ავსტრალიამ სამედიცინო მიზნით ფსიქოდელიური ნივთიერებების გამოყენების ნებართვა გასცა
ავსტრალია პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ფსიქოდელიური საშუალებების მკურნალობის სახით გამოყენება დაუშვა. ნივთიერებებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სამკურნალოდ გამოიყენებენ.
ფსიქიატრები MDMA-ის პოსტტრამვული აშლილობის სამკურნალოდ გამოიყენებენ, ხოლო ფსიქოდელიურ სოკოებს (ჯადოსნური სოკო) დეპრესიის საწინააღმდეგოდ დანიშნავენ.
ბევრისთვის ეს საკამათო გადაწყვეტილებაა, თუმცა ექსპერტების ნაწილი სიახლეს პოზიტიურად ხვდება.
რაც შეეხება ღირებულებას, ავსტრალიური მედიის ცნობით, ერთი კურსი შეიძლება ათობით ათასი დოლარი დაჯდეს.
MDMA — ასევე ცნობილი როგორც საკლუბო ნარკოტიკი — არის სინთეზური ნივთიერება, რომელიც მოქმედებს როგორც ჰალუცინოგენი. ის მომხმარებელში ენერგიის მატებას, სენსორულ აღქმების ზრდასა და დროის შეგრძნებას ცვლის.
თავის მხრივ, ფსიქოდელიურ სოკოებს, რომლებიც ბუნებრივ გარემოში იზრდება, ასევე აქვთ ჰალუცინოგენური ეფექტი აქტიური ნაერთის ფსილოციბინის ხარჯზე.
ავსტრალია პირველი ქვეყანაა, რომელმაც ფსიქოდელიური ნივთიერებების სამკურნალოდ გამოყენება დაამტკიცა. თუმცა, შესაძლოა, მას სხვა ქვეყნებიც მიყვნენ. კლინიკური კვლევები აქტიურად მიმდინარეობს აშშ-ში, კანადასა და ისრაელში.
"ფსიქოდელიური საშუალებების გამოყენება მკაცრი მონიტორინგის ქვეშ იქნება", — თქვა მაიკ მასკერმა, ფსიქიკური ჯანმრთელობის მკვლევარმა.
მასკერმა AFP-ს განუცხადა, რომ MDMA-ის შემთხვევაში, პაციენტს მკურნალობა სამჯერ ჩაუტარდება. მთლიანობაში ეს 5-დან 8 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
ავსტრალიის მარეგულირებლებმა ხსენებული ფსიქოდელიური ნივთიერებები "შედარებით უსაფრთხოდ" დააკვალიფიცირეს — როდესაც მათი გამოყენება სამედიცინო კონტროლირებად გარემოში ხდება. სხვა შემთხვევაში MDMA და ფსილოციბინი ავსტრალიაში კვლავ უკანონოა.
კომენტარები