ჩვენი მზის სისტემა შესაძლოა, ახლომდებარე ვარსკვლავის აფეთქებას გადაურჩა
მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, ჩვენი მზის სისტემის მახლობლად ვარსკვლავი აფეთქებულიყო. ეს ნიშნავს, რომ ამ მოვლენას გადავურჩით, რასაც მოლეკულურ ღრუბელს უნდა ვუმადლოდეთ.
ამგვარი დასკვნა სპეციალისტებმა მეტეორიტებში არსებულ ქიმიურ ელემენტთა იზოტოპების შესწავლის შემდეგ გამოიტანეს. ესაა ასტრონომიული სხეულები, რომლებიც ახალგაზრდა მზის სისტემის ნარჩენი მატერიისგან წარმოქმნილი ასტეროიდების ნაწილებია, შესაბამისად, ჩვენი კოსმოსური სამეზობლოს შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს.
კერძოდ, ავტორებმა მეტეორიტებში ალუმინის რადიოაქტიური იზოტოპის ცვალებადი კონცენტრაცია აღმოაჩინეს. ამან გამოავლინა, რომ დაახლოებით 4.6 მილიარდი წლის წინ მზის სისტემაში ასეთი დამატებითი იზოტოპები შემოიჭრა, მათი პოტენციური წყარო კი სწორედ ზეახალი ვარსკვლავია, ანუ მნათობის აფეთქება.
ეს მაშინ ხდება, როცა მნათობში ბირთვული რეაქციები ვეღარ მიმდინარეობს, ამიტომ მისი შუაგული კოლაფსს განიცდის, ატმოსფეროში არსებული მძიმე ელემენტები კი კოსმოსში იფანტება. ამ მატერიისგან ვარსკვლავთა ახალი თაობა იბადება, თუმცა აფეთქება იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია, ახალგაზრდა პლანეტური სისტემები გაანადგუროს.
მეცნიერთა ჰიპოთეზის მიხედვით, არაა გამორიცხული, რომ მკვრივ მოლეკულურ აირს, რომელშიც მზე წარმოიქმნა, ერთგვარი ფარის ფუნქცია შეესრულებინა და დავეცვით. მის გასარღვევად აფეთქების ტალღას 300 000 წელი დასჭირდებოდა. საინტერესოა, რომ ასტეროიდები ჩვენი სისტემის არსებობის პირველ 100 000 წელში გაჩნდა, როცა ჯერ კიდევ ამ "აპკში" ვიყავით.
სავარაუდოდ, მსგავსი აირის ე.წ. ფილამენტებმა, ანუ ძაფისებრმა სტრუქტურებმა, აფეთქების ტალღას მოყოლილ რადიოაქტიურ იზოტოპებს მზის გარშემო მოუყარა თავი. სწორედ ასე აღმოჩნდა ისინი ასტეროიდებში.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები