მზეზე პლაზმის წვიმა მოდის — მეცნიერთა ახალი აღმოჩენა
ასტრონომთა ახალი კვლევის თანახმად, მზის ატმოსფეროში მეტეორების მსგავსი პლაზმის ერთგვარი ბურთულები წარმოიქმნება, რომლებიც გარემომცველ აირს აცხელებს და ვარსკვლავის ზედაპირზე 150 კმ/სთ სიჩქარით ცვივა. ამ ფენომენს კორონალური წვიმა ეწოდება და შესაძლოა, მისი გაანალიზება იმის დადგენაში დაგვეხმაროს, რატომაა მზის ატმოსფერო მის ზედაპირზე ბევრად ცხელი.
ეს მოვლენა თითქმის იმავე ფიზიკურ კანონებს იმეორებს, რომლებსაც დედამიწაზე — წვიმა. გაცხელებული მატერია ზედაპირიდან ადის, მაღლა ის ცივდება, შემდეგ კი ისევ დაბლა ცვივა. ჩვენს პლანეტაზე ამ პროცესში მთავარ როლს წყალი ასრულებს, მზეზე კი, რა თქმა უნდა, პლაზმა, რომელიც მაგნიტური ველის ხაზებს მიუყვება.
ამ ფენომენის შესახებ მცირე ინფორმაცია აქამდეც მოგვეპოვებოდა, მაგრამ ევროპის კოსმოსური სააგენტოს ზონდის Solar Orbiter მეშვებით მეტი დეტალი გავიგეთ. 2022 წლის მარტში მან მნათობს 48 მილიონ კილომეტრ მანძილზე ჩაუარა და მას უპრეცედენტოდ ახლოდან დააკვირდა. სწორედ მაშინ გადაღებული მაღალი გარჩევადობის სურათები გამოიყენეს კვლევისთვის მეცნიერებმა და 250 კილომეტრამდე ზომის პლაზმა გამოავლინეს, რომელიც მზეზე კორონალური წვიმის სახით მოდიოდა.
გაირკვა, რომ პლაზმის ბურთები გზად აირს კუმშავს და დაახლოებით 1 მილიონ გრადუს ცელსიუსამდე აცხელებს. ეს სიმხურვალე რამდენიმე წუთის განმავლობაში ნარჩუნდება. ეს შეგვიძლია, დედამიწაზე მეტეორების წვიმას შევადაროთ, თუმცა, მათგან განსხვავებით, მზეზე პლაზმის ფრაგმენტები ზედაპირამდე უვნებლად აღწევს, რასაც მაგნიტური ველის ხაზების დახმარებით ახერხებს, რომლებიც გვირაბის ფუნქციას ასრულებს. ამგვარი წვიმა უეცარ ანთებებს იწვევს, რომლებიც Solar Orbiter-მა დააფიქსირა.
იქიდან გამომდინარე, რომ პლაზმის ბურთულებს, მეტეორების მსგავსი კუდი არ გააჩნია, მათი დანახვა შედარებით ძნელია. სამაგიეროდ, ზემოხსენებული ზონდი მზესთან საკმარისად ახლო დისტანციაზე გადაადგილდება და ფენომენზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს.
ავტორთა ახალი ნაშრომი მალე გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდება, იქამდე კი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები