აზერბაიჯანის სოფელი სოიუდლუ მესამე კვირაა პოლიციის მიერ არის ბლოკირებული
2 კვირაზე მეტია, დასავლეთ აზერბაიჯანის სოფელ სოიუდლუში ლოქდაუნი გრძელდება და გარეშე პირებისთვის ჩაკეტილია მას შემდეგ, რაც პოლიცია დაუპირისპირდა ადგილობრივებს, რომლებიც გარემოს დაბინძურებას აპროტესტებდნენ.
20-21 ივნისს, ადგილობრივებმა მიმდებარე ოქროს მაღაროდან ნარჩენების გადაყრა გააპროტესტეს, რასაც სპეცრაზმის ჩართვა მოჰყვა, რომელმაც ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა, მათ შორის, მოხუცებული ადგილობრივების მისამართით.
მაცხოვრებლებმა OC Media-ს განუცხადეს, რომ სოფლის ყველა შესასვლელთან პოლიციის საკონტროლო პუნქტია მოწყობილი და სოიუდლუ გარეშე პირებისთვის ჩაკეტილია. მხოლოდ ადგილზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს შეუძლიათ ტერიტორიის დატოვება და შესვლა.
"ხალხს შესვლის და გასვლის ნებას მხოლოდ დოკუმენტების შემოწმების შემდეგ აძლევენ", — ამბობს საპროტესტო გამოსვლებისას დაშავებული ერთ-ერთი ქალი OC Media-სთან.
"გადაბაის რაიონში ექთნად ვმუშაობ. ყოველდღე, პოლიციის განყოფილებაში ჩემი დოკუმენტების შემოწმების შემდეგ, ნებას მაძლევენ, რომ სოფელი დავტოვო. სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას იმავე პროცედურის გავლა გვიწევს", — ამბობს ის.
ოფიციალურმა უწყებებმა საპროტესტო გამოსვლებს მასში ჩართული ადგილობრივებისა და იმ აქტივისტების დაკავებით უპასუხეს, რომლებიც სოფლის მცხოვრებლები არ არიან, თუმცა მხარს უჭერდნენ.
"შოჰრატ მამადოვი, რომელიც იმ დროს დააკავეს, როცა შვილისთვის წამლის საყიდლად მიდიოდა, მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც გადაბაის პოლიციის განყოფილებაში სცემეს", — აღნიშნავს კიდევ ერთი ადგილობრივი OC Media-სთან.
"თვალებში გაზი შემივიდა", — დაამატა მან, "ზოგჯერ, ახლაც მტკივა".
"ადამიანების დიდი ნაწილი სოფელში შემოსვლას ვერ ახერხებს. ისინიც, ვისაც გასვლა უნდა, შემოწმების შემდეგ ახერხებენ დატოვებას. გზის ყველა მხარეს პოლიციაა განთავსებული".
აქტივისტების დაკავება
ივნისის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ სამართალდამცავი უწყებები აკავებენ ადამიანებს, რომლებიც პოლიციის საპასუხო ქმედებების საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ.
5 ივლისს, ნარიმანოვის რაიონის სასამართლომ აქტივისტის, ბიზნესმენისა და პარლამენტის ყოფილი წევრის, ნაზიმ ბეიდამირლის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ბეიდამირლის გამოძალვის ბრალდებით ასამართლებენ და 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თუმცა, ბეიდამირლის ადვოკატი მის დაკავებას სოიუდლუს მოვლენების შესახებ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს.
პროტესტის შემდეგ დღეებში, ბეიდამირლიმ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ სოფლის მაცხოვრებლების მტკიცება, რომ ოქროს მაღარო ადამიანების ჯანმრთელობასა და გარემოს ვნებს, გამართლებულია და აღნიშნა, რომ სოფლის მცხოვრებთა უფლებები ირღვევა.
ზეინი ჰუსეინოვმა, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრის სპიკერმა განაცხადა, რომ ბეიდამირლის დაკავება მოქალაქის საჩივარს მოჰყვა, რომელიც აცხადებდა, რომ ბეიდამირლიმ "სამარცხვინო ფოტოების" გავრცელებით დააშანტაჟა იმ შემთხვევაში, თუ არ გადაუხდიდა. ის წაყენებულ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
პროტესტის მონაწილე სოფლის მაცხოვრებლებისა და იმ ადამიანების დაკავების შესახებ, რომლებიც მხარდაჭერას გარედან უცხადებდნენ, სხვა ცნობებიც გავრცელდა. სოფლის ხუთ მცხოვრებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 20 დღე შეუფარდეს, ერთს კი 1500 აზერბაიჯანული მანათის (2290 ლარი) გადახდა დააკისრეს.
სოციალური მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კიდევ სამი სხვაც დააკავეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის: ეთნიკურად აზერბაიჯანელი რუსეთის მოქალაქე, ეტიბარ ჯაბაროვი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ადგილობრივების WhatsApp-ის ჯგუფი შექმნა, პროტესტის მონაწილე შოჰრატ ასკეროვი და ჰაბილ ისმაილოვი, იმ ბიზნესის მფლობელი, რომელმაც საპროტესტო პოსტერები დაბეჭდა. გავრცელებული ინფორმაციით, ისმაილოვი ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით დააკავეს.
აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალურ წყაროებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
პროტესტი ქიმიური ტბების წინააღმდეგ
სოფელ სოიუდლუს მაცხოვრებლებმა მიმდებარე ოქროს მაღაროდან შესაძლო დაბინძურების საწინააღმდეგო პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, მათი მტკიცებით, ქიმიური ნარჩენები ჯანმრთელობისა და გარემოს მოსპობას იწვევს.
მაცხოვრებლების თქმით, სოფელში მდებარე ხელოვნური ტბა, რომელიც, სავარაუდოდ, დაახლოებით 11 წელია, რაც ოქროს მაღაროს ქიმიური ნარჩენების გადასაყრელად გამოიყენება, მიმდებარე ბუნებას ანადგურებს, ტოქსიკურ ორთქლს გამოყოფს, სუნთქვას ართულებს და ფილტვის დაზიანებას იწვევს.
ამასთან, მათ ტერიტორიაზე მეორე ხელოვნური ტბის შექმნის გეგმაც გააპროტესტეს.
ოქროს მაღაროებს ოფიციალურად ბრიტანული კომპანია Anglo Asian Mining Plc ამუშავებს, რომლის მმართველი ირანელი ბიზნესმენი, რეზა ვაზირია. თუმცა, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გამოვლენის პროექტის (OCCRP) 2016 წლის გამოძიების მიგნებით, მაღაროები რეალურად აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შვილების მფლობელობაშია.
ხელისუფლებამ დაიცვა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გადაწყვეტილება, მათი პოზიციით, ისინი პოლიციის პროვოკაციაზე წამოგებას ქვების სროლით ცდილობდნენ.
პრემიერ მინისტრმა ალი ასადოვმა ასევე განაცხადა, რომ კომისია შეიქმნება, რომელიც სოფლის მიმდებარე ტერიტორიის გარემოსდაცვითი სიტუაციის მონიტორინგს ჩაატარებს.
აქციის მონაწილე ერთ-ერთმა ქალმა OC Media-სთან თქვა, რომ რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები სოფელში ყოველდღიურად დადიან, რათა ხალხს დაელაპარაკონ, თუმცა ადგილობრივები პასუხებით უკმაყოფილო არიან.
მისი თქმით, ახლა მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვთ: "ისინი, ვინც უსამართლოდ დააკავეს უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ".
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები