ინდოეთის ოკეანის სიღრმეში გრავიტაციული ხვრელია — როგორ წარმოიქმნა
შესაძლოა, ბევრმა თქვენგანმა არ იცოდეს, რომ ინდოეთის ოკეანეში 2.5 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართობის მქონე ე.წ. გრავიტაციული ხვრელია. ის დედამიწის ქერქში გაჩენილი ჩაღრმავებული რეგიონის მიმდებარედ შეინიშნება, სადაც პირდაპირი მნიშვნელობით ხვრელს არ ვხვდებით, არამედ ეს ტერმინი ჩვეულებრივზე სუსტი გრავიტაციული ეფექტის აღსანიშნად გამოიყენება.
ეს ნიშნავს, რომ ამ რეგიონში მიზიდულობის ძალა იმაზე მცირეა, ვიდრე სხვაგან, რისი მიზეზის დადგენასაც მეცნიერები დიდი ხანია, ცდილობენ. ახალი კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა პოტენციურ ახსნას მიაგნეს.
ჩვენი პლანეტა იდეალური სფეროს ფორმის არაა, არამედ მისი პოლუსები უფრო ბრტყელია, ეკვატორის გასწვრივ კი ამობურცულობებია. ეს, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს გრავიტაციაზეც, რომელიც ყველგან თანაბარი არაა, რადგან მასაზეა დამოკიდებული. ამ მონაცემების მიხედვით მკვლევრებმა დედამიწის ერთგვარი მოდელი, იგივე გეოიდიც კი შექმნეს, რომელზეც მიზიდულობის ძალის ცვლილება ვიზუალურად ჩანს.
ახალი ნაშრომის ავტორებმა დაადგინეს, რომ ინდოეთის ოკეანის ზემოხსენებულ რეგიონში გარემომცველი ოკეანის დონე იმაზე 100 მეტრით დაბალია, ვიდრე სხვაგან. იმის გასაგებად, თუ როგორ იცვლებოდა ეს ადგილი ბოლო 140 მილიონი წლის განმავლობაში, მათ სიმულაციები შექმნეს და გრავიტაციული ხვრელი აფრიკის ქვეშ არსებულ უზარმაზარ მასასთან დააკავშირეს.
მეცნიერთა აზრით, ეს ამობურცულობა 2 სუპერკონტინენტის შუაში განლაგებული უძველესი ოკეანის ფსკერის ნარჩენისგან 200 მილიონზე მეტი წლის წინ ჩამოყალიბდა. 120 მილიონი წლის წინ ინდოეთის ოკეანე წარმოიქმნა, ხოლო 20 მილიონი წლის წინ გრავიტაციული ხვრელი უნდა ფორმირებულიყო.
ამას ხელი შეუწყო დაბალი სიმკვრივის მქონე ცხელი მაგმის ნაკადებმა, რომლებიც მაშინ ამოიფრქვა, როცა უძველესი ოკეანე პლანეტის მანტიაში "ჩაიძირა". არაა გამორიცხული, რომ სხვა ფაქტორებიც არსებობდეს, თუმცა ჯერჯერობით მათ შესახებ არაფერი ვიცით.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Geophysical Research Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები