მსოფლიოში უდიდესმა და უმძლავრესმა ქარის ტურბინამ მუშაობა დაიწყო
მწვანე ენერგიის წყაროებზე გადასვლის შესახებ სიახლეები ყოველთვის სასიხარულოა. და აი ახლა, მსოფლიოში ყველაზე დიდი ქარის ტურბინა ჩართეს და ის ჩინეთის ელექტროსისტემაშია.
MySE 16-260-ის როტორის დიამეტრი 260 მეტრია და ბრუნვის ზონა 53 902 კვადრატულ მეტრს მოიცავს. უმძლავრესი ქარის ტურბინა 16 მეგავატ სიმძლავრეს გამოიმუშავებს.
მხოლოდ ეს არ არის, შეგვიძლია მეტი სტატისტიკაც შემოგთავაზოთ: ცენტრალური ანძის სიმაღლე 152 მეტრია, ხოლო გენერატორი 385 ტონას იწონის. საერთო ჯამში, ტურბინამ 36 000 ოჯახის ელექტროენერგიით მომარაგება უნდა შეძლოს.
MySE 16-260 ფუჯიანის სანაპიროზე დაამონტაჟეს. აქ ქარის სიჩქარე 51კმ/სთ-ს ყოველთვის აჭარბებს.
ამიტომ, ტურბინა ძალიან გამძლეა. მან გამოცდა უკვე ჩააბარა. ტურბინამ მძლავრ ტაიფუნს გაუძლო. მეტიც, ტურბინას 1000-ზე მეტი სენსორი აქვს, რაც ამინდის მიმართ მდგრადობის საშუალებას იძლევა.
"ჩინეთის სანაპირო ზონების უმეტესობა ტაიფუნის არეალშია. შესაბამისად, თუ ქარის ტურბინა ტაიფუნს ვერ გაუძლებს, ქარის ენერგიას დიდი მომავალი არ ჰქონია", — თქვა Mingyang Smart Energy-ის ინჟინერმა, ქიინგ ჟანგმა.
China Three Gorges Corporation-ის თანახმად, MySE 16-260 ყოველწლიურად 22 000 ტონა ქვანახშირს დაზოგავს და 54 000 ტონა ნახშირორჟანგის ემისია აღარ მოხდება.
მთლიანობაში, ეს იმედის მომცემია და მეტყველებს იმაზე, რომ ქარის ენერგიის გამოყენებას დიდი პოტენციალი აქვს.
სუფთა ენერგიაზე გადასვლა აუცილებელია. ამის საჭიროებაზე კლიმატის ცვლილება და რეკორდული სიცხეები მეტყველებს.
ასევე: ამ კვირაში, შესაძლოა, დედამიწის ისტორიაში რეკორდული სიცხე დაფიქსირდეს
დღეს წიაღისეულ საწვავზე ნახშირორჟანგის ემისიების 90 პროცენტი მოდის. ამის სავალალო შედეგებს უკვე ვგრძნობთ და ფაქტია, რომ შესაბამისი ზომებია მისაღები.
კომენტარები