ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ სიჩუმის გაგონება მართლაც შესაძლებელია
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარეს და დაადგინეს, რომ სიჩუმის "გაგონება" მართლაც შესაძლებელია.
კვლევის ფარგლებში ე.წ. one-is-more ილუზია გამოიყენეს. ამ დროს ტვინი ტყუვდება, თითქოს ორი წყვეტილი ხმა ერთ ცალკეულ ხმაზე ხანმოკლეა, როცა, რეალურად, ჯამში ორივე იგივე ხანგრძლივობისაა.
მკვლევრებმა ხმები სიჩუმით ჩაანაცვლეს და აღმოაჩინეს, რომ ილუზია მაინც ჩნდება — თანაბარი ხანგრძლივობის პირობებში ერთი უწყვეტი სიჩუმე მაინც იმაზე ხანგრძლივად გვეჩვენება, ვიდრე ორი წყვეტილი.
"სიჩუმე, რაც არ უნდა იყოს, ხმა არაა — ეს ხმის არარსებობაა", — აცხადებს ჟუეი ჭე გოჰი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის განხრით — "რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩვენი ნაშრომი აჩვენებს, რომ არაფერიც რაღაცაა, რისი გაგონებაც შეგიძლიათ".
მკვლევართა დასკვნა შემდეგნაირად ჟღერს: თუკი ამ ხრიკების ფარგლებში სიჩუმეზეც ისევე ვრეაგირებთ, როგორც ხმაზე, მაშინ სიჩუმე ნამდვილად გვესმის; ეს მეტია, ვიდრე უბრალოდ იმის მიხვედრა, რომ სიჩუმეა.
მეცნიერებმა ჯამში 7 ექსპერიმენტი ჩაატარეს ათას მონაწილეზე. "one-is-more" ილუზიასთან ერთად, მათ მსგავსი სხვა ტესტებიც ჩაატარეს. გამოცადეს როგორც ნაწილობრივი, ასევე ერთმანეთისაგან სხვადასხვა ხარისხით დაშორებული სიჩუმეებიც.
სიჩუმეების გარშემო ზოგიერთ ექსპერიმენტში რესტორნებისა თუ მატარებლის სადგურების ფონური ხმები გამოიყენეს, დანარჩენში კი — ტონების ვარიაციები.
შედეგები ყველა ექსპერიმენტის შემთხვევაში იგივე იყო: მონაწილეები სიჩუმესაც ისე ამუშავებდნენ, როგორც ხმას.
"ილუზიებსა და ეფექტებს, რომლებიც, ერთი შეხედვით, მხოლოდ ხმის დამუშავებას ახასიათებს, სიჩუმის დროსაც ვაწყდებით, რაც მიანიშნებს, რომ ხმის არარსებობაც ნამდვილად გვესმის", — აცხადებს იან ფილიპსი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი.
არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ სიჩუმეს ხმების აღქმისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად ამისა, ეს პირველი მყარი ექსპერიმენტული მტკიცებულებაა იმისა, რომ თავად სიჩუმეც შეიძლება ასრულებდეს იმ სტიმულის როლს, რომელიც ტვინს ესმის.
სამომავლოდ მკვლევრები ფიქრობენ შეისწავლონ, თუ როგორ აღვიქვამთ სიჩუმეს, როდესაც იგი ხმისგან სრულებით განცალკევებულია (ექსპერიმენტების ფარგლებში იგი ხმაურს შორის იყო). საკითხის გამოკვლევა, შესაძლოა, სამომავლოდ სმენის პრობლემების გადაჭრაში დაგვეხმაროს.
მკვლევართა ნაშრომი ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები