1950-იან წლებში ბირთვული ბომბების გამოცდამ ახალი გეოლოგიური ეპოქა წარმოშვა — ანთროპოცენი
1950-იან წლებსა და ადრეულ 1960-იან წლებში ბირთვული იარაღების გამოცდამ დედამიწაზე ადამიანის აქტივობის ყველაზე შესამჩნევი კვალი დატოვა. მეცნიერები ამბობენ, რომ აფეთქებების შედეგად გამოყოფილი მატერია ატმოსფეროდან ზედაპირზე დაეშვა და დანალექი ქანების სახით შემორჩა, რომლებშიც რადიოაქტიურ ელემენტ პლუტონიუმის იზოტოპ პლუტონიუმ-239-ს დიდი ოდენობით ვხვდებით.
სპეციალისტთა თქმით, კანადაში მდებარე მცირე ზომის ტბის ფსკერზე სწორედ ასეთი დანალექი ფიქსირდება, რომელიც ბუნებრივი სისტემების ბალანსზე ადამიანთა მნიშვნელოვანი გავლენის უპირველესი დაკვირვებადი დასტურია. მათი აზრით, ეს, ასევე, ახალი გეოლოგიურ ეპოქის დასაწყისადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელსაც ანთროპოცენს უწოდებენ, სადაც "ანთრო" ადამიანს ნიშნავს.
"მიწისზედა ბირთვული აფეთქებების გამო, რომლებიც 1950-იანი წლების ცდებისას მოხდა, მთელ მსოფლიოში ძალიან მკაფიო გეოქიმიური ზღვარი შეიმჩნევა, რომელიც ყველა გარემოშია და სწორედ ამ დეტონაციებს უკავშირდება", — აცხადებს ანთროპოცენზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი, კოლინ უოტერსი.
ახალი გეოლოგიური ეპოქის იდეა პირველად ამ საუკუნის დასაწყისში გაჩნდა და მას სახელი ქიმიის დარგში ნობელის ლაურეატმა, პაულ კრუტცენმა შეურჩია. ანთროპოცენი აღნიშნავს ეპოქას, როცა ადამიანი გლობალურ კლიმატსა და გარემოზე ყველაზე დიდი გავლენის მქონე გახდა.
კრუტცენისთვის გარდამტეხი მომენტი ჯეიმს ვატის მიერ 1784 წელს ორთქლის მანქანის დიზაინის შექმნა იყო, თუმცა ამგვარი მიჯნა მხოლოდ ევროპის ფარგლებში ფიქსირდება, რომელიც ინდუსტრიალიზაციის ცენტრი გახლდათ. უოტერსი ამბობს, რომ სამხრეთ ნახევარსფეროში ინდუსტრიულ რევოლუციას მნიშვნელოვანი გეოლოგიური კვალი არ დაუტოვებია.
შესაბამისად, ავტორები ჰოლოცენის ეპოქის დასასრულისა და ანთროპოცენის დასაწყისის ფაქტობრივ დასტურად ონტარიოში მდებარე კროუფორდის ტბის დანალექ ქანს ასახელებენ. ეს რეზერვუარი 10 000 წლის წინ წარმოიქმნა, როცა კირქვის გამოქვაბულმა მიწისქვეშა წყლის არხებში კოლაფსი განიცადა და ღრმული წარმოშვა. ამ ტბაში ზაფხულის ცხელ დღეებში კალციტი კრისტალიზდება და ფსკერამდე ჩადის, სადაც თეთრ საფარველს ქმნის. ის კონკრეტული პერიოდის ატმოსფერული და ჰიდროსფერული ცვლილებების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.
ზემოხსენებული თეთრი საფარველის შესწავლით მეცნიერებს გასულ წლებში არსებულ გარემოზე მეტის გაგება შეუძლიათ. სწორედ ამ გზით დაადგინეს, რომ 1950-იან წლებში გეოლოგიურად ბევრი რამ შეიცვალა.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში The Anthropocene Review გამოქვეყნდა.
კომენტარები