ციფრული ტრანსფორმაცია, DevOps, კიბერუსაფრთხოება და დიდი მონაცემები — როგორ ჩაიარა Change Inspire-მა
7 ივლისს, თიბისის მხარდაჭერითა და HT Solutions-ის ორგანიზებით, Axis Towers-მა საქართველოში უდიდეს ყოველწლიურ ტექნოლოგიურ კონფერენციას, Change Inspire-ს უმასპინძლა. კონფერენციას ტექნოლოგიური სფეროთი დაინტერესებული 500-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. სპიკერები სტუმრებს კონფერენციის ოთხი ძირითადი პანელის — ციფრული ტრანსფორმაციის, DevOps-ის, კიბერუსაფრთხოებისა და დიდი მონაცემების (Big Data) შესახებ ესაუბრნენ და მათ ამ სფეროებში არსებული სიახლეები და ტრენდები გააცნეს.
კონფერენციის ორგანიზატორის, HT Solutions-ის დირექტორის, ნინო გვაზავას თქმით, კონფერენცია ყოველ წელს უფრო და უფრო იზრდება და მისი მიზანი ქართული ბაზრისთვის გლობალური ტრენდების შესახებ სიახლეებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებაა.
"კონფერენციაზე, ფაქტობრივად, ყველა ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი, რომელიც IT სფეროში განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას და ტექ სტანდარტებს ამკვიდრებს. ღონისძიებაზე გამოცდილებას აზიარებდნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, წამყვანი გლობალური IT კომპანიები: Google, AWS, Paloalto, Cisco და ა.შ. ეს ყველაფერი კონფერენციას უნიკალურს ხდის — ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ ტრენდებსა და თეორიაზე, არამედ ვასწავლით კომპანიებს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ტექნოლოგიები პრაქტიკულად, ყოველდღიურ საქმიანობაში", — გვითხრა ნინო გვაზავამ.
კონფერენციის მთავარ დარბაზში გამომსვლელებმა ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა ინტერნეტის გეოგრაფია და მისი ტრანსფორმაციის მომავალი; შავი ზღვის კაბელის პროექტი და მისი პერსპექტივები; უკრაინის ომის გავლენა გლობალურ კიბერუსაფრთხოებაზე; მემკვიდრეობითი სისტემების მოდერნიზაცია; ინდუსტრიული ინჟინერიის მომავალი და ა.შ.
სპიკერთა შორის იყვნენ აზერტელეკომის აღმასრულებელი დირექტორი — ანა ნაკაშიძე, სსე-ის დირექტორთა საბჭოს წევრი — ზვიად გაჩეჩილაძე, HT Solutions-ის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი — გიორგი გვარამაშვილი, Siemens Digital Factory-ის უფროსი პროგრამული არქიტექტორი — გიორგი მამალაძე, Google-ის მონაცემების, ანალიტიკისა და AI პროდუქტის სპეციალისტი — ტომაშ ჩარნეცკი და ა.შ.
"საქართველოში პირველად ვარ და, სიმართლე გითხრათ, გაოცებული ვარ კონფერენციის ხარისხით და იმით, თუ რამდენი ადგილობრივი ახალგზარდაა დაინტერესებული ახალი ტექნოლოგიებით. ძალიან საინტერესოა აქ წარმოდგენილი კომპანიების დამოკიდებულებაც — თითოეულ მათგანს უნდა, რომ რაღაც ახალი შექმნას, რითიც ბიზნესს განავითარებს და, შესაბამისად, ეს იდეალური ადგილია Google-ისთვისაც. ჩვენ უკვე 6 წელია, რაც Google Cloud პლატფორმაზე ვმუშაობთ, რომელიც აქ შეკრებილ ადამიანებს საქმიანობის მნიშვნელოვნად გამარტივებაში დაეხმარება", — განაცხადა NEXT.On.ge-სთან ინტერვიუში Google-ის წარმომადგენელმა ტომაშ ჩარნეცკიმ.
მეორე დარბაზი სრულად DevOps მიმართულებას დაეთმო და აქ სტუმრების წინაშე თიბისის, სფეისის, AWS-ისა და Cisco-ს წარმომადგენლები წარსდგნენ. DevOps სცენიდან ისაუბრეს სფეროში გამოცდილმა ისეთმა სპიკერებმა, როგორებიც არიან: თიბისის SDLC-ის ექსპერტების გუნდის ლიდერი — გაგა შუბითიძე და თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილე — იური სემენიხინი. გარდა ამისა, თიბისის ტექ პროფესიონალებმა, სანდრო კვაიჭაძემ, გიორგი კაჭარავამ და მათე გოგიბერიძემ ვორქშოპის მიმდინარეობისას აუდიტორიას DevOps ტექნოლოგიები და საუკეთესო პრაქტიკებით მათი გამოყენების ტექნიკები გაუზიარეს.
"თიბისიმ, როგორც Game Changer პარტნიორმა, კონფერენციაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და ინჟინრებისთვისაც, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სწორედ ის იყო. კონფერენციამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა და, ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვან ნაწილს განსხვავებული გამოცდილების ინჟინრების ერთ სივრცეში შეკრება წარმოადგენდა — როცა ორი ინჟინერი ერთ მაგიდასთან სხდება, გამოცდილების გაზიარებით გაუმჯობესებულ ფართო სურათს ვიღებთ. გარდა ამისა, მსგავსი ღონისძიებები პროდუქტიულია არამხოლოდ ინჟინრებისთვის, არამედ მენეჯერებისთვისაც, რომლებიც პროცესში იაზრებენ, თუ რა მიმართულებებია მნიშვნელოვანი განვითარებისთვის", — თქვა მათე გოგიბერიძემ.
რაც შეეხება მესამე სცენას, იქ მიმდინარე გამოსვლები კიბერუსაფრთხოებისა და დიდი მონაცემების საკითხებს შეეხებოდა. სპიკერებმა ისაუბრეს ორგანიზაციების კიბერ საფრთხეებისგან დაცვის მექანიზმებსა და პრაქტიკებზე. ასევე, ვორქშოფების მეორე ნაწილი შეეხებოდა მონაცემთა დიდი ნაკრების მართვასა და ანალიზთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს.
აქ შეკრებილ საზოგადოებას გამოცდილება HT Solutions-ის, Google-ის, Cloudera-ს, MUK Group-ისა და Nozomi Networks-ის წარმომადგენლებმა გაუზიარეს.
NEXT.On.ge ორგანიზატორებისა და სპიკერების გარდა, კონფერენციის სტუმრებსაც გაესაუბრა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც პანელების მრავალფეროვნებითა და ტექნიკური დეტალიზებით კმაყოფილი დარჩა.
"როგორც ადგილობრივმა, ისე გლობალურმა კომპანიებმა გაგვიზიარეს საკუთარი ტექ გადაწყვეტები, თუ როგორ შეგვიძლია შევქმნათ წარმატებული პროგრამული უზრუნველყოფა და მივიტანოთ სამიზნე მომხმარებლამდე ჩვენი პროდუქტი უწყვეტ რეჟიმში. მომეწონა ის, რომ კონფერენციას ტექნოლოგიური სფეროს ბევრი სპეციალისტი ესწრებოდა და გარდა სპიკერ-მსმენელის ფორმატით გამოცდილების გაზიარებისა, საშუალება გვქონდა, ერთმანეთი პირადად გაგვეცნო. შესაბამისად, ნეთვორქინგის კუთხითაც საკმაოდ კარგი შესაძლებლობა იყო. კონფერენციამ ჩემს მოლოდინებს ნამდვილად გადააჭარბა", — გვითხრა პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერმა, გიორგი თამარაშვილმა.
უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებმა ქართული ტექნოლოგიური გარემო მნიშვნელოვნად შეცვალა. თუ ადრე სფეროს ადგილობრივი სპეციალისტები მხოლოდ საქართველოს ფარგლებში ფასდებოდა, ახლა საქართველოში მოღვაწე პროფესიონალები გარკვეულ კონკურენციასაც უწევენ უცხოეთში დასაქმებულებს. Change Inspire-ზე შეკრებილი საზოგადოება ამის დასტურია.
კონფერენციამ მაღალი სტანდარტის დამკვიდრება და მოლოდინების გამართლება ნამდვილად შეძლო. აქ განხილული გამოწვევები, მათთან გამკლავების გზები და სიახლეები მენეჯერებს, ინჟინრებს, დეველოპერებსა და კიბერუსაფრთხოების ექსპერტებს ხარისხიანი, თანამედროვე სტანდარტებსა და მოთხოვნებზე მორგებული ციფრული პროდუქტების შექმნაში დაეხმარება.
კომენტარები