რომელმა ცივილიზაციამ გაძლო ყველაზე დიდხანს — რას ამბობს ისტორია
ძველი ეგვიპტე, ჩინეთი და მესოპოტამია ხშირად მოიხსენიება, როგორც უძველესი ცივილიზაციები, რომლებმაც დიდხანს გაძლეს. თუმცა, ჩნდება შეკითხვა, მათგან რომელმა გაძლო ყველაზე დიდხანს?
რეალურად, ამაზე პასუხის გაცემა მარტივი არ არის. რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი, თანამედროვე ისტორიკოსები და არქეოლოგები ვერ თანხმდებიან ცივილიზაციის ერთ განმარტებაზე, მათ შორის როდის იწყება და როდის მთავრდება ის.
მეორე, ყოველ დიდ ცივილიზაციას ჰქონდა პერიოდები, როდესაც მათ მართავდნენ "უცხოები" — მაგალითად, ეგვიპტეში ჰიქსოსები — რაც ართულებს კონკრეტულის უწყვეტ ცივილიზაციად აღქმას.
და მაინც, მოდით განვიხილოთ:
ძველი ჩინეთი
სტანდარტების მიხედვით — დამწერლობის გამოყენება, ქალაქების დაარსება, ან უწყვეტი ტრადიციები — ჩინური ცივილიზაცია შეიძლება იყოს ყველაზე გრძელვადიანი. თუმცა, როგორ უნდა გაიზომოს ის, სადავოა.
"ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღვიქვავთ ცივილიზაციას და რა სახით განვსაზღვრავთ ჩინურს. მე ვფიქრობ, არსებობს უამრავი გზა, რითაც ამ ყველაფრის აღქმა შეგვიძლია", — ამბობს ფლადი, ჩინური საზოგადოების შემსწავლელი ექსპერტი.
მან ხაზი გაუსვა ჩინურ დამწერლობას; იგივე სიმბოლოების ფორმები გამოიყენება დღეს და 3200 წლის Oracle Bones-ზე, ჩინეთში დამწერლობის ყველაზე ადრეულ ნიმუშებზე.
თანამედროვე და ძველი ჩინეთი — ადრინდელ არქეოლოგიაზე დაყრდნობით, ჩინური ცივილიზაცია 5000 წელზე მეტისაა. თუმცა, ზოგიერთი ისტორიკოსი ჩინეთის აწმყოს ზედმეტად განსხვავებულად თვლის მისი წარსულისგან იმისთვის, რომ იგი ერთ უწყვეტ ცივილიზაციად აღვიქვათ.
შნაიდერმა, ჩინეთის ისტორიის ექსპერტმა, აღნიშნა, რომ პროჩინელი პოლიტიკოსები და ისტორიკოსები ხანდახან აცხადებენ, რომ ჩინეთის ცივილიზაცია ყველაზე ძველია მსოფლიოში. თუმცა, "რა იყო ჩინური? — აი ამის ზუსტად განსაზღვრაა პრობლემა." რეგიონი მოიცავდა უზარმაზარ ტერიტორიას და სხვადასხვა ეთნიკურობას.
ეგვიპტე და მესოპოტამია
ჩინეთის გვერდით, ძველი ეგვიპტე და მესოპოტამია ითვლება იმ ცივილიზაციებად, რომლებმაც ყველაზე დიდხანს გასტანეს. თუმცა, აქაც შეფასებების მხრივ გვაქვს პრობლემა.
ერთი შეხედვით, ეგვიპტური ცივილიზაცია იწყება ფარაონებიდან და იეროგლიფური დამწერლობიდან, სანამ მისი მშობლიური რელიგია ქრისტიანობამ ჩაანაცვლა. ამ განსაზღვრებით, ძველმა ეგვიპტურმა ცივილიზაციამ გაძლო დაახლოებით 3500 წელი.
თუმცა, ეგვიპტეს ზოგჯერ უცხოური დინასტიები მართავდნენ. მეტიც, იეროგლიფებს და ეგვიპტურ რელიგიასაც გარკვეულ დროს სხვადასხვა ფორმა ჰქონდა.
მესოპოტამიაში, შუმერული დამწერლობა ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 3200 წელს გაჩნდა.
"მესოპოტამიის ღმერთების თაყვანისცემა, ალბათ, გაგრძელდა ჩვენი წელთაღრიცხვით III საუკუნემდე", — განუცხადა Live Science-ს ფილადელფიის პენის მუზეუმის ბაბილონის განყოფილების ასოცირებულმა კურატორმა და კოლექციების მცველმა ფილიპ ჯონსმა.
ამ გათვლებით, ხანგრძლივობით მესოპოტამია ეგვიპტის ცივილიზაციის ტოლია.
"რას ვგულისხმობთ "ცივილიზაციაში", ეს ხშირად საკამათოა. გარკვეული გაგებით, უძველესი ცივლიზაციები შეიძლება ერთმანეთთან დავაკავშიროთ. ასეთ შემთხვევაში ზღვარის გავლება კიდევ უფრო რთული იქნება. ეს ის საკითხია, რაზეც ისტორია გადაჭრით პასუხს ვერ იტყვის. ფაქტია, გვყავს სამი კანდიდატი, ის თუ რომელმა გაძლო ყველაზე უფრო დიდხანს, დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ შევხედავთ საკითხს", — ამბობს ჯონსი.
კომენტარები