იერუსალიმის მახლობლად მდებარე გამოქვაბულს ოდესღაც "საიქიოს პორტალად" იყენებდნენ — კვლევა
იერუსალიმის დასავლეთ ბორცვებში მდებარე გამოქვაბული, შესაძლოა, ოდესღაც ყოფილიყო ადგილი, სადაც რომაული ეპოქის კერპთაყვანისმცემლები მიცვალებულებთან ურთიერთობას ცდილობდნენ.
გამოქვაბულის ნაპრალებში აღმოაჩინეს სამი თავის ქალა და 100-ზე მეტი კერამიკული ლამპარი. არქეოლოგების ვარაუდით, ისინი მკვდარი სულებისა და მათი საიდუმლოების გამოსახმობად გამოიყენებოდა — ეს პრაქტიკა ნეკრომანტიის სახელითაა ცნობილი.
ამ გამოქვაბულის (თეომიმი) შესწავლა 1873 წლიდან დაიწყო, თუმცა არქეოლოგებმა მხოლოდ 1970-იანი წლებიდან შეძლეს, აღმოეჩინათ გასასვლელების მთელი სერია, რომელიც ფარული ოთახებისკენ მიემართებოდა.
ამ ფარულ ადგილებში უხვად იყო წარმოდგენილი გრძელი, ვიწრო ნაპრალები, რომლებშიც იპოვეს არქეოლოგიური ნივთები, როგორებიცაა: მონეტები, ჭურჭელი, ლითონის იარაღი, ლამპრები და თავის ქალები.
იმდროინდელი უძველესი ჩანაწერების მიხედვით, ლამპრები და, ზოგადად, ცეცხლი გამოიყენებოდა დემონებთან, სულებთან ან ღმერთებთან კომუნიკაციის მთავარ გზად. თავის ქალები, ჩვეულებრივ, ასოცირდებოდა ჯადოქრობასთან. ხანჯლები, ხმლები და ცულები კი, როგორც ითვლებოდა, მორწმუნეებს ბოროტი სულებისგან იცავდა.
"თეომიმის გამოქვაბულს იერუსალიმის ბორცვებში აქვს ყველა საკულტო და ფიზიკური ელემენტი, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ იგი საიქიოს შესაძლო პორტალად გამოეყენებინათ", — წერენ მკვლევრები.
გამოქვაბულზე წინა კვლევებმა აჩვენა, რომ აქაურობა ოდესღაც საიქიოს ღვთაების თაყვანისცემის წმინდა ადგილი იყო, მაგრამ სამი ადამიანის თავის ქალის აღმოჩენის შემდეგ, არქეოლოგებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ აქ ადგილი ჰქონდა რიტუალურ მაგიურ პრაქტიკას.
ძველი რომაული და ბერძნული ეპოქების წერილობით წყაროებზე დაყრდნობით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნეკრომანტიას, ჩვეულებრივ, ასრულებდნენ "ჯადოქრები" სამარხებში ან მიწისქვეშა სალოცავებში. ამ პრაქტიკის მთავარ ელემენტს კი თავის ქალა წარმოადგენდა.
კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ Harvard Theological Review-ში.
კომენტარები