მოსაზრება | საქართველოს შრომის ზედამხედველობის ორგანომ გამჭვირვალობის ნაწილში უკან დაიხია
შრომითი უფლებების დარღვევების გავრცელების მასშტაბისა და მშრომელთა უფლებების არასათანადო დაცვის ფონზე, საქართველოს შრომის ინსპექციის გადაწყვეტილება, რომ შეწყვიტოს იმ დამსაქმებლების დასახელება და შერცხვენა, რომლებიც დასაქმებულების უფლებებს არღვევენ, უკან გადადგმული ნაბიჯია.
საქართველოს შრომის ინსპექციამ, რომელიც ქვეყანაში შრომის უსაფრთხოებასა და უფლებებს აკონტროლებს, აპრილის შუა რიცხვებიდან საჯარო ინსპექტირების ანგარიშებიდან დამსაქმებლების სახელების ამოშლა დაიწყო, რასაც შრომის მონიტორინგის ორგანიზაციების აღშფოთება და სამართლებრივი წინააღმდეგობა მოჰყვა.
ცხადია, ბიზნესებისთვის დისკომფორტი იყო, რომ მათ მიერ შრომითი უფლებებისა და რეგულაციების დარღვევის ფაქტები აშკარავდებოდა, რაც რიგ შემთხვევებში ფულად ჯარიმას თუ სხვა სახის სადამსჯელო ღონისძიებებს იწვევდა. თუმცა, გამჭვირვალობა დამატებითი ინიციატივა იყო, რომელიც მათ დარღვევების გამოსწორებისკენ უბიძგებდა და მშრომელებს დამსაქმებლის შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ პერფორმანსზე დაკვირვების შესაძლებლობას აძლევდა.
5 ივლისს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ღირსეული შრომის პლატფორმის, პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციების სახელით აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა. საჩივრის თანახმად, იმ დამსაქმებელთა სახელებს, რომლებიც შრომით უფლებებს არღვევენ, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის კანონი არ იცავს, როგორც ამას ინსპექცია ამტკიცებს. საჩივარში ასევე ნათქვამია, რომ გამჭვირვალობაზე უარის თქმა დამკვიდრებულ პრაქტიკასთან წინააღმდეგობაშია.
მნიშვნელოვანი დარტყმა გამჭვირვალობაზე
დაახლოებით სამი წლის განმავლობაში, შრომის ინსპექცია, ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნების შესაბამისად, ანგარიშებს ღირსეული შრომის პლატფორმას უზიარებდა. პლატფორმა კი ამ ანგარიშებს ონლაინ მონაცემების ბაზაში, შრომის უფლებების მონიტორზე აქვეყნებდა, და საზოგადოებას მათზე წვდომა თავისუფლად შეეძლო.
ინსპექციის ახალი პოზიცია მნიშვნელოვანი დარტყმაა გამჭვირვალობაზე. ასევე, არღვევს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, რაც მშრომელთა უსაფრთხო, ჯანმრთელ სამუშაო გარემოზე წვდომისა და საფრთხისშემცველი სამუშაო გარემოს შესახებ საჯარო პირების ხელთ არსებულ ინფორმაციაზე წვდომის უფლების დაცვის გარანტი იყო.
ინსპექციას ონლაინ ბაზა არ აქვს და ინსპექციის ანგარიშებს საჯაროდ არ აქვეყნებს, ამიტომ ამ დანაკლისს შრომის უფლებების მონიტორი ავსებდა, საზოგადოებას უწყების მნიშვნელოვან შრომაზე ხელმისაწვდომობას აძლევდა. ეს იმედის ნაპერწკალს აჩენდა, რომ მეტი ღიაობა — კომპანიის სახელების გასაჯაროება, კონკრეტული დარღვევებისა და სანქციების დასახელება საზოგადოების ნდობას გაამყარებდა, ბიზნესებსა და ინსპექციას კი გაუმჯობესებისკენ უბიძგებდა.
ინსპექციის ბოლოდროინდელი ისტორიაც აჩვენებს, რატომ არის გამჭვირვალობა და საზოგადოების ნდობის დამსახურება მნიშვნელოვანი.
2006 წელს, საქართველომ მშრომელთა დაცვა დრამატულად შეამცირა და ეკონომიკური რეფორმების ფარგლებში შრომის ინსპექცია გააუქმა, რაც უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ისახავდა მიზნად. გადაწყვეტილებამ მშრომელებისთვის კატასტროფული შედეგები მოიტანა. სამუშაო ადგილებზე სიკვდილიანობა 74%-ით გაიზარდა და არც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის დაპირება განხორციელებულა, მეტიც, უმუშევრობის დონის მატება 2010 წლამდე გაგრძელდა.
ინსპექცია 2015 წელს აღდგა, თუმცა მკაცრად შეზღუდული უფლებამოსილებით; უწყების მანდატი ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ვრცელდებოდა, თუმცა არა შრომით უფლებებზე. 2019 წელს, უფლებამოსილება გაიზარდა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით დაუგეგმავი ინსპექციის ჩატარების შესაძლებლობაც მოიცვა (ნებისმიერ სექტორში), 2021 წელს, მანდატი კიდევ გაფართოვდა და შრომითი უფლებებიც დაფარა. ამასთან, 2021 წელს შრომის კოდექსიც განახლდა და მათ შორის, სამუშაო დროის რეგულაციის, ღამის ცვლებისა და დასვენების საკითხებიც მოიცვა, რამაც საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას და ინსპექციის მანდატის გაფართოებას ხელი შეუწყო.
საბოლოოდ, ყველაფერი მზად იყო, რომ შრომის ინსპექცია მშრომელთა უფლებების დაცვის მართლაც ეფექტურ საშუალებად შემდგარიყო.
"ისე გვექცევიან, როგორც მონებს"
საქართველოს მსგავსი დაცვის საშუალება უზომოდ სჭირდება. შრომითი უფლებების ზოგადი სურათი სავალალოა, რასაც 2023 წლის პირველ ნახევარში გაფიცვებისა და მშრომელთა პროტესტის არაერთი ტალღაც მოწმობს. ხშირია აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა, დამსაქმებლების მიერ ხელფასის მიტაცება, კანონები, რომლებიც კავშირების საქმიანობას იცავენ, სუსტია, ადგილი აქვს უფროსების მხრიდან შეურაცხყოფას და ხშირად ხელფასები საარსებო მინიმუმს ქვემოთ არის. სამართლებრივი საშუალებები თეორიულად კი არსებობს, მაგრამ შედეგის მისაღწევად წლებია საჭირო და ფინანსური რესურსები, რაც მშრომელების უმეტესობას არ აქვს. 18%-იანი უმუშევრობის დონის გამო ბევრი მშრომელი თავის იკავებს ხმის ამოღებისგან, რადგან შემოსავლის სრულად დაკარგვის შიში აქვს.
შედეგად, ვიღებთ სისტემას, სადაც დამსაქმებლები ისე მოქმედებენ, როგორც უნდათ. როგორც ერთ-ერთმა კურიერმა ქართულ მედიასთან აღნიშნა, "ისე გვექცევიან, როგორც მონებს".
ბევრი იმედოვნებდა, რომ ეფექტურ შრომის ინსპექციას შეეძლო, ცვლილებების საწყისად ქცეულიყო. თუმცა, რეალური ეფექტურობა გამჭვირვალობაზე უნდა იდგეს, რაც საზოგადოებას დაანახებს, რომ ინსპექციის შრომა სანდო და მიუკერძოებელია.
დამსაქმებლის ვინაობის დამალვა (მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის გადაწყვეტილებით, მსგავსი ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს) აღნიშნულ მიზანს ძირს უთხრის. ასევე ადასტურებს მშრომელების შიშს, რომელიც ბევრჯერ მოგვისმენია: რომ ინსპექცია დამსაქმებლებს ემსახურება და არა დასაქმებულებს. თუ მართლაც ასეა, რატომ უნდა ანდონ მშრომელებმა მათი საჩივრების განხილვა?
ღირსეული შრომის პლატფორმის შრომის უფლებების მონიტორი იმისთვის შეიქმნა, რომ გამჭვირვალობისთვის ხელი შეეწყო და ადრეული ნიშნები იმედისმომცემი იყო. 2023 წლის დასაწყისისთვის მონიტორი ინსპექციის 500-ზე მეტ ანგარიშს მოიცავდა და გვერდს 12 ათასზე მეტი ნახვა ჰქონდა.
მონაცემთა ბაზებიდან აღებულმა ინფორმაციამ შრომით უფლებებთან დაკავშირებით საზოგადოებრივ დისკუსიას შეუწყო ხელი და ღირსეული შრომის პლატფორმის არაერთი ანგარიშისა და განცხადებისთვის წყაროდაც იქცა. მან ხელფასის მიტაცების შესახებ კვლევას შეუწყო ხელი და აპლიკაციებზე დაფუძნებული გიგ-ეკონომიკის მიმართულებით არსებული საგანგაშო ცვლილებები სააშკარაოზე გამოიტანა, მშენებლობაზე, მაღაროებში თუ საჯარო სექტორში არსებულ დარღვევებზე საზოგადოებას მნიშვნელოვანი კონტექსტი გააცნო.
ახლა, შრომითი ინსპექციის გადაწყვეტილების გამო, რომ მშრომელების უფლებების ნაცვლად დამსაქმებლებს მიანიჭონ უპირატესობა, ყველა ეს მიღწევა საფრთხეშია.
თუ საქართველოს ხელისუფლება მართლაც სერიოზულად უდგება შრომით უფლებებს, უნდა დაიწყოს იმაზე ზრუნვა, რომ შრომის ინსპექციის მუშაობა გამჭვირვალე და ღია იყოს. სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის ლოდინი არაა აუცილებელი. შრომის ინსპექციამ უნდა იმოქმედოს სწორად და ანგარიშები ისევ საჯარო დატოვოს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები