აზერბაიჯანმა 58 უცხოელი ჟურნალისტი შავი სიიდან ამოიღო
58 ჟურნალისტი, რომელთაც აზერბაიჯანში შესვლა სავარაუდოდ სომხეთის გავლით მთიანი ყარაბაღის მონახულების გამო ჰქონდათ აკრძალული, შავი სიიდან ამოიღეს. მთავრობის თქმით, ეს ნაბიჯი მათი მხრიდან "ბოდიშის მოხდას" უკავშირდება.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მედიის განვითარების სააგენტომ და პრესის საბჭომ აზერბაიჯანის პრესისა და ჟურნალისტიკის ეროვნული დღის ფარგლებში მოწყობილ პრესკონფერენციაზე უცხოელი ჟურნალისტების შავ სიასთან დაკავშირებით ისაუბრეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აიხან ჰაიჯზადემ განაცხადა, რომ 58 ჟურნალისტი პერსონა ნონ გრატა სიიდან "ჰეიდარ ალიევის წლისა" და აზერბაიჯანის ეროვნული პრესის დაარსებიდან 148 წლისთავის აღსანიშნავად ამოიღეს.
სამინისტროს განცხადებაში დამატებით აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის მთავრობას ყოველწლიურად ათეულობით ადამიანი სთხოვს "ოფიციალური ბოდიშის წერილით" შავი სიიდან მათი სახელებისა და გვარების ამოღებას.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უცხოელი ჟურნალისტების ვიზიტები მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანაში და მის გარეთ "საინფორმაციო სივრცე" ჩამოყალიბდეს და გაადვილდეს "ეროვნული ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვა [...] გარე უარყოფითი იდეოლოგიური გავლენისაგან".
სიაში მითითებულმა ერთმა ჟურნალისტმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინა, მთავრობისათვის ბოდიშის ან თხოვნის წერილის გაგზავნა უარყო და ამ ამბავს "სრული სიცრუე" უწოდა. მან დაამატა, რომ სიიდან მისი სახელის ამოღებაზე არაფერი იცოდა და აზერბაიჯანში ჩასვლასაც არ აპირებს.
მისი თქმით, აზერბაიჯანის მიერ დასახელებულ თარიღში ნამდვილად ეწვია მთიან ყარაბაღს, რის შემდეგაც ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.
დაგეგმილი მარშრუტები და წინასწარ განსაზღვრული ხალხი
აზერბაიჯანის პრესის საბჭოს თავმჯდომარემ, რაშად მაჯიდმა ღონისძიებაზე ასევე განაცხადა, რომ "არავითარი პრობლემა არ იქნება, თუ სომეხ ჟურნალისტებს მოუნდებათ აზერბაიჯანში ჩასვლა", თუმცა ასეთი ვიზიტები აზერბაიჯანის კანონმდებლობას უნდა შეესაბამებოდეს.
2022 წლიდან მოყოლებული, აზერბაიჯანში სამუშაოდ ჩასული უცხოელი ჟურნალისტები აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უნდა იყვნენ აკრედიტებულნი. ეს ინიციატივა ქვეყანაში როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ჟურნალისტების საქმიანობის დამარეგულირებელი კანონპროექტის ნაწილია.
JAMnews-ის აზერბაიჯანის ოფისის რედაქტორმა ჰუსეინ ისმაილბეილიმ OC Media-ს განუცხადა, რომ აზერბაიჯანის მთავრობას უცხოელი ჟურნალისტების შემოდინება ქვეყანაში იმისთვის სჭირდება, რათა მათ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით საკუთარი პერსპექტივა გაუზიაროს.
"კონფლიქტების გაშუქებაში არც ისე ბევრი ჟურნალისტია ჩართული", – თქვა ისმაილბეილიმ, – "თუ მათგან 2000-ს შავ სიაში შეიყვანთ, საერთაშორისო მედიისათვის ხმის მიწვდენა გაგიჭირდებათ".
ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ სიაში მთიან ყარაბაღში ვიზიტის გამო 2000-ზე მეტი უცხოელი ჟურნალისტი იყო შეყვანილი.
"აზერბაიჯანს უფრო სჭირდება თავისი მხარის საჩვენებლად ამ ჟურნალისტების ვიზიტი, ვიდრე თავად ჟურნალისტებს", – დაამატა ისმაილბეილიმ და აღნიშნა, რომ უცხოელი ჟურნალისტები, რომლებიც მთიან ყარაბაღში სამუშაოდ ჩადიან, "მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ მარშრუტებზე მოძრაობენ და წინასწარ განსაზღვრულ ადამიანებს ხვდებიან".
სომეხი ჟურნალისტების პოტენციურ ვიზიტებთან დაკავშირებით ისმაილბეილიმ განაცხადა, რომ სომხური წარმოშობის უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკითხები პირველ რიგში უნდა განიხილებოდეს და აღნიშნა, რომ 2021 წელს სომხური წარმოშობის რუსი ჟურნალისტი უეფას ჩემპიონატის გასაშუქებლად აზერბაიჯანში არ შეუშვეს.
მისი აზრით, სომხური წარმოშობის ნებისმიერი ჟურნალისტის ქვეყანაში შემოსვლა მკაცრად გაკონტროლდება.
"არ მგონია, მათ "წინასწარ შეუთანხმებელ" პირებთან შეხვედრა შეძლონ", – თქვა ისმაილბეილიმ, – "დაველოდოთ".
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები