აივ ინფექციის ხანგრძლივი რემისია უკვე მეექვსე პაციენტში დაფიქსირდა
მეცნიერთა თქმით, "ჟენევის პაციენტის" სახელით ცნობილ კაცს აივ ინფექციის ხანგრძლივი რემისია დაუფიქსირდა, რაც მსოფლიოში მეექვსე მსგავსი შემთხვევაა. აღსანიშნავია, რომ მას დონორისგან ვირუსის გამანეიტრალებელი გენური მუტაციის მქონე ძვლის ტვინის ტრანსპლანტი არ მიუღია.
დანარჩენი ხუთი ინდივიდის ორგანიზმში ექიმებმა სწორედ ასეთი უჯრედები გადანერგეს. მათგან განსხვავებით, "ჟენევის პაციენტს" 2018 წელს ლეიკემიის რთული ფორმის სამკურნალოდ ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა, თუმცა ისინი აივ ინფექციის საწინააღმდეგო მუტაციას არ შეიცავდა. ეს ნიშნავს, რომ კაცის ორგანიზმი ამ ვირუსისგან დაცული არაა.
ამის მიუხედავად, მას შემდეგ, რაც პაციენტმა ანტირეტროვირუსული მედიკამენტების მიღება შეწყვიტა, 20 თვის განმავლობაში მის სხეულში ინფექციის კვალი აღარ დაფიქსირებულა. ეს უკვე დაავადების რემისიად მიიჩნევა, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ ინფექცია ისევ დაბრუნდეს, ამიტომ სპეციალისტები კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებიან.
"ის, რაც ჩემს თავს ხდება, საუცხოო და გასაოცარია", — აცხადებს ანონიმი ინდივიდი, რომელსაც აივ ინფექციის დიაგნოზი 1990 წელს დაუსვეს, პრეპარატების მიღება კი 2021 წლის ნოემბერში შეწყვიტა.
ცნობილია, რომ 2 სხვა პაციენტში, რომელთაც ასევე ჩვეულებრივი ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს, აივ ინფექცია მედიკამენტების მიღების შეწყვეტიდან რამდენიმე თვეში დაბრუნდა. მეცნიერები ამბობენ, რომ თუ მსგავსი რამ პირველი 12 თვის განმავლობაში არ ხდება, რემისიის შანსი იმატებს. სწორედ ასეა ზემოხსენებული კაცის შემთხვევაში, რომლის ორგანიზმშიც ვირუსი სათანადო გენური მუტაციის გარეშე განეიტრალდა. შესაძლოა, გარკვეული როლი ეთამაშა იმუნოსუპრესიულ მკურნალობასაც.
სპეციალისტები ამბობენ, რომ მსგავსი პრეცედენტი იმედის მომცემია, თუმცა პაციენტი მომდევნო თვეებსა და წლებში ახლო დაკვირვებას საჭიროებს, რადგან ინფექციის ხელახლა გავრცელების რისკი არსებობს.
აღსანიშნავია, რომ ძვლის ტვინი მაშინ ინერგება, როცა ადამიანს აივ ინფექციასთან ერთად სიმსივნეც აქვს. ეს ნიშნავს, რომ სხვა მილიონობით დაავადებული მკურნალობის უნივერსალურ მეთოდს ელოდება. რემისიების შესწავლა შესაძლოა, სწორედ ასეთი თერაპიების შემუშავებაში დაგვეხმაროს.
კომენტარები