5 ყველაზე უცნაური სამედიცინო პრაქტიკა, რომლებსაც ადამიანები მართლა იყენებდნენ
მუმიის ფხვნილი, გაზების ქილა, რძის გადასხმები და სხვ., — როგორც ჩანს, როცა საქმე მედიცინას ეხებოდა, ჩვენი წინაპრები საკმაოდ კრეატიულები იყვნენ.
თანამედროვე საზოგადოებას, შეიძლება, ბევრი ნაკლი აქვს, მაგრამ, საბედნიეროდ, მედიცინის სფერო სწრაფად ვითარდება და ექიმთან მისვლისა და უსაფრთხო მკურნალობის მოლოდინი, მეტ-ნაკლებად, ყველას აქვს.
თუკი ისტორიას გადახედავთ — და, მერწმუნეთ, ძალიან შორს წასვლა არც მოგიწევთ — აღმოაჩენთ, რამდენად დაიხვეწა თანამედროვე მედიცინა. ამის დასადასტურებლად, სტატიაში მოგიყვებით კაცობრიობის ისტორიაში 5 ყველაზე უცნაური სამედიცინო პრაქტიკის შესახებ.
1. "გაზების ქილა"
1660-იან წლებში ლონდონში ეპიდემიამ იფეთქა. საზოგადოება მზად იყო, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, თითქმის, ყველაფერი გაეკეთებინა, საკუთარი "გაზების ქილის" შესუნთქვის ჩათვლით.
მაშინ ექიმები დარწმუნებულები იყვნენ, რომ შავი ჭირი გავრცელდა სასიკვდილო ჰაერის ორთქლის მეშვეობით და რომ უსიამოვნო სუნის მქონე ნივთიერებას დაბინძურების განზავება შეეძლო.
ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ზოგიერთმა ადამიანმა გადაწყვიტა, გადაუდებელი საჭიროების შემთხვევისთვის, თავისი გაზები ქილებში შეენახა.
2. რძის გადასხმები
სანამ სისხლის ჯგუფებს აღმოაჩენდნენ, პაციენტების, დაახლოებით, ნახევარი, ვინც დონორისგან სისხლს იღებდა, კვდებოდა.
1800-იანი წლების ბოლოს კი, როგორც ჩანს, პრობლემის აღმოსაფხვრელად, პოპულარული გახდა რძის გადასხმა. ითვლებოდა, რომ ეს ძვირფასი სითხე, რომელსაც ძროხების, თხების ან ადამიანებისგან მოიპოვებდნენ, ორგანიზმს ამარაგებდა თეთრი უჯრედების საშენი მასალით, თანაც, ბევრად უსაფრთხო გზით, ვიდრე სისხლის გადასხმაა.
თუმცა, რეალურად, რძის გადასხმა, უმეტესად, სიკვდილით მთავრდებოდა, ამიტომ მან პოპულარობა მალევე დაკარგა.
3. მუმიის მტვერი
შუა საუკუნეების ევროპულ აფთიაქში რომ შესულიყავით, დიდი ალბათობით, მუმიის ფხვნილით ხელში დაბრუნდებოდით სახლში. მე-12 საუკუნიდან მოყოლებული, მუმიის ფხვნილი ფართოდ იყო გავრცელებული ევროპაში და გამოიყენებოდა სისხლჩაქცევების, თავის ტკივილის, ჭრილობების, კიბოს, პოდაგრის ან დეპრესიის სამკურნალოდ.
მხოლოდ მე-16 საუკუნეში დაიწყეს ექიმებმა წამლის ეფექტიანობის ეჭვქვეშ დაყენება. დიდი ალბათობით, მთელი მოდა იყო სულელური გაუგებრობა, რომელიც ძველი ტექსტების არასწორმა თარგმნამ გამოიწვია. ეს ტექსტები ამტკიცებდა, რომ ბიტუმს, რომელსაც ხშირად იყენებდნენ მუმიფიკაციის პროცესში, შეეძლო ჭრილობებისა და მოტეხილობის მოშუშება ან გამოიყენებოდა შხამების საწინააღმდეგოდ. ამდენად, თავად მუმია სულაც არ ითვლებოდა სამკურნალო საშუალებად.
4. ვეშაპების სასტუმრო
ერთ-ერთი უახლესი და სასაცილო სამედიცინო სიგიჟე დაიწყო მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, ავსტრალიის ერთ-ერთ სასტუმროში. აქ რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტები მიჰყავდათ მკვდარ ვეშაპთან და ავალებდნენ, დაწოლილიყვნენ მის ცხედარში რამდენიმე საათის განმავლობაში.
ეს უჩვეულო მკურნალობა, როგორც ჩანს, "აღმოაჩინა" მთვრალმა კაცმა, რომელიც გადააწყდა მკვდარ ვეშაპს სანაპიროზე და, რატომღაც, მასში დაძინება გადაწყვიტა. ამის შემდეგ, როგორც ამტკიცებდა, იგი არა მხოლოდ სრულიად გამოფხიზლდა, არამედ რევმატიზმისგანაც კი განიკურნა.
5. კომბოსტო, როგორც სიცოცხლის ელექსირი
ანტიკურ რომში კომბოსტო ყველაზე ჯანსაღ ბოსტნეულად ითვლებოდა. ცნობილი რომაელი მეცნიერის, პლინიუს უფროსის, თქმით, "კომბოსტოს ყველა ქება-დიდების ჩამოთვლა ძალიან გრძელი ამოცანა იქნებოდა".
კომბოსტოს გამოყენების რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი ყველაზე უცნაური იყო თბილი კომბოსტოს წვენის შეყვანა ყურებში სმენის დაქვეითების განსაკურნად.
რომაელმა ისტორიკოსმა, მარკუს კატონ უფროსმა, კომბოსტოს საოცრებების შესახებ 2000-სიტყვიანი ტრაქტატიც კი დაწერა.
"ის საოცრად უწყობს ხელს საჭმლის მონელებას და შესანიშნავი საფაღარათო საშუალებაა, ხოლო [კომბოსტოს მჭამელთა] შარდი ყველაფერზე სასარგებლოა", — ამტკიცებდა ის.
ერთხელ პლინიუსმა ისიც თქვა, რომ თუკი პატარა ბიჭებს ამ შარდში აბანავებდნენ, ისინი სუსტები არასოდეს იქნებოდნენ.
მოკლედ, როგორც ხედავთ, ჩვენი წინაპრები საკმაოდ კრეატიულები იყვნენ. საბედნიეროდ, ამ კრეატივის საკუთარ თავზე გამოცდა დღეს აღარავის უწევს...
კომენტარები