გაუმჯობესებით. 2020 წელს თიბისიმ კიდევ უფრო გააძლიერა EMS მიმართულება. მოიპოვა ISO 14 001:2015 სერტიფიკატი და მესამედ გაიარა EMS-ის წლიური აუდიტი, რაც ადასტურებს კომპანიის მიდგომის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.
EMS-ის ფარგლებში, თიბისი ბანკმა განახორციელა სხვადასხვა ინიციატივები, რათა შეემცირებინა მისი პირდაპირი გარემოსდაცვითი კვალი. გაეცანით რამდენიმე მათგანს:
- 2019 წლიდან თიბისის აქვს მწვანე ავტოპარკი, რომელიც ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილებისგან შედგება.
- 2015 წელს თიბისიმ ქაღალდის გადამამუშავებელ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება და მას შემდეგ 250 ტონაზე მეტი ქაღალდი მიაწოდა გადასამუშავებლად.
- 2023 წელს თიბისიმ დაიწყო პლასტმასის ნარჩენების შეგროვება და პარტნიორი კომპანია პოლივიმისთვის გადაცემა გადამუშავებისა და მაღალი ხარისხის ბოჭკოვანი ქსოვილი წარმოებისთვის. პროექტის მიზანია საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა.
EBRD-ის ჯილდოს მოპოვების ერთ-ერთი კრიტერიუმი მომხმარებლების მდგრადი პროექტების დაფინანსებაა. ერთ-ერთი ტრანზაქციის ფარგლებში ბათუმში გარე განათება ჩანაცვლდა. თიბისი ბანკის დაფინანსებით კომპანიამ აჭარაგანათება ენერგო-ეფექტური LED განათება შეიძინა და ჩამოიტანა ერთ-ერთი უკრაინული კომპანიისგან. პროექტის მიზანი და მთავარი ფოკუსი ენერგო-ეფექტურობა იყო. ამ პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმში, 14 555 მოძველებული ნათურა, ახალი ენერგო-ეფექტური LED განათების ნათურით შეიცვალა. ჭკვიანი განათების სისტემა გააუმჯობესებს ქალაქში ღამით ხილვადობას, მეტად უსაფრთხოს გახდის ფეხით, ველოსიპედითა და ავტომობილით გადაადგილებას და დაახლოებით 50%-ით შეამცირებს ელექტრო-ენერგიის მოხმარებას.
2. როგორ ზემოქმედებს თიბისის მდგრადი მიდგომები ადგილობრივი თემების კეთილდღეობასა და განვითარებაზე?
თიბისის ძალისხმევა, მრავალი წელია, სხვადასხვა თემის გაძლიერებისკენ არის მიმართული. თიბისი ინიციატივის შერჩევისას რამდენიმე პრინციპს ეყრდნობა. "არსებითია, რომ თითოეულმა პროექტმა დადებითი ზეგავლენა საზოგადოებასა და ქვეყანაზე გრძელვადიანად მოახდინოს და ჰქონდეს განვითარების პოტენციალი, ემსახურებოდეს ცოდნისა და ექსპერტიზის გაზრდას როგორც თიბისის შიგნით, ასევე — მის გარეთ, და, დაფინანსების გარდა, ითვალისწინებდეს თიბისის კონტრიბუციას პროექტების მართვის, კომუნიკაციისა და სხვა მიმართულებებით. თიბისი ხელს უწყობს ისეთი სფეროების განვითარებას, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მდგრადობის ამაღლებისთვის. თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ ბანკთან და სხვა ორგანიზაციებთან ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ფინანსური განათლება, სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა და სხვა." — განმარტავს ნინო მასურაშვილი
როგორც ინტერვიუშია ხაზგასმული, თიბისის რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულება აქვს, რომელთა მხარდაჭერასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება — მათ შორის არის: ფინანსური და არაფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, მცირე და საშუალო ბიზნესებისა და სტარტაპ კულტურის განვითარება, ქალების ეკონომიკური გაძლიერება, მათი ჩართულობის ზრდა ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, განათლების პროგრამები ახალგაზრდებისთვის.
3. რა გავლენა აქვს მდგრადი განვითარების პრინციპებს თიბისის გადაწყვეტილებებზე?
თიბისიმ საქმიანობაში მდგრადი დაფინანსების პრინციპების გათვალისწინება მრავალი წლის წინ დაიწყო. ნინო მასურაშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ თიბისის განსაზღვრული აქვს არაეთიკური და ზიანის შემცველი აქტივობები, რომლებსაც არ აფინანსებს.
"აღნიშნული აქტივობები საერთაშორისო ინსტიტუტების (EBRD, IFC, DEG and ADB) შესაბამისად გვაქვს განსაზღვრული. არ ვაფინანსებთ აქტივობებს, რომლებიც არღვევს ადგილობრივ სამართლებრივ მოთხოვნებს, ადამიანისა და შრომის უფლებების საერთაშორისო კონვენციებსა და დეკლარაციებს. ახალი ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების დანერგვის დროს, ვაფასებთ სოციალურ და გარემოსდაცვით რისკებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად", — განმარტა ნინო მასურაშვილმა.
თიბისი საქართველოში განახლებადი ენერგიის ადგილობრივი დაფინანსების წამყვანი პარტნიორია. ამჟამად დაფინანსების დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებს უჭირავს. მდგრადი დაფინანსების განვითარებაში წვლილის შეტანის მიზნით, თიბისიმ Green for Growth Fund (GGF)-ის ტექნიკური დახმარებითა და ევროკავშირის პროექტის EU4Energy Initiative დაფინანსებით ადგილობრივი ბაზრის კვლევა ჩაატარა და მწვანე დაკრედიტების პროცედურა შეიმუშავა.
ამასთან, თიბისი აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ფონდების მოზიდვის მიმართულებითაც და ამ გზით ადგილობრივი ბიზნესის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს — 2022 წელს, თიბისიმ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან ჯამურად 485 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიზიდა.
4. რა გამოწვევები არსებობდა მწვანე ინიციატივების განხორციელების მიმართულებით ბანკსა და საზოგადოებაში?
მწვანე ინიციატივების განხორციელება გამოწვევებთან არის დაკავშირებული, რადგან ბიზნესისა და საზოგადოების ცნობიერების დონე კლიმატთან დაკავშირებულ რისკებსა და შესაძლებლობებზე ჯერ დაბალია. ეს ფაქტორი განაპირობებს თიბისის მზაობას, აქტიურად ჩაერთოს დაბალ-ნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში.
"განვითარებადი ეკონომიკის პირობებში, ხშირად უპირატესობა მოკლევადიან მიზნებს ენიჭება. გრძელვადიანი ხედვის შესაქმნელად გვჭირდება კარგი საფუძველი კვლევისა და მულტისექტორული ანალიზისთვის, ფინანსური ექსპერტების, მეცნიერებისა და სახელმწიფო უწყებების ჩართულობით. გამოწვევაა, ასევე, მონაცემების ხელმისაწვდომობა ისეთი მეთოდებისა და მექანიზმების შესამუშავებლად, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ კლიმატური ცვლილების შედეგები ფინანსურ მაჩვენებლებში გადავთარგმნოთ." — აღნიშნავს ნინო მასურაშვილი.
5. როგორია თიბისის სამომავლო გეგმები?
ნინო მასურაშვილმა TFG-თან საუბრისას აღნიშნა, რომ 2023 წელს თიბისი რამდენიმე კომპლექსური მიზნის შესრულებას გეგმავს, მათ შორის არის თიბისი ჯგუფის გარემოზე პირდაპირი ზემოქმედების გაზომვა პარიზის შეთანხმების მოთხოვნების შესაბამისად და თიბისის მიერ დაფინანსებული პროექტების ემისიების დათვლა.
აღსანიშნავია სხვადასხვა ინიციატივები და პროგრამები ESG სტრატეგიით დასახული მიზნების მხარდასაჭერად:
- მდგრადი სასესხო პორტფელის ზრდა — მწვანე და სოციალური სესხების სამიზნე მოცულობად 2023 წლისთვის 1 მილიარდი ლარი განისაზღვრა.
- ESG ცნობიერების ამაღლება და ESG აკადემია —2023 წელს თიბისიმ დააფუძნა ESG აკადემია თანამშრომლებსა და მომხმარებლებისთვის. აკადემია სხვადასხვა თემებს დაფარავს, მათ შორის: მწვანე და სოციალურ დაფინანსებას, ფინანსურ ჩართულობას, მრავალფეროვნებას, მდგრად ბიზნეს მოდელებსა და პრაქტიკებს.
- პარიზის შეთანხმების მიზნებთან შესაბამისობის ზრდა და მეცნიერულ მიდგომებზე დაფუძნებული მაჩვენებლების გაზომვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
- თანამშრომლებსა და მომხმარებლებს შორის გარემოსდაცვითი, კლიმატური ცვლილებების და სოციალური საკითხების ირგვლივ ცნობიერების ზრდა.
- საგანმანათლებლო პროგრამები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში — 2023 წელს, USAID-თან თანამშრომლობით, ახალი ICT პროგრამა დაიწყო, რომელიც რვა სხვადასხვა ტექნოლოგიურ კურსს მოიცავს და ფოკუსირებულია ქალების, გოგონებისა და რეგიონული ახალგაზრდების გაძლიერებაზე.
- ESG სტრატეგიების დანერგვა თიბისი ჯგუფის სხვა შვილობილ კომპანიებში — 2023 წელს ჩვენი პრიორიტეტებია ESG-სთან დაკავშირებული მმართველობის სტრუქტურების ჩამოყალიბება, ESG-თან დაკავშირებული პოლიტიკებისა და სამუშაო ჩარჩოს იმპლემენტაცია, რეგულარული ანგარიშგების შემუშავება და შიდა შესაძლებლობების განვითარება შვილობილი კომპანიებისთვის.
"თიბისი ჯგუფის ხედვაა, რომ საქართველოსა და რეგიონში ESG პრინციპების წამყვანი მხარდამჭერი იყოს. ჩვენი ESG სტრატეგია საერთაშორისო სტანდარტებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობაშია და, ამავდროულად, ადგილობრივ, საქართველოს ეროვნული ბანკის კანონმდებლობასთან ინტეგრირებას უწყობს ხელს. და ბოლოს, მნიშვნელოვანია გაწეული სამუშაოს, გამოწვევებისა და სამოქმედო გეგმების შესახებ საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეების გამჭვირვალედ ინფორმირება. ჩვენთვის არსებითია პროგრესის ჩვენება, რომ ეს არა ერთჯერადად დასრულებული პროექტი, არამედ თანმიმდევრული პროცესია გრძელვადიანი მიზნებითა და შედეგებით. " — აღნიშნავს ნინო მასურაშვილი.
კომენტარები