როგორი იქნებოდა დედამიწა, უეცრად კაცობრიობა რომ გამქრალიყო?
ოდესმე გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა დედამიწა, უეცრად კაცობრიობა რომ გამქრალიყო? რა დაემართებოდა ჩვენს ნივთებს, სახლებს, სამეზობლოებსა და ქალაქებს?
მიუხედავად იმისა, რომ ეს თემატიკა სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროსთვის საკმაოდ ნაცნობია, ამ საკითხზე რეალურად დაფიქრება, კარგი ფანტაზიის უნართან ერთად, მყარ ცოდნას მოითხოვს.
თუკი კაცობრიობა მართლაც გაქრებოდა დედამიწიდან და ერთი წლის შემდეგ ვინმე აქაურობას ეწვეოდა, იხილავდა მსოფლიოს, რომელიც ბევრად უფრო ჩუმი იქნებოდა, ვიდრე ახლაა. ადამიანი ბევრად უფრო ხმაურიანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ცხოველი დედამიწაზე.
ადამიანების გაქრობა ამინდსაც შეეტყობოდა; ცა უფრო ლურჯი იქნებოდა, ჰაერი კი — უფრო სუფთა, რადგან მთელი კვამლი და მტვერი, რომელიც ადამიანების საქმიანობის შედეგად წარმოიშვა, უბრალოდ, გაუჩინარდებოდა.
ერთი წლის შემდეგ პლანეტაზე დაბრუნებული საკუთარი სახლის მონახულებას თუ გადაწყვეტდით, აღმოაჩენდით, რომ არ გაქვთ წყალმომარაგება და ელექტრობა. სახლის შიგნით კი ყველაფერი მტვრითაა დაფარული. რეალურად, ჰაერში მუდმივად არის მტვერი, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვამჩნევთ, რადგან კონდიცირების სისტემები და გამათბობლები ჰაერს მუდმივად აბრუნებს. მაგრამ როგორც კი ეს მოწყობილობები ფუნქციონირებას შეწყვეტს, სახლში ჰაერის ცირკულაცია ვეღარ მოხერხდება და მტვერი დაისადგურებს.
ცხადია, თქვენს ეზოში ამოსული ბალახიც გაიზრდებოდა და, ამასთან ერთად, უამრავი მცენარე, რომლის არსებობაზეც, შესაძლოა, არც კი გსმენიათ, თქვენს ეზოში დაიდებდა ბინას.
მცენარეების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ასევე შენიშნავდით მრავალი ტიპის მწერისა თუ ფეხსახსრიანის მომრავლებასაც.
ქუჩებში აბეზარი მეზობლების ნაცვლად შეგხვდებოდათ თაგვები, ენოტები, სკუნსები, მელიები და თახვებიც კი. ერთი წლის შემდეგ, ამ ქუჩებზე, სავარაუდოდ, უფრო დიდი ცხოველებიც ინავარდებდნენ.
ცუდი ამბავი ისაა, რომ გახშირდებოდა ხანძრებიც, რომლებსაც ვერავინ ჩააქრობდა.
ერთი წლის შემდეგ ბეტონის ნაგებობები, თითქმის, იგივე მდგომარეობაში იქნებოდა. ათწლეულის შემდეგ კი მათ ბზარებში მცენარეების დანახვას შეძლებდით. ამის მიზეზი იქნებოდა დედამიწის მუდმივი მოძრაობა, რომლითაც ჩნდება წნევა, ამ უკანასკნელის მეშვეობით კი წარმოიქმნება ბზარები.
ხიდები მეტალის საყრდენებით ნელ-ნელა დაიჟანგებოდა, თუმცა ბეტონის გრანდიოზული ნაგებობები საუკუნეების სვლას გაუძლებდა.
კაშხლები წყლისგან დაიცლებოდა, ხოლო მცენარეები, რომლებსაც ახლა საკვებად ვიყენებთ, მაგალითად, კარტოფილი და პომიდორი — დროთა განმავლობაში გაქრებოდა.
ფერმის ცხოველები ადვილი სამიზნეები იქნებოდნენ გარეული მტაცებლებისთვის. რაც შეეხება შინაურ ცხოველებს, ძაღლების უმეტესობა ვერ გადარჩებოდა, ხოლო კატები თავად გახდებოდნენ გარეული ცხოველები.
ათასი წლის შემდეგ კი, კვალი მსოფლიოსი, რომელსაც ახლა ვიცნობთ, პლანეტიდან წაიშლებოდა, თუმცა — არა ბოლომდე. გარკვეული ნაგებობები გამქრალი ცივილიზაციის მონუმენტებად დარჩებოდა. მაგალითად, რომის იმპერია 1500 წელზე მეტი ხნის წინ დაიშალა, თუმცა მისი ნაშთები დღემდე არსებობს.
ასევე იხილეთ: როგორ გაუძლო რომაულმა არქიტექტურამ ათასწლეულებს? თვითაღმდგენი ბეტონის საიდუმლო ამოხსნილია — კვლევა
ამ სცენარში ყველაზე საინტერესო კი, ალბათ, ის არის, რომ იგი სრული სიცხადით გამოავლენდა კაცობრიობის ეფექტს დედამიწაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბევრად უფრო მარტივი გახდებოდა იმის დანახვა, თუ როგორ ვეპყრობოდით პლანეტას ჩვენი არსებობის განმავლობაში.
კომენტარები