პასუხი ხშირად დასმულ კითხვაზე: თუკი ევოლუცია მართლაც მოხდა, რატომ არსებობენ მაიმუნები დღესაც?
ბევრს აინტერესებს, თუკი ადამიანის ევოლუცია მაიმუნის მსგავსი ცხოველიდან დაიწყო, მაშინ რატომ არსებობენ დღეს კიდევ მაიმუნები? ან რატომ არ გვხვდება ბუნებაში ნახევრად ადამიანი და ნახევრად მაიმუნი, რომელიც ევოლუციური გარდაქმნის პროცესშია? საქმე ისაა, რომ ეს კითხვები საფუძველშივე არასწორად გაგებულ თეორიას ეფუძნება, შესაბამისად, არარელევანტურია.
აუცილებელია გავიაზროთ, რომ ევოლუცია ისეთი სწორხაზოვანი სულაც არაა, როგორც ზემოთ ნაჩვენებ სურათზე ვხედავთ. შიმპანზეები და სხვა მსგავსი სახეობები ჩვენი პირდაპირი წინაპრები არ არიან, არამედ მხოლოდ გვენათესავებიან. გენეალოგიურად მათგან მილიონობით წლის წინ განვცალკევდით, ანუ დღესდღეობით დედამიწაზე მიბინადრე ასეთ ცხოველებთან მხოლოდ საერთო წინაპარი გვაკავშირებს.
ეს არსება პლანეტაზე რამდენიმე მილიონი წლის წინ ცხოვრობდა და, რა თქმა უნდა, ახლა უკვე გადაშენებულია. გარემო პირობებიდან გამომდინარე, მან ევოლუცია განიცადა და ცალ-ცალკე წარმოშვა როგორც ადამიანები, ასევე შიმპანზეები. ამ უკანასკნელთან დნმ-ის 98 პროცენტს ვიზიარებთ, რაც სწორედ საერთო წინაპარზე მიანიშნებს.
ჩვენ, შიმპანზეების მსგავსად, ქვეგანშტოება ვართ, რომელიც სხვა განშტოებასთანაა დაკავშირებული, ის კი ცალკე ქვეგანშტოებებს მოიცავს. მაგალითად, ბონობოებს, გორილებსა და ორანგუტანგებს.
თუ ამ განშტოებებს უკეთ ჩავუკვირდებით, ვნახავთ, რომ მაიმუნებისა და ადამიანის მსგავსი მაიმუნების გზები უფრო ადრე, 25-30 მილიონი წლის წინ გაიყო. გამოდის, რომ ჩვენმა საერთო წინაპარმა მრავალ სახეობას დაუდო საფუძველი.
"ზუსტად ისე არაა სწორი იმის თქმა, რომ ჩვენ ადამიანების მსგავსი მაიმუნების შთამომავლები ვართ, ისინი კი მაიმუნების შთამომავლები არიან, როგორც იმის თქმა, რომ ვიღაც საკუთარი დედმამიშვილის, ის კი, თავის მხრივ, ბიძაშვილის/მამიდაშვილის შთამომავალია. არავინ გკითხავთ: თუ შენი ბიძაშვილისგან/მამიდაშვილისგან განიცადე ევოლუცია, მაშინ ისინი ჯერ კიდევ რატომ არსებობენ?", — წერენ მეცნიერები 2010 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში.
მეცნიერთა თქმით, სწორედ ასეთი აბსურდულია ის კითხვები, რომლებიც დასაწყისში ვახსენეთ.
კომენტარები