ახალი ერა ასტრონომიაში — ESA-ს კოსმოსური ხომალდი ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიის შესასწავლად მზად არის
ივლისში 1,2-მილიარდი დოლარის ღირებულების კოსმოსური ხომალდი ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიის შესწავლას დაიწყებს
ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების კოსმოსური ხომალდი "ბნელი" სამყაროს შესასწავლად მზადაა. ევკლიდეს (Euclid) მომავალ თვეში SpaceX-ის Falcon 9 კოსმოსში გაიყვანს.
კოსმოსური ხომალდი "უხილავი სამყაროს" საიდუმლოებების გამოსავლენად შეიქმნა. წარმატების შემთხვევაში, ეს ყველაფერს შეცვლის. ამის შესახებ BBC-ს პროფესორმა ადამ ამარამ უთხრა.
ასევე: ის აქ არის, მაგრამ ვერ ვხედავთ — ბნელი მატერია სამყაროსა და მზის სისტემაში
ევკლიდე უხილავის დასანახად
პროფესორი ამარა პორტსმუთის უნივერსიტეტის კოსმოლოგიისა და გრავიტაციის ინსტიტუტის დირექტორად მუშაობს.
ახლა ის ფლორიდაში გასაფრენად ემზადება, საიდანაც კოსმოსურ ხომალდს (Euclid) Falcon 9-ით გაუშვებენ.
კოსმოსური ხომალდი ფოტოებს ლაგრანჟის წერტილიდან გადაიღებს. მიზანია, დავაკვირდეთ, როგორც კოსმოსის შორეულ წარსულს, ისე დღეს არსებულ სამყაროს. ამით სამყაროს ევოლუციას ნათელი უნდა მოვფინოთ.
ევკლიდე ასტრონომებს საშუალებას მისცემს უკეთ გაიგონ ბნელი ენერგიისა და ბნელი მატერიის როლი. საბოლოო მიზანი შემდეგია: დავადგინოთ თუ რა არის სინამდვილეში იდუმალი "ბნელი" ძალები.
შემდეგი პოდკასტი: ბნელი მატერია და ბნელი ენერგია — სამყაროს უხილავი ნაწილი
ბნელ ენერგიასა და ბნელ მატერიას სამყაროს 95% უკავიათ. აქედან 27% ბნელ მატერიაზე მოდის, ხოლო 68% ბნელ ენერგიაზე. დიახ, მთელი ხილული სამყარო მხოლოდ 5-პროცენტია. და მაინც, ჩვენ ბოლომდე არ გვესმის, რისგან შედგება ეს ძალები — ისინი მხოლოდ ირიბად დაფიქსირდა გრავიტაციული ეფექტის საშუალებით.
"ევკლიდს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის შესაძლებლობები აქვს. ამასთან, მას კოსმოსის დიდ ნაწილზე ერთდროულად დაკვირვება შეუძლია. ეს მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რაც საბოლოოდ კოსმოსის წარმოუდგენლად დეტალურ რუკას მოგვცემს", — თქვა სტივენ უილკინსმა, სასექსის უნივერსიტეტიდან.
ასეთი სიზუსტე გადამწყვეტი იქნება ბნელი მატერიის საიდუმლოებების გამოსავლენად, რომლის პირდაპირ დანახვაც შეუძლებელია. ბნელი მატერია, სავარაუდოდ, შედგება ნაწილაკებისგან, რომლებიც არ ასხივებენ, არ ირეკლავენ და არ შთანთქავენ სინათლეს. ამ პრობლემის გადასაჭრელად ევკლიდე გამოიყენებს ფენომენს, რომელიც ცნობილია როგორც გრავიტაციული ლინზირება.
ევკლიდე მილიონობით გალაქტიკას გადაიღებს. ასტრონომებს მიაჩნიათ, რომ შორეული ციური სხეულებიდან მომავალი სინათლე ბნელ მატერიაშიც გაივლის და ამ ურთიერთქმედების დაფიქსირება შესაძლებელი იქნება.
"როდესაც გრავიტაციით სინათლის გადახრა ხდება და არა გარდატეხა, საქმე გვაქვს გრავიტაციულ ლინზირებასთან. ამან ბნელი მატერიის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა მოგვცეს", — ამბობენ ასტრონომები.
კოსმოსურ ხომალდს ძველი ბერძენი მათემატიკოსის სახელი დაარქვეს. ევკლიდე გეომეტრიის მამად ითვლება.
თუ მისია წარმატებული იქნება, ამან შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს ჩვენი აღქმა სამყაროს შესახებ.
კომენტარები