New York Times: ექიმები პაციენტებთან კომუნიკაციისთვის ChatGPT-ის იყენებენ
ეს დროც დადგა!
ექიმები OpenAI-ის ჩეთბოტ ChatGPT-ის პაციენტებთან კომუნიკაციისთვის იყენებენ. ზოგ შემთხვევაში, მათ ეს ცუდი ამბების სათქმელად სჭირდებათ. ინფორმაცის New York Times ავრცელებს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ამას ემპათიის გამოსავლენად აკეთებენ. დიახ, უცნაურია, მაგრამ ასეა. ადამიანი ემპათიის გამოსავლენად აპათიურ ინტელექტს იყენებს.
სტატიის თანახმად, ექიმებს ეს პაციენტისთვის უარყოფითი სიახლის გაზიარებას უადვილებს.
"როგორც პაციენტი, მე პირადად ცოტა უცნაურად ვიგრძნობდი თავს", — განუცხადა NYT-ს პიტერ ლიმ, Microsoft-ის წარმომადგენელმა.
ChatGPT-ის გამოყენების ერთ-ერთი უპირატესობა, ზოგიერთი ექსპერტის მტკიცებით, არის ის, რომ მას საკითხის მარტივად ახსნა შეუძლია — ყველანაირი რთული სიტყვების გარეშე.
"ექიმები ხშირად რთული სიტყვებით საუბრობენ. არის შემთხვევები, როდესაც ექიმი პაციენტისთვის გაუგებარ სიტყვებს იყენებს და ეს ისე, რომ თავადაც ვერ ხვდება. ამ მხრივ, ChatGPT იდეალური გამოსავალია", — განუცხადა NYT-ს კრისტოფერ მორიატესმა.
მორიატესი იმ პროექტზე მუშაობდა, რომელიც ChatGPT-ით პაციენტების ინფორმირებას მოიცავს.
თუმცა, არიან ექსპერტები, რომლებსაც ეს არ მოსწონთ. მათ მიაჩნიათ, რომ ასეთი სენსიტიური საკითხის ჩეთბოტისთვის ჩაბარებამ შეიძლება გართულებები გამოიწვიოს.
მიუხედავად ამისა, კონკრეტულ საკითხზე ჩამოყალიბებული აზრის ქონა რთულია. ჩვენი სამყარო თითქმის ყოველ დღიურად იცვლება და თუ როგორი იქნება მომავალი, ამას დრო გვიჩვენებს.
ერთი რამ ფაქტია, ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მოთხოვნადი ხდება და ის დღეს უკვე თითქმის ყველა სფეროს ფარავს.
კომენტარები