კუ დინოზავრების ხანიდან — გერმანიაში ჯავშნოსნის 150 მილიონი წლის წინანდელი ნამარხი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა სამხრეთ გერმანიაში მდებარე Torleite-ის გეოლოგიურ ფორმაციაში კუს ნამარხი აღმოაჩინეს, რომელიც 150 მილიონი წლით თარიღდება. ის Solnhofia parsonsi-ს სახეობის წარმომადგენელს მიეკუთვნება, რომელიც დედამიწაზე დინოზავრებთან ერთად ბინადრობდა.
მეზოზოური ხანის კირქვულ ქანებში ცხოველთა ნაშთები ძალიან კარგად ინახება. გამონაკლისი არც ზემოხსენებული კუა, რომლის სხეულმაც ჩვენამდე თითქმის პირვანდელი სახით მოაღწია. ეს რიგით მეორე ასეთი ნამარხია, რომელსაც თავის ქალაცა და სხეულის ქვედა ძვლებიც ამ დროის განმავლობაში ბუნებრივ მდგომარეობაში შეუნარჩუნდა.
მისი ძვლები ახლაც ისეა განლაგებული, როგორც ცხოველის სიცოცხლეში. ეს საშუალებას გვაძლევს, კუს ანატომია სრულად შევისწავლოთ და მისი ჩონჩხის სტრუქტურის, ევოლუციის, მოძრაობისა თუ ეკოლოგიური ადაპტაციის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვიპოვოთ.
ამგვარი ნიმუშები ძალიან იშვიათია და დედამიწაზე მილიონობით წლის წინ არსებული სიცოცხლის შესახებ გამოსადეგ მონაცემებს გვაწვდის. კვლევამ ცხადყო, რომ მას დიდი თავის ქალა (ბაკნის სიგრძის 40%) და გრძელი დინგი ჰქონდა, რაც Solnhofia parsonsi-ს სახეობისთვისაა დამახასიათებელი.
უნდა ითქვას ისიც, რომ კუს ბაკანი უნიკალური ფორმისაა, რადგან ხუთკუთხედის მსგავსია. ასევე, მასზე შეიმჩნევა ჩაზნექილობაც, რომელიც Solnhofia parsonsi-ს გამოარჩევს. ამ ცხოველს, სხვა მსგავსი არსებებისგან განსხვავებით, ცურვისთვის ძალიან მოკლე კიდურები ჰქონდა.
აქამდე მიიჩნეოდა, რომ ეს სახეობა მთლიანად ოკეანეებში ბინადრობდა, თუმცა ახალი კვლევის თანახმად, მათ ისეთი ძლიერი ფარფლები არ ჰქონდათ, როგორც ღრმაწყლოვან კუებს. შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ ისინი უფრო ზღვის ნაპირებთან ახლოს დაცურავდნენ.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Scientific Journals გამოქვეყნდა.
კომენტარები