აღმოაჩინეს ვარსკვლავი, რომელიც "კოსმოსურ ალმასად" გარდაიქმნება
ასტრონომებმა ჩვენგან მხოლოდ 104 სინათლის წლის მანძილზე აღმოაჩინეს თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი, რომელიც მეტწილად ნახშირბადისა და მეტალური ჟანგბადისგან შედგება. ამ ობიექტის მასა და ტემპერატურა მიუთითებს, რომ მისი ცენტრი ნელ-ნელა კრისტალიზდება და მკვრივდება, ანუ ერთგვარ "კოსმოსურ ალმასად" გარდაიქმნება.
ის 4-ვარსკვლავიანი სისტემის ნაწილია და HD 190412 C-ის სახელითაა ცნობილი. ესაა თეთრი ჯუჯა, მნათობი, რომელმაც ბირთვული რეაქციისთვის საჭირო ელემენტები ამოწურა, გარეთა ფენა დაკარგა და კოლაფსი განიცადა. მათი ნათება სუსტია, დროთა განმავლობაში კი თითოეული ასეთი ობიექტი ცივდება და შავ ჯუჯად (კრისტალიზებული ნახშირბადის გროვად) იქცევა, რასაც კვადრილიონ წელს ანდომებს. შესაბამისად, ამის რეალური მაგალითი ჯერ არ გვინახავს.
სამაგიეროდ, ჩვენ წინაშეა HD 190412 C. მასში დაწყებულია კრისტალიზაციის პროცესი, რომელსაც სითბო ახასიათებს, რაც თეთრი ჯუჯის გაციებას 1 მილიარდ წლამდე პერიოდით აყოვნებს. ეს მეცნიერებმა Gaia-ს ტელესკოპის მონაცემების ანალიზის შედეგად დაადგინეს.
მათი გამოთვლებით, ზემოხსენებული ვარსკვლავური სისტემის ასაკი 7.3 მილიარდი წელია, HD 190412 C კი 3.1 მილიარდი წლისაა. რაც შეეხება მასში წარმოქმნილ კრისტალებს, ჯერჯერობით უცნობია, ეს ალმასია თუ არა. თეთრი ჯუჯების სიმკვრივე თითო კუბურ მეტრზე 1 მილიონი კილოგრამია, როცა ალმასის იგივე მაჩვენებელი 3 500 კილოგრამია. ამის მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ ნახშირბადის უფრო მკვრივი ალოტროპიული სახესხვაობებიც არსებობს.
ავტორები ვარაუდობენ, რომ ამგვარი ვარსკვლავები სამყაროში მრავლად უნდა იყოს. მათი ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი და მალე გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდება.
კომენტარები