მეცხრე პლანეტა? — შესაძლოა, მზის სისტემაში ყინულის გიგანტი იმალებოდეს
მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ ჩვენს მზის სისტემაში კიდევ ერთი პლანეტის არსებობის შანსები 7%-ია. ამის შესახებ arXiv-ზე გამოქვეყნებული კვლევისგან გავიგეთ.
მკვლევრების ვარაუდით, ეს იდუმალი პლანეტა ოორტის შორეულ ღრუბელშია. საუბარია სფერულ რეგიონზე, რომელიც სავსეა ყინულოვანი ფრაგმენტებითა და კომეტებით. ოორტი ტრილიონობით კილომეტრითაა დაშორებული.
ოორტის ღრუბელი შედგება მრავალი მცირე ზომის ციური სხეულისგან და გარს აკრავს მთლიან მზის სისტემას.
სად შეიძლება იმალებოდეს ყინულის გიგანტი?
1906 წელს პერსივალ ლოუელის იდეების შთაგონებით, სამეცნიერო საზოგადოების ნაწილი იმ იდეის ერთგული რჩება, რის მიხედვითაც, ჩვენს მზის სისტემაში კიდევ ერთი პლანეტა იმალება. მას მეტსახელად "პლანეტა X"-იც უწოდეს. თუ ის არსებობს, სავარაუდოდ, პლანეტა ნეპტუნის მიღმა უნდა იყოს.
ახალ კვლევაში, საერთაშორისო ჯგუფმა მოახდინა ადრეული მზის სისტემის არასტაბილური მექანიკის სიმულაცია. მათი თქმით, ყინულოვანი გიგანტი სავარაუდოდ ბევრად უფრო შორსაა, ვიდრე ეს ლოუელს წარმოედგინა.
კვლევის თანახმად, გიგანტური პლანეტები, როგორიცაა იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი, ერთმანეთთან არიან დაკავშირებული. მათი ძლიერი გრავიტაცია კი ახალგაზრდა მზის სისტემის დესტაბილიზაციას იწვევდა.
"გადარჩენილ პლანეტებსა და მათ ორბიტებს ეტყობათ, რომ თავის საწყის წლებში მზის სისტემა ბევრად უფრო ქაოტური იყო. შესაბამისად, ხშირად პლანეტები ორბიტებიდან უხვევდნენ და ერთმანეთს ეჯახებოდნენ კიდევაც", — თქვა კვლევის ავტორმა, შონ რეიმონდმა.
რაიმონდის აზრით, ოორტის ღრუბელში მყოფი პლანეტის ორბიტა ძალიან დიდი იქნება. ეს შეიძლება კომეტის ელიფსაც წააგავდეს. პლანეტა, თუ ის არსებობს, ჩვენგან ძალიან შორს არის და კოსმოსურ "ბურუსშია" გახვეული. ამიტომ, მისი აღმოჩენა რთული იქნება.
ყინულის გიგანტი პლანეტა X-ია?
საინტერესოა, რომ რეიმონდის თქმით, ოორტის ღრუბელში მყოფი პლანეტა ის ვერ იქნება, რასაც ლოუელი ეძებდა.
"ოორტის ღრუბლის პლანეტები ბევრად შორსაა — მინიმუმ 10-ჯერ უფრო შორსაა, ვიდრე ლოუელის წარმოდგენილი ციური სხეული", — თქვა რეიმონდმა.
როგორც ვხედავთ, რეიმონდმა ახსენა "პლანეტები" და არა პლანეტა. მკვლევრები იმასაც არ გამორიცხავენ, რომ ოორტის ღრუბელში რამდენიმე პლანეტა იყოს.
კვლევის ნახვა შეგიძლიათ აქ.
კომენტარები