შეიძლება, დედამიწა შავ ხვრელში იყოს?
მხოლოდ ირმის ნახტომის გალაქტიკაში მილიარდობით ვარსკვლავია, რომლებიც მზის სისტემიდან და დედამიწიდან პაწაწინა მანათობელი წერტილების სახით მოჩანს. მაგრამ უფრო შორს გახედვა რომ შეგვეძლოს, იქნებ, დავინახოთ ისეთი რამ, რაც მიგვანიშნებს, რომ უფრო გასაოცარი რამის ნაწილი ვართ, როგორიც, მაგალითად, უზარმაზარი შავი ხვრელია?
ესაა ობიექტები, რომელთა გრავიტაციაც ისეთი მძლავრია, რომ დრო-სივრცეს ამრუდებს და იქიდან თავის დაღწევა სინათლის სხივსაც კი არ შეუძლია. ერთ-ერთ მათგანს დედამიწა რომ შთაენთქა, ეს ძალიან დიდი ხნის წინ მოხდებოდა და მიზიდულობის ძალის ზემოქმედება კატასტროფული იქნებოდა. მასთან მიახლოებისას ჩვენი პლანეტა დანაწევრდებოდა და გაიწელებოდა, რასაც სპაგეტიფიკაციის პროცესი ეწოდება, რომელსაც ის ვერ გადაურჩებოდა. ეს რომც მოეხერხებინა, მოხვდებოდა უსასრულო სიმკვრივეში, სინგულარობაში, რომელშიც წნევა და ტემპერატურა გაანადგურებდა.
მეორე მხრივ, შესაძლოა, დედამიწა თავად შავ ხვრელში წარმოქმნილიყო.
ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, დიდი აფეთქება სწორედ შავი ხვრელის სინგულარობაში მოხდა, თანაც უფრო დიდ "მშობელ" სამყაროში, რომელშიც შედარებით მცირე ზომის კოსმოსი გაჩნდა. ამას შვარცშილდის კოსმოლოგია ეწოდება და მის თანახმად, ჩვენი სამყარო შავ ხვრელში ფართოვდება, ანუ ესაა სამყარო სამყაროში.
რა თქმა უნდა, აღნიშნული თეორია, სავარაუდოდ, ვერასდროს დადასტურდება, მაგრამ ამ სცენარით დედამიწა შავ ხვრელში რომ მდებარეობდეს, ეს უკანასკნელი ძალიან, ძალიან დიდი უნდა იყოს. კერძოდ, არც პლანეტის და არც მზის სისტემის ზომის, რადგან მსგავს შემთხვევაში მეცნიერები რაღაცას მაინც შეინიშნავდნენ. მაგალითად, დააფიქსირებდნენ შავი ხვრელის ბრუნვის კვალს ან ძლიერი გრავიტაციის გამო შენელებულ დროსა და გაწელილ მატერიას.
შესაბამისად, თუკი დედამიწა მართლაც შავ ხვრელშია, ის იმდენად გიგანტური იქნება, რომ მის გრავიტაციულ ეფექტებს ფიზიკურად ვერ შევნიშნავთ და ვერც "მშობელი" სამყაროს არსებობის კვალს მივაგნებთ.
კომენტარები