7 000 წლის წინანდელი დნმ მიუთითებს, რომ ნეოლითის ხანის ევროპელები მონოგამები იყვნენ
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა საფრანგეთში აღმოჩენილ, 7 000 წლის წინ მცხოვრებ ადამიანთა დნმ გააანალიზეს. შედეგად, მათ ნეოლითის ეპოქის ევროპელების სოციალური სტრუქტურა და მახასიათებლები გამოავლინეს. სპეციალისტებმა დაადგინეს, კონტინენტის დასავლეთ ნაწილში დასახლებული ეს ინდივიდები მონოგამიისკენ იყვნენ მიდრეკილნი, ანუ სიცოცხლის განმავლობაში უმეტესწილად ერთი პარტნიორი ჰყავდათ.
ნეოლითის, იგივე ახალი ქვის ხანის დროს ადამიანები შემგროვებლობიდან და ნადირობიდან ნელ-ნელა სამეურნეო საქმიანობაზე გადაერთნენ, ცხოველები მოიშინაურეს და შედარებით დახვეწილი ქვის იარაღების გამოყენება დაიწყეს. ეს 10 000-4500 წლებს შორის პერიოდში ხდებოდა, იმ ეპოქის საზოგადოების შესახებ კი მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება.
მაშინდელი ადამიანების გენეტიკურ კავშირებს, ძირითადად, არქეოლოგიური მონაცემების მეშვეობით იკვლევენ. ამის მიუხედავად, დნმ-ის შესწავლის თანამედროვე მეთოდები უფრო მეტის საშუალებას იძლევა. ახალი ნაშრომის ავტორებმა სწორედ მსგავს მიდგომას მიმართეს და ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4850–4500 წლებში მცხოვრები 100-მდე ინდივიდის დნმ გააანალიზეს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ ევროპელების რეპროდუქციული ურთიერთკავშირი ძირითადად მონოგამიური იყო, თემის მემკვიდრეობითი ხაზი კი მამრობითი სქესის ხაზით განისაზღვრა. გამოვლინდა პირდაპირ და-ძმების სიჭარბე ნახევარდებთან და ნახევარძმებთან მიმართებაშიც. ასევე, ფერტილურობის მაღალი და სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი, სტაბილური ჯანმრთელობის მდგომარეობა და ხელშემწყობი სოციალური კავშირები.
საინტერესოა, რომ კონკრეტული თემი ამ ადგილზე მხოლოდ რამდენიმე დეკადის განმავლობაში ცხოვრობდა. ისინი ერთმანეთთან გენეტიკურად ორი მთავარი გენეალოგიით იყვნენ დაკავშირებულნი, რომელიც 7 თაობას მოიცავდა.
უკანასკნელი მიგნება პრეისტორიული საზოგადოების შესასწავლად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ამაში დნმ-ის კვლევის როლს გამოკვეთს. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები