წამება, გაუპატიურების მუქარა, სექსუალური შევიწროება — სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ანგარიში
გაფრთხილება: სტატიაში მოყვანილი ფაქტები სენსიტიური შინაარსისაა.
ასაკობრივი ცენზი: +18
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდის ანგარიში წარადგინეს.
დოკუმენტის სახელწოდებაა — "ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ" და მასში 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდში მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობის მიზნით ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემურ დარღვევებზეა საუბარი.
დოკუმენტირების ფარგლებში ინტერვიუ ჩატარდა 117 პირთან, რომელთა 77.7% (91) მიუთითებს, რომ ისინი დაექვემდებარნენ ძალადობას და არასათანადო მოპყრობას პოლიციის მხრიდან.
აღსანიშნავია, რომ სასამართლოში ასევე აქტიურად განიხილება/განიხილებოდა არაერთი სისხლის სამართლის საქმე, რომლებიც უკავშირდება 2024 წლის აპრილ-მაისისა და, შემდგომ, ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს დაკავებულ აქტივისტებს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საპროტესტო აქტივობებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის წესით დაკავებების გამოყენებამ მოახდინა მშვიდობიანი პროტესტის კრიმინალიზაცია და შეზღუდა თავისუფალი შეკრება. 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით, 60-ზე მეტ ადამიანს ემუქრება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. მათგან, 10 პირს ბრალი ედება 2024 წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, ხოლო 52-ს — 2024-2025 წლების ნოემბერ-თებერვლის აქციებთან მიმართებით.
აქციებზე დაკავებულების წამება
მოცემულ ანგარიშს თანდართული აქვს ანონიმური ინტერვიუები, სადაც დაზარალებულები თავიანთ ისტორიებს ჰყვებიან. სამართალდამცავები მათზე ფიზიკური ძალადობის შემდეგ, ფსიქოლოგიურადაც ძალადობდნენ. ანგარიშის მიხედვით ძალადობა ძირითადად დაკავების შემდეგ, პოლიციის მიკროავტობუსში ხდებოდა. დაზარალებულები ასევე იხსენებენ, როგორ არ აძლევდა პოლიცია სასწრაფო დახმარების ექიმებს მათთვის დახმარების გაწევის უფლებას.
დაზარალებული 45 წლის მამაკაცი, რომელმაც ცემის შედეგად ნეკნის მოტეხილობა მიიღო, იხსენებს, რომ ნაცემს ფეხზე ადგომას სთხოვდნენ და რაკი მიღებული ტრავმებისგან დგომა არ შეეძლო, კიდევ უფრო ძლიერად ურტყამდნენ
"[მიკროავტობუსში] მირტყამდნენ თავში. როცა მიხვდნენ, რომ, ხელის აფარების გამო, სახეში ძალიან არ მხვდებოდა, როგორც ბურთს ურტყამენ, ისე გამოიქნია ფეხი გვერდიდან ერთმა და მომარტყა შუბლში, საიდანაც მთელ სიგრძეზე სისხლი წამომივიდა. მერე ნეკნში დამარტყეს, რომელიც, სავარაუდოდ, მაშინვე გამიტყდა, რადგან სპეცრაზმელებმა თავიანთი მძიმე და ძლიერი სამხედრო ფეხსაცმელებით მცემეს.
ნეკნი რომ გამიტყდა, ისეთ ძლიერ ტკივილს ვგრძნობდი, მერე რომ მეუბნებოდნენ, ადექიო, ვერ ვდგებოდი და, ამის გამო, კიდევ უფრო ძლიერად მირტყამდნენ. კი მინდოდა ადგომა, მაგრამ ფიზიკურად არ შემეძლო. მომაძახეს — იყოს, ამის დედაცო,"
მოგვიანებით, დაზარალებული სასწრაფო დახმარება ითხოვა. ავტობუსში მამაკაცი ამოვიდა რომელმაც უთხრა, რომ ექიმი იყო. ნახა მისი მდგომარეობა და სასწრაფო დახმარების მოსაყვანად წავიდა.
"სანამ სასწრაფო მოვიდოდა, ვიღაც შემოვიდა. დამხედა და რომ ვერ ვუპასუხე, წყალი დამასხა სახეზე. ეს უფრო დამცირების მიზნით იყო გაკეთებული, ვიდრე ჩემი გონზე მოყვანისთვის, თან, როგორც მივხვდი, ექიმის ნათქვამს არ ენდობოდა და თვითონაც გადაამოწმა, რამდენად ნაცემი ვიყავი. ამის მერე მითხრა, ნეკნი რომ გაგიტყდა, მაგან გიშველა, შე დედამო****ნულოო და ერთი ფეხი ჩამარტყა," — წერია ანგარიშში.
28 ნოემბრის აქციაზე ერთ-ერთი დაზარალებული იხსენებს, რომ ცემისას პოლიციამ ე.წ. 'წიწაკის სპრეი" შეასხა ხელებზე ცემისას სახე რომ არ დაეფარა და უკეთ ერტყათ.
"[პოლიციის] კორიდორში, ძირითადად, მირტყამდნენ თავის არეში ხელებს და ფეხებს. რადგან სახე დაფარული მქონდა [ხელებით], ბრაზდებოდნენ. ხელებზე შემასხეს [წიწაკის] სპრეი, რომელმაც კანი ძალიან დამიწვა. ეს დამწვრობა თვალით იყო ხილული და 4 დღის განმავლობაში პერიოდულად მაწუხებდა. დამწვრობის ტკივილის გამო, ხელები ჩამოვწიე და სახეში დამარტყეს," — იხსენებს დაკავებული.
დაზარალებულები იხსენებენ, რომ დაკავების შემდეგ, პოლიციის მიკროავტობუსში სამართალდამცავების ჯგუფი ფიზიკურად უსწორდებოდა.
1-ელ დეკემბერს აქციაზე დაკავებული იხსენებს, რომ მას მიკროავტობუსში სისხლის გუბეები დახვდა.
"იქ [მიკროავტობუსში] უკვე ორი ადამიანი იყო. ორივე სრულიად დასისხლიანებული და კვნესოდნენ. ეს ძალიან კარგად მახსოვს. ვცდილობდი, ხელებით დამეფარა სახე და თავი. ამ დროს, ჩემ გვერდით, ის ორი კვნესოდა. იდგა საშინელი სუნი — ალბათ, სისხლის — და გუბეები. ამ ორიდან ერთი იყო ჩემზე ახალგაზრდა და მეორე ჩემზე ხნიერი. ორივე მთლიანად სისხლით იყო მოსვრილი.“
არასრულწლოვანებზე ძალადობა და წამება
17 წლის არასრულწლოვანი, რომელიც 5 დეკემბერს ქუთაისში დააკავეს იხსენებს, რომ დაკავების პროცესში შეუძლოდ გახდა, თუმცა პოლიციამ იქვე მდგომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს არ მისცა საშუალება, მისთვის დახმარება გაეწიათ.
"მე თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. მქონდა ღებინების შეგრძნება, რის გამოც, ვთხოვე პოლიციის თანამშრომლებს, გაეჩერებინათ მანქანა და რამდენიმე წუთით იქიდან გადასვლის შესაძლებლობა მოეცათ, რაზეც უარი მითხრეს. ვითხოვე, მინა მაინც ჩაეწიათ, რადგან თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. პოლიციის თანამშრომლებმა ამაზეც უარი მითხრეს — გული თუ გერევა, შენს ზურგჩანთაში აღებინეო.
ზურგჩანთაში მედო პირადი ნივთები და სკოლის წიგნები. მათ იძულებული გამხადეს, რომ ჩემს წიგნებზე ამერია გული. ამის მერე კისერზე დამაჭირეს ხელი და ზურგჩანთასთან, რომელშიც გული ამერია, თავი ახლოს დამადებინეს. პოლიციის თანამშრომლები მანქანაში მაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაგინებდნენ და დამცინოდნენ. მაგინებდნენ გულის არევის დროსაც და თავში ხელი დამარტყეს. მეუბნებოდნენ, რომ ქვას მომაბამდნენ და მდინარეში გადამაგდებდნენ," — ვკითხულობთ 17 წლის დაზარალებულის მონაყოლს ანგარიშში.
გაუპატიურების მუქარა და სექსუალური შევიწროება
დაზარალებული 32 წლის მამაკაცი 2 დეკემბერს იხსენებს, რომ ჯერ მას დაემუქრნენ გაუპატიურებითა და წამებით, შემდეგ კი მის ოჯახის წევრების გაუპატიურებით იმუქრებოდნენ.
"პოლიციის მანქანაში პოლიციელების მხრიდან იყო ძალიან ძლიერი მუქარა. მეუბნებოდნენ, რომ სადაც მიმიყვანდნენ, იქ გამაშიშვლებენ, გამაუპატიურებენ, მაშხალებს შიშველ სხეულზე მომადებდნენ და მაგით გამაუპატიურებდნენ. დავიჯერე, რომ ეს ყველაფერი წინ მელოდა. ვფიქრობდი, რანაირად უნდა მოვახერხო, რომ ამას გავუძლო-მეთქი. ყველაზე მძიმედ კი მახსოვს, რომ მეუბნებოდნენ, ახლა რომ ავალთ, გავიგებთ შენს მისამართს და შენს ოჯახს ამას ვუზამთ, იმას ვიზამთო, შენს ცოლს-შვილს გავაუპატიურებთო. ეს არის ტრავმა, რომელიც არა მხოლოდ იმ მომენტში მივიღე, არამედ მერეც გამომყვა," — ვკითხულობთ განცხადებაში.
28 წლის კაცი 1-ელი დეკემბრის მოვლენებს, მის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და სექსუალური შევიწროების ფაქტებს იხსენებს:
"[...] მკითხეს, მომწონდა თუ არა გოგოები და სხვა სექსუალური ორიენტაციის ხომ არ ვიყავი. ლგბტქი+ თემზეც მისვამდნენ კითხვებს.
იყო სექსუალური შევიწროების ფაქტიც: პოლიციელი ჩემ გვერდით იჯდა და შემეხო ფეხზე (ძალადობის ფაქტის დროს შარვალი დამეხა და ამ ადგილას შემეხო), მკითხა, ფეხებს ვიპარსავდი თუ არა. ეს ჩემთვის იყო დამამცირებელი და ღირსების შემლახველი. პარალელურად, გამუდმებით მიყვიროდნენ და მამცირებდნენ," — წერია ანგარიშში.
დაზარალებული 20 წლის მამაკაცი იხსენებს, რომ 4 დეკემბერს, გამთენიისას, აქციაზე მყოფ შეყვარებულთან შესახვედრად გამოსულს დაედევნნენ პოლიციელები თეთრი ავტომობილით ნიღბიანი, სცემეს, გაუპატიურებით და ამ აქტის გადაღებით დაემუქრნენ.
"ყოველ წამს იყო გინება, გაუპატიურებით, მოკვლით დამუქრება. აი, ახლა ჩიხში წავიყვანოთო, ვიდეო გადავუღოთო, დავასახიჩროთო... მო**ანით, გადაუღეთ და გადააგდეთო. ისეთ შოკში ვიყავი, რეაქციაც ვერ მქონდა. ამას რომ ამბობდნენ, თან სულ მირტყამდნენ. ერთს ვუთხარი, გული მაქვს ცუდად მეთქი. "გული სად გაქვს, შე დედამო***ულოო" და გულში, მკერდის ძვალზე დამიწყეს რტყმა. გაუპატიურებით რომ მემუქრებოდნენ და მირტყამდნენ, ერთმა ფეხზე მოფერება დამიწყო. ხელი რომ გავაწევინე, ყბაში ჩამარტყა მუშტი და მაგინა, "აბაროტი ვის მიეციო" მომაძახა. ფეხზე რომ მეფერებოდა, თან მეუბნებოდა, "ახლა შენ მოგხედავთ, რომ ჩაგხდითო". ბოლო ძალა მოვიკრიბე, ხელი გავაწევინე და ვის აგინებო, ისევ ცემა დამიწყეს. 4-5 ეტაპი იყო ცემის. არ შეწყვეტილა გინება, მოკვლის და გაუპატიურების მუქარა, შეყვარებულის გაუპატიურების მუქარა. ერთმა საერთოდ ყველას და ყველაფერს აგინა, ვინც მიყვარდა და მათი დახოცვით დამემუქრა. ხმას ვერ ვიღებდი, სულ მუშტი მხვდებოდა,"
ქალ დაკავებულებზე ძალადობა და გაუპატიურების მუქარები
7 დეკემბრის აქციაზე დაკავებული ქალი იხსენებს: "პოლიციის განყოფილებაში რომ გადამიყვანეს, ძალიან არასასიამოვნო რამ მოხდა. ვიდეოს მიღებდნენ პოლიციის თანამშრომლები, ნიღბები ეკეთათ, მაგრამ ტანსაცმელზე ეწერათ, რომ პოლიციელები იყვნენ. მეუბნებოდნენ, ვიცით შენზე, რომ სტრიპტიზს ცეკვავ გახდილიო, არ ვიცოდი, მაგას რატომ მეუბნებოდნენ ან რა უნდა მექნა, საშინელება იყო, სავარაუდოდ, ჩემი განერვიულება უნდოდათ, შანტაჟიც".
19 ნოემბერს, დილას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა ქალი იხსენებს, რომ პოლიციის ფურგონში მუხლებზე იდგა და პოლიცია სავარძელზე დაჯდომის შესაძლებლობას არ აძლევდა. მას დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ სექსუალური შინაარსის ფრაზებს. ერთ-ერთი პოლიციელი ფეხებს შორის მიუთითებდა და ეუბნებოდა, აქ დაჯექიო.
განსაკუთრებით თვალში საცემი იყო, 2 თებერვალს "თბილისი მოლთან" გამართულ აქციაზე პოლიცია განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ქალების მიმართ. ისინი აგრესიულად იყენებდნენ სექსისტურ და მიზოგინიურ ენას. პოლიციელები ქალებს ხელს ჰკრავდნენ, ურტყამდნენ და შემდეგი ფრაზებით მიმართავდნენ:
- "წადით სახლში, ჯობია ჭურჭელი გარეცხოთ აქ დგომას";
- "შეხედე რამდენი ბო*ია”; „ტინდერის ბო*ები დგანან";
- "*ლეს მოწოვ?";
- "აქ 100 ლარს რომ იღებ, წამოდი და 101 ლარად მე მოგ**ნავ. ყველა დირკაში გი*მარ";
აქციის მონაწილე იხსენებს, რომ პოლიციელს უთხრა — "არ გრცხვენიათო?" პასუხად კი ერთ-ერთმა მუშტი დაარტყა სახეში, ტუჩიდან სისხლი წამოუვიდა და პოლიციელმა უთხრა: "რომ მოგტ**ავ, მუ***იდანაც მასე წამოგივა სისხლიო".
ჟურნალისტებზე ძალადობა
ანგარიშში ასევე საუბარია, რომ სამართალდამცავები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ ჟურნალისტების მიმართ — სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის აკავებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
ერთ-ერთი დაზარალებული ჟურნალისტი იხსენებს, რომ მისი დაკავება სამართალდამცავების ახსნით, სწორედაც მისი პროფესიიდან გამომდინარე იყო.
"[ჯგუფური ცემის დროს] თავიდანვე ვამბობდი, ჟურნალისტი ვარ, რას აკეთებთ, შეცდომაა, მე არაფერ შუაში ვარ მეთქი. იქვე გავიგე, რომ, როგორც ჟურნალისტს, შემაგინეს, ჟურნალისტი რომ ხარ მაგიტომაც, შენი... მერე კიდევ მესმოდა გინებები"
დაზარალებული ჟურნალისტი პირველი დეკემბრის მოვლენების შესახებ იხსენებს:
"დაკავების დროს მეუბნებოდნენ, "ახლაც იბლატავებ ბევრს?!", "აი, ახლა დაგენძრა!". დაკავების მომენტში ხელები გადამიგრიხეს და ზურგს უკან პლასტმასის ხამუთით შემიკრეს. [...] როცა სპეცრაზმელებს შორის შევედით, დაიწყო გინება, რაღაც შეძახილები და სახეში ხელის რტყმა. იყო ყიჟინა… მაგინებდნენ და მირტყამდნენ სახისა და თავში. მათ შორის, ერთ-ერთმა ნიღბიანმა "შენი ჟურნალისტი დედ***" მომაძახა და სახეში ჩამარტყა,"
ანგარიშის ცნობით, ამ დროისთვის, მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მონაწილეობისთვის სასჯელს იხდის 64 ადამიანია, მათ შორის საპატიმროშია პირველი ქალი პოლიტპატიმარი მზია ამაღლობელი. 2024 წლის ნოემბრიდან მოყოლებული დაფიქსირდა მედიის წარმომადგენლების უფლებების შეზღუდვის 108 შემთხვევა.
შეჯამება
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ანგარიშის მიხედვით, 28 ნოემბრიდან 7 თებერვლის ჩათვლით პერიოდში შსს-მ დემონსტრაციები, აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენებით, 10-დღიან ინტერვალში, 7-ჯერ დაარბია (28 ნოემბრიდან 8 დეკემბრამდე):
1. 2024 წლის 28-29 ნოემბრის ღამე;
2. 2024 წლის 29-30 ნოემბრის ღამე;
3. 2024 წლის 30 ნოემბრის —1-ლი დეკემბრის ღამე;
4. 2024 წლის 1-2 დეკემბრის ღამე;
5. 2024 წლის 2-3 დეკემბრის ღამე;
6. 2024 წლის 3-4 დეკემბრის ღამე;
7. 2024 წლის 6-7 დეკემბრის ღამე.
დაზარალებულების მონაყოლის თანახმად, უმეტესად, ძალადობა გრძელდებოდა პოლიციის სატრანსპორტო საშუალებაში. ცალკეულ შემთხვევებში, ნაცემ ადამიანს საპატრულო ან კრიმინალურ პოლიციას გადასცემდნენ მიკროავტობუსში მისი დაყოვნების გარეშე. ზოგიერთი რესპონდენტი კი სპეცრაზმის მხრიდან ძალადობის შემდეგ არ დაუკავებიათ.
თუმცა, ხშირ შემთხვევაში, დაკავებულები თავდაპირველი ცემის შემდეგ მიჰყავდათ მიკროავტობუსებში, სადაც მათზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა გრძელდებოდა. რესპონდენტები აღწერენ, რომ მიკროავტობუსებს არ ჰქონდა სავარძლები და ფანჯრები. მის კიდეებზე, შიდა მხარეს, დამაგრებული იყო გრძელი სკამი, ხოლო მძღოლის ადგილი გამოყოფილი იყო ტიხრით, რომელსაც გისოსებიანი ფანჯარა ჰქონდა.
რესპონდენტების უმეტესობა აღწერს, რომ მიკროავტობუსში სისხლის გუბეები იდგა, სისხლით იყო მოსვრილი ან სისხლის სუნი იგრძნობოდა. აქ გრძელდებოდა ჯგუფური ცემა, ძირითადად მუშტით, სპეციალური ხელთათმანით, ფეხით. ცემის პარალელურად, მათ აყენებდნენ შეურაცხყოფას, აგინებდნენ და ეკითხებოდნენ, კიდევ მოვიდოდნენ თუ არა აქციაზე.
ანგარიშსს ასევე თან დართული აქვს სტატისტიკა, თუ სხეულის რა ნაწილებში და რისი გამოყენებით ურტეს იმ მომიტინგეებს, რომლებმაც საპოლიციო ძალების მხრიდან ძალადობის შესახებ განაცხადეს.
ცნობისთვის, ქართული ოცნების პარლამენტი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ "MEGOBARI აქტის" საპასუხო ოფიციალური განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ოცნებამ 2024 წლის პროევროპული აქციების დაშლა ისე წარმართა, რომ "არცერთი მონაწილის ჯანმრთელობას გრძელვადიანი კვალი არ დაჩნევია". რაც შეეხება ჟურნალისტებზე ძალადობას და პრესის თავისუფლებას, ოცნების პარლამენტის მტკიცებით, საქართველოში მედია დამოუკიდებლობით აშშ-სა და ევროპის ქვეყნებსაც ჯობს.
კომენტარები