ოკეანეები ფერს იცვლის — რა ხდება
2 დეკადის განმავლობაში ხელოვნურ თანამგზავრ MODIS-Aqua-ს მიერ მოპოვებული მონაცემების ანალიზის შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ დედამიწის ოკეანეები ფერს იცვლის. კერძოდ, ისინი უფრო მომწვანო ხდება, რაც წყალში ფიტოპლანქტონების ტიპის ორგანიზმების გავრცელებასთანაა დაკავშირებული.
საქმე ისაა, რომ ეს პაწაწინა არსებები ფოტოსინთეზისთვის ქლოროფილს იყენებენ, რომელსაც სწორედ მომწვანო შეფერილობა აქვს. შესაბამისად, რაც უფრო მეტია ოკეანეებში ამგვარი პლანქტონების რაოდენობა, მით უფრო მწვანე ხდება ისინი.
და მაინც, რა იწვევს ფიტოპლანქტონების ასეთ გავრცელებას?
მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს პლანეტაზე მიმდინარე კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული, რადგან მაღალი ტემპერატურა ამ ორგანიზმებისთვის ხელსაყრელია. ისინი წყლის ეკოსისტემებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ, რადგან მათ გარემომცველ არეალს უჟანგბადოს ხდიან, რასაც წყლის ბევრი ბინადარი ვერ უძლებს.
აქამდე მიიჩნეოდა, რომ ფიტოპლანქტონებთან ასოცირებული ცვლილებებზე სრულყოფილად დასაკვირვებლად 30-წლიანი მონაცემები იყო საჭირო. ამის მიუხედავად, ახალი კვლევების ფარგლებში სპეციალისტებმა 2 ათწლეულის განმავლობაში შეგროვებული ინფორმაცია შეისწავლეს და დასკვნებიც გამოიტანეს.
ამ პროცესებზე დაკვირვების საშუალება მეცნიერებს ოკეანეების მიერ არეკლილმა სინათლემ მისცა, რაც მათ შეფერილობაზე გვაწვდის ინფორმაციას. ეს ფიტოპლანქტონების პოპულაციების რაოდენობის გამოთვლას უფრო ამარტივებს, ვიდრე სხვა მეთოდები.
ავტორების თქმით, სიმწვანე ყველაზე მეტად იმ არეალებში შეიმჩნევა, რომლებიც დედამიწის ეკვატორთანაა ახლოს. აქ მსგავსი ორგანიზმები ყველაზე გავრცელებულია და წყალში ტემპერატურაზე, ასევე, სინათლისა თუ საკვები ნივთიერებების ხელმისაწვდომობაზე ზემოქმედებს.
"საერთო ჯამში, ეს შედეგები მიანიშნებს, რომ კლიმატის ცვლილების გავლენა ოკეანეების ზედაპირზე მობინადრე მიკრობულ ეკოსისტემებში უკვე იგრძნობა, თუმცა ჯერ კიდევ დასაფიქსირებელია", — აცხადებენ ავტორები.
მათი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები