შესაძლოა, სამყაროს გაფართოება უბრალოდ ილუზია იყოს? — სადავო კვლევა
ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, სამყაროს გაფართოება ილუზია იყოს. იგი მეტ-ნაკლებად სადავო მათემატიკურ მოდელს ეყრდნობა, რომელმაც ბნელი მატერიის ბუნებაზე შეიძლება მოგვცეს რაიმე ინფორმაცია. ნაშრომი ჟურნალში Classical and Quantum Gravity გამოქვეყნდა.
"გამაოცა იმის აღმოჩენამ, რომ კოსმოსის ამ ახლებური პერსპექტივით კოსმოლოგიური მუდმივას პრობლემა უბრალოდ ქრება", — აცხადებს ლუკას ლომბრაიზერი, ჟენევის უნივერსიტეტის თეორეტიკოს-ფიზიკოსი.
ძველი ჰიპოთეზის თანახმად, წითელი წანაცვლება სამყაროს გაფართოების ინდიკატორია. იგი მოვლენაა, რომლის დროსაც სინათლის ტალღის სიგრძეები ფერის სპექტრის წითელი ნაწილისაკენ იწელება, როდესაც ობიექტი დამკვირვებელს შორდება.
სამყაროს გაფართოების ინდიკატორად ეს ფენომენი იმიტომ მიიჩნიეს, რომ ჩვენგან დაშორებული გალაქტიკების შემთხვევაში წითელი წანაცვლება უფრო მასშტაბურადაა გამოხატული, ვიდრე — ახლოს მდებარეებთან.
ამას გარდა, ბოლო ხანებში ასტროფიზიკოსებმა ისიც ივარაუდეს, რომ სამყაროს გაფართოება ჩქარდება. ამ პროცესს კოსმოლოგიურ კონსტანტას, ლამბდას, უწოდებენ.
ტერმინი პირველად ალბერტ აინშტაინმა აღწერა 100 წლის წინ. იგი მეტ-ნაკლებად პრობლემური კონცეფციაა, ვინაიდან დაკვირვებები ასტროფიზიკოსთა პროგნოზებს არ ემთხვევა და ამ შეუსაბამობის ასახსნელად ახალი ნაწილაკებისა თუ ძალების შემოღება ხდება საჭირო.
მეორე მხრივ, ლომბრაიზერი მიიჩნევს, რომ აინშტაინი თავიდან მართალი იყო, სანამ კოსმოლოგიურ მუდმივას შექმნიდა და ამტკიცებდა, რომ სამყარო უძრავია. ასტროფიზიკოსის აზრით, მასას ნაწილაკები იცვლის და წითელ წანაცვლებაში ცვლილებასაც ეს განაპირობებს — ანუ არა მაინცდამაინც სამყაროს გაფართოება.
რაც შეეხება ბნელ მატერიას, ლომბრაიზერის კვლევის თანახმად, შესაძლოა, ეს უჩვეულო მატერია აქსიონის ველის მსგავსად მუშაობდეს. აქსიონი ჰიპოთეზური ნაწილაკია, რომელიც ბნელი მატერიის რაობის ასახსნელად ერთ-ერთი წამყვანი კანდიდატია.
ლომბრაიზერის განცხადებით, ამ ველში არსებული ცვლილებები იმაზეც შეიძლება მიუთითებდეს, რომ ბნელი მატერიის — ძალის, რომელიც გალაქტიკებს ერთმანეთს აჩქარებული ტემპით აშორებს — საჭიროება საერთოდ არ არსებობს.
სამყაროს გაფართოების თეორია უკვე კარგადაა დამკვიდრებული, ამიტომ ახალი მოსაზრება საკმაოდ უჩვეულოდ შეიძლება ჟღერდეს. მიუხედავად ამისა, მას კოსმოლოგიური მუდმივას პრობლემის ახსნა შეუძლია, ამიტომ განხილვად მაინც ღირს.
კომენტარები